ალან ბერსე: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში განიხილონ
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ასპექტები შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს. ბერსემ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესება შემაშფოთებლად შეაფასა და ხელისუფლებას პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდა.
განცხადება ბერსემ 27 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სხდომაზე გააკეთა. მან საქართველოს პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ შეაფასა, რაც ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და დერბის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა, ნადინ პიტფილდმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით დაწყებულ საქმეზე ჰკითხა.
ბერსეს თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესება, შემზღუდავი კანონმდებლობა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ოპოზიციაზე ზეწოლა მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს.
„ეს ყველაფერი ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს, ისევე როგორც ქვეყნის ვალდებულებებს, რომლებიც მას ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ეკისრება“, — განაცხადა მან.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ბერსეს განცხადებით, ის თავს შეიკავებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო დავის შედეგის წინასწარი შეფასებისგან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკითხის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ასპექტები მომავალში სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დადგეს.
„ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხების მნიშვნელოვანი ელემენტები შესაძლოა ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდეს“, – განაცხადა ბერსემ.
მისი თქმით, განცხადების მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ არის. ამასთან, მან მმართველ უმრავლესობას პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდა.
ბერსემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ სამართლებრივ მოთხოვნებზე, რომლებიც პოლიტიკური პარტიის დაშლას უკავშირდება. მისი განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება მყარ სამართლებრივ დასაბუთებას უნდა ეყრდნობოდეს და აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრ დაცვას მოითხოვს.

გენერალური მდივნის თქმით, ის მუდამ ცდილობდა, აქტიურად ჩართულიყო საქართველოში ევროსაბჭოს გუნდის საქმიანობაში იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ევსაბჭოს მისია აქვს და პარალელურად, მჭიდრო კონტაქტი ჰქონოდა ხელისუფლებასთან.
„სექტემბერში, ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბრისას, განვიხილე საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა და ხაზი გავუსვი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების პატივისცემის მნიშვნელობას. ასევე მინდა აღვნიშნო ვენეციის კომისია, რომელმაც ახლახან გასცა რეკომენდაციები შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, დიალოგი ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიდიოდეს. ამჟამად ვითარება საკმაოდ რთულია. ევროპის საბჭოს წევრობა არ ნიშნავს მხოლოდ ქვეყნების გარკვეულ კლუბში გაწევრიანებას. ეს გულისხმობს მაღალი დონის ვალდებულებების აღებას, რომლებიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ასევე – სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას“, – განაცხადა ალან ბერსემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს, რადგან საქართველო ევროსაბჭოს 46 წევრ ქვეყანას შორის ერთ-ერთია.
ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან პრემიერ ირაკლი კობახიძის მორიგი შეხვედრა 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის კულუარებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
წინაისტორია
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს “ქართული ოცნების” 88 დეპუტატი აწერს ხელს. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვენ: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ამ პარტიებმა დაარღვიეს კონსტიტუციის 23-ე მუხლი, რომელიც კრძალავს იმ პარტიების საქმიანობას, რომელთა მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი გზით შეცვლაა. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ამ პარტიებმა უარი თქვეს მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებაზე. სარჩელში მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობების ორგანიზებაშიც ადანაშაულებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასაც ეხება. ამის საფუძვლად პარტიის პასუხისმგებლობა სახელდება 2008 წლის აგვისტოს ომზე რუსეთთან. იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტია იყო. ხუთივე მოპასუხე ყველა ბრალდებას უარყოფს.