მიხეილ სააკაშვილი: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ 2 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში იქნება. მან ბილეთის ფოტო ვიდეოს კომენტარებში ატვირთა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის თბილისში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად მოფრინავს.
სააკაშვილის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებით ქვეყნის ბედი წყდება და ის ამ პროცესს გვერდიდან ვერ შეხედავს:
„ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა, დავაფიქსიროთ პოზიცია. მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურება, უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენი მოპოვებული გამარჯვება.
საქართველოს ბედი წყდება, გადარჩენა-არგადარჩენის ბედი წყდება, მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით. ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში”, – აცხადებს სააკაშვილი.
● კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
● ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა – მას გირაო ევროკავშირმა გადაუხადა. პირველი კომენტარები
● მიხეილ სააკაშვილი: მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს, ენმ-მ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საქართველო მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა განცხადება.
“გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია, რომ მას დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წლის 7 მაისს დანიშნა.
ბოლო განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოში ბრუნდება, მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 27 აგვისტოს გაავრცელა.
სააკაშვილზე საქართველოს ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პატიმრობაში მყოფ და ნასამართლევ ადამიანს საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს არის დანიშნული.