უსუფაშვილი: თუ საკონსტიტუციო „ოცნების“ სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთი ამას ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს
უსუფაშვილი პარტიების აკრძალვაზე
„ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეში ყველაზე დიდი რისკი სახელმწიფოს ემუქრება.
მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის არგუმენტებს გაიზიარებს, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი მოთხოვნების გასამყარებლად გამოიყენებს.
- „თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ“: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის მესამე დღე
- პარტიების აკრძალვის საქმე -მეორე დღის ქრონიკა: ვენეციის კომისია, სტრასბურგი და „კაფკას პროცესი“
- საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის პირველი დღე: აცილებები, გაძევება და უარყოფილი შუამდგომლობები
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ.
დავით უსუფაშვილმა, ამ სარჩელის შედეგებზე, ვრცლად ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, სოფო ზურაბიანთან ისაუბრა.
“გამოუსწორებელი ზიანი ქვეყნისთვის”
სარჩელში „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლად არის მიჩნეული 2008 წლის აგვისტოს ომზე, როცა ის ხელისუფლებაში იყო.
უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ განცხადებებში რუსეთს ისედაც აწვდის ნარატივს, რომ 2008 წელს საქართველო პროვოკატორი იყო, ისევე, როგორც რუსეთი ამას უკრაინაზე ამბობს. და, თუ ეს ნარატივი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აისახება, „ეს იქნება უზარმაზარი გამოუსწორებელი ზიანი ქვეყნისთვის“.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი ამის შემდეგ კიდევ უფრო მკაცრად მოითხოვს საზღვრების მოწესრიგებას და ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ გარანტიებს: „თქვენმა საკონსტიტუციომ გადაწყვიტაო, გეტყვის“.
უსუფაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ტალღა აქამდე ევროკავშირის, შეერთებული შტატების, იაპონიისა და სხვა პარტნიორების მყარმა პოზიციამ შეაჩერა. მაგრამ, თუ ახლა საკონსტიტუციო იტყვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მსხვერპლები იყვნენ და მსხვერპლს იცავდა რუსეთი, მაშინ მსოფლიო რა ვითარებაში აღმოჩნდება? რადგან, როგორც წესი, “საერთაშორისო სისტემა არის დაჩაგრულის მხარეს და ცდილობს მოძალადე შეაკავოს, დასაჯოს და ასე შემდეგ”.
დავით უსუფაშვილი ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სარჩელების პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნაზე.
იმავე დღეს, როცა სასამართლომ სარჩელის განხილვა დაიწყო, კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, რუსეთთან სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ეს თანამდებობა 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო. კობახიძის თქმით, დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობაში ახალ ეტაპს არ ნიშნავს.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბაშვილის დანიშვნით “ქართულმა ოცნებამ” ამ პოზიციას ახალი ფუნქცია დააკისრა:
“ეს იყო ძალიან სიმბოლური ამბავი. ერთი მხრივ განცხადებები -რომ დასავლეთის დამქაშები,მათი პატრონები, ამუშავებენ ამ პარტიებს და მოქალაქეებს ქუჩაში და ასე შემდეგ. და მეორე მხრივ, ახლა თქვენთან დავალაგებთ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა“.
მისი თქმით, ზურაბ აბაშიძის პერიოდში საქართველო რუსეთს დასავლეთის მხარდაჭერით ესაუბრებოდა. ახლა ქვეყანა პრაქტიკულად მეგობრების გარეშე დარჩა.
მტკიცებულებების შეგროვება შემდგომი სასამართლო დავებისთვის
ხუთი ასაკრძალი პარტიიდან, ოთხი სხდომებში მონაწილეობს. ერთმა, “ფედერალისტებმა”, პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა. გასულ სამ სხდომაზე, მოსამართლეებმა, ოპოზიციური პარტიების მიერ წდაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.
ამ მოცემულობის მიუხედავად, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია პროცესში უნდა მონაწილეობდეს და მთავარი, რასაც აკეთებდეს, აგროვებდეს მტკიცებულებებს.
ის ამბობს, რომ ეს საჭიროა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე დავისთვის, ასევე, ქვეყნის შიგნით სასამართლო პროცესებისთვის, რომლის დრო აუცილებლად დადგება:
“იქ რაც ხდება, სინამდვილეში, ეს არის მომავალი სარჩელის მომზადება „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციური მოქმედებების თაობაზე. ფაქტობრივად, მომავალი სარჩელი იწერება”.
უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამ სასამართლო პროცესზე შეგროვებულ მტკიცებულებებს, თავად “ქართული ოცნების” ასაკრძალად გამოიყენებენ.
“იმ სარჩელს, მაგ დარბაზში, უკვე სხვა მოსამართლეები განიხილავენ. შესაძლოა, ზოგი მათგანიც ,ვინც ახლა ზის მაგ დარბაზში. სჩვევიათ მათ წინ და უკან სიარული ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. სწორედ მათ მოუწევთ იმ პარტიის აკრძალვა, რომელიც ასეთ რამეს კადრულობს”, – ამბობს უსუფაშვილი.
„ჯანსაღი ოპოზიცია“ და ერთპარტიული სისტემა
უსუფაშვილი ამბობს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ეს წმინდა პოლიტიკური დევნაა. ის ამბობს, რომ „ეს არის “ქართული ოცნების” მცდელობა, მოამზადოს ნიადაგი კონსტიტუციური გადატრიალებისთვის“.
მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მიზანია ოპონენტების ჩამოცილება, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება.
უსუფაშვილი იხსენებს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომელიც ამბობდა, რომ პარტიების აკრძალვის შემდეგ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
ხელისუფლების არგუმენტს, რომ აკრძალვის შემდეგ ქვეყანას „ჯანსაღი ოპოზიცია“ ეყოლება, უსუფაშვილი ასე პასუხობს: „ესე იგი ოპოზიციაც თავად უნდა დანიშნონ“.
მისი თქმით, 12-14 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ დაასახელა, რომელსაც ჯანსაღად მიიჩნევდა, საკუთარი განაყოფების გარდა.
უსუფაშვილი სარჩელის ლოგიკას საბჭოთა კონსტიტუციის მეექვსე მუხლს ადარებს, რომელიც კომუნისტურ პარტიას ერთადერთ ლეგიტიმურ ძალად აცხადებდა. მისი თქმით, თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებს მხოლოდ მმართველი პარტია გამოხატავს, საქართველო კონსტიტუციით გარანტირებულ ერთპარტიულ სისტემას დაუბრუნდება, რომელიც თავისუფალ სამყაროს მტრად წარმოაჩენს.
რა ელის თავად ოპოზიციურ პარტიებს და რას უნდა აკეთებდნენ ახლა ისინი
პარტიებისთვის აკრძალვის შედეგებს უსუფაშვილი ნაკლებ საშიშად მიიჩნევს თავად პოლიტიკური პარტიებისთვის.
„პოლიტიკური პარტია ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური პროცესების საწარმოებლად. 1990 წლის არჩევნები ისე ჩატარდა, არცერთი პოლიტიკური პარტია არ იყო რეგისტრირებული. მაგრამ, გამოიძებნა რაღაც გზები. პირდაპირ საარჩევნო რეგისტრაციაში გავატარეთ. არსებობს რაღაც მექანიზმები”.
იგი ამბობს, რომ პარტიები ახლა იმაზე უნდამსჯელობდნენ, რას გააკეთებენ იმ დღიდან, როდესაც პარტიები აიკრძალება.
“ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ ეს იქნება თვისებრივად განსხვავებული ვითარება. ამ ვითარებაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ მათ თამაშს ავყვეთ. და, მათი თამაშია, ბოლომდე გადარევა აქტიური საზოგადოების, მოქალაქეების“.
უსუფაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პროცესები უნდა გადაიაზრონ, გააანალიზონ და გამოსავალი ეძებონ:
“უნდა გავიაზროთ რაშია საქმე? რატომ გვემართება ეს ყველაფერი? პოლიტიკური წინა ხაზია გასააქტიურებელი. მე ვიყავი პარტიის თავმჯდომარე 15-20 წლის წინ. ადგილობრივ ორგანიზაციებს ვაფუძნებდით, შეხვედრებს ვატარებდით. კი, გვიშლიდნენ ხელს, დაგვდევდნენ, მაგრამ ვახერხებდით რაღაცას. ახლა სხვა ვითარებაა. ამ სხვა ვითარებებში ცვლილებები რომ შესაძლებელია, ეს დაადასტურა უნგრეთმა, გვატემალამ”.
უსუფაშვილი ამბობს, რომ მთავარია, აქტიური მოქალაქეები, ვისაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და წინსვლის სჯერათ, სასოწარკვეთაში არ ჩავარდნენ.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვენ: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
სხდომები 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასამართლომ გადაწყვეტილება 2027 წლის 24 ივნისამდე უნდა მიიღოს.
უსუფაშვილი პარტიების აკრძალვაზე