სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. ყოველდღიურად განახლებადი
-
ორშაბათი, 9 ნოემბერი, საქართველო. საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვია
● საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა 9 ნოემბრის ნაცვლად 10 ნოემბერს განახლდება. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. სასამართლოს ინფორმაციით, მხარეების ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდა და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის: ჯერ მოსარჩელეებს ჰკითხავენ, შემდეგ მოპასუხეებს.
● 6-8 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, ეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში. სტუმარი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 41%-ით მეტია, ხოლო წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი 236 მილიონი დოლარით საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი იყო.
● 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები ირაკლი ჩხვირკია, ნანა სანდერი და ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
● ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის პარამეტრები გაასაჯაროვა. საგადასახადო შემოსავლები 29 მილიარდ 875 მილიონ ლარს შეადგენს, რაც პირველ ვარიანტთან შედარებით 355 მილიონით მეტია. 70 წელს გადაცილებულთა პენსია 555 ლარამდე, 70 წლამდე პირების პენსია კი 415 ლარამდე გაიზრდება. პროექტით 2027 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და მშპ-ის 2,5%-იანი დეფიციტია ნავარაუდევი.
● 5 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მესამემ გადარჩენა მოახერხა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. 7 ნოემბერს მას ბრალი წარედგინა: პროკურატურის ვერსიით, მან შურისძიების მოტივით, სამი ძმის მკვლელობა დაგეგმა. ბრალდება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, მუხლი სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს.
● 7 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადება, თითქოს მას დამტკიცებული პაემანი გაუუქმეს. ადვოკატის თქმით, ეს ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გაგზავნილ წერილებს უკავშირდება. სამსახურის განმარტებით, ღარიბაშვილს თვეში კუთვნილი ორი ხანგრძლივი და ერთი ხანმოკლე პაემანი სრულად აქვს ათვისებული, დამატებითი პაემანი კი დირექტორის გადაწყვეტილებაა და „წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება“.
● თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლა, რომლის შენობაც ავარიულად შეფასდა, სწავლას იმავე შენობის უსაფრთხო ნაწილში გააგრძელებს. 2027 წლის სექტემბრიდან კი სკოლა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში გადავა.
● საქართველოს საპატრიარქოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა აზარტული თამაშების კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სამორინეებს საერთაშორისო ტურნირების გამართვის უფლებას აძლევს, თუ მოთამაშეების არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 6 ნოემბერს განაცხადა: „ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით“. საპატრიარქო საკითხის შესწავლასა და ხელისუფლებასთან საუბარს გეგმავს და მავნე ზეგავლენის შემცირებისა და სარეაბილიტაციო დაწესებულებების საჭიროებაზე საუბრობს.
● რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივებს, მათ შორის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მამუკა ფიფიას დაარსებულ ფონდს. თბილისში რუსეთის ინტერესების სექციაზე საუბრისას მან თქვა: „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.
● საქართველოში ძებნილმა და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მოსკოვში ვრცელი ინტერვიუ მისცა პრორუს ჟურნალისტს, ვალერი კვარაცხელიას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა აღარ აქვს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე კი, რომლის ორგანიზებაშიც ბრალი ედება, „შეკერილია“. ფარცხალაძემ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ მოუწოდა.
● 7 ნოემბერს თბილისში 47-ე „შაბათის მარში“ გაიმართა, რომელიც ავლაბრიდან პარლამენტის შენობამდე გაგრძელდა. მონაწილეები ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ბოლო ორ წელიწადში მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას ითხოვდნენ. უწყვეტი პროტესტი 710-ე დღეს გრძელდებოდა.
● 8 ნოემბერს ცხოველთა უფლებადამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მიუსაფარი ძაღლების მიმართ შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის შეწყვეტა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. აქციას 31 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეოები უძღოდა წინ, რომლებზეც ორმოები და ძაღლების ნაშთები ჩანდა. თბილისის მერიამ ცხოველების დახოცვის შესახებ ინფორმაცია ცილისწამებად შეაფასა.


-
ორშაბათი, 9 ნოემბერი, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში საზეიმოდ აღნიშნეს 2020 წლის 44-დღიან ომში გამარჯვების დღე
● აზერბაიჯანში დღეს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაული პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით 2009 წლის ნოემბერში დაწესდა.
აზერბაიჯანის სამფეროვანი დროშა პირველად 1918 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ის კვლავ სახელმწიფო დროშა გახდა.
● 8 ნოემბერს აზერბაიჯანში საზეიმოდ აღნიშნეს 2020 წლის 44-დღიან ომში სომხეთზე გამარჯვებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლების დღე.
● გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოსახლეობისადმი მიმართვაში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 44-დღიანი ომის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიამ 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა.
მისი თქმით, „2020 წლის 8 ნოემბერს ყარაბაღში ქალაქ შუშის გათავისუფლებამ ომის შედეგი წინასწარ განსაზღვრა, ხოლო 9-დან 10 ნოემბრის ღამეს სომხეთი იძულებული გახდა, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებაზე მოეწერა ხელი“.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის 20 სექტემბერს ყარაბაღში, ხანქენდიში, ჩატარებულმა ერთდღიანმა სამხედრო ოპერაციამ 15-ათასიანი სომხური სამხედრო კორპუსი პარალიზებული გახადა.
პრეზიდენტის ვიდეომიმართვა ხანქენდიში, ტრიუმფალური თაღის ფონზე ჩაიწერა.
● ილჰამ ალიევის განცხადებით, ხანქენდიში გამარჯვების მუზეუმი იქმნება და სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მუზეუმი ქალაქის ყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლების შენობაში განთავსდება.
● თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვირას, 8 ნოემბერს, აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტი ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების მეექვსე წლისთავს მიეძღვნა.
ფიზულის საერთაშორისო აეროპორტში ერდოღანს ილჰამ ალიევი დახვდა. შუშაში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია და ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მათ პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.
მოგვიანებით პრეზიდენტებმა მოინახულეს პირველი ყარაბაღის ომის პერიოდში ხოჯალიში დაღუპულთა მემორიალი, ხანქენდიში გამარჯვების ძეგლი გვირგვინით შეამკეს და დაჯილდოებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ.საღამოს ალიევის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა, რის შემდეგაც ერდოღანის ვიზიტი დასრულდა.
● შუშაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სიმტკიცეზე ისაუბრეს.
ალიევის განცხადებით, ვერავინ შეძლებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში ჩარევას ან მათი ერთიანობის შესუსტებას. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარასა და ბაქოს ურთიერთობებმა ისტორიულ გამოცდებს გაუძლო და საერთო ისტორიას, ენასა და კულტურას ეფუძნება.
ალიევმა ასევე გაიხსენა თურქეთის მხარდაჭერა 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს.
კონტექსტი: ბოლო თვეებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დაძაბულობა შეინიშნებოდა. თურქი პოლიტიკოსები და სოციალური ქსელების მომხმარებლები აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას აკრიტიკებდნენ. თურქეთში უკმაყოფილება გამოიწვია ბაქოს პარტნიორობამ ისრაელთანაც.
აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია. უთანხმოების ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნეოდა ალიევის არყოფნა ანკარაში გამართულ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე, მიუხედავად ერდოღანის პირადი მიწვევისა.
● ილჰამ ალიევმა პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.
მისი თქმით, მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი ერთ წელზე მეტი ხნის წინ პარაფირებით დაადასტურეს, თუმცა დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერები ჯერ არ გაკეთებულა.
● თურქეთი აღდამში 40-საკლასო სკოლას აშენებს, რომლის ფართობი 14 500 კვადრატული მეტრი იქნება. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შუშაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და სკოლის გახსნას ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთად დაესწრებიან.
ერდოღანმა ასევე ისაუბრა ჯებრაილში გახსნილ აზერბაიჯანულ-თურქულ ტყის სწავლების საერთაშორისო ცენტრსა და ნერგების გამოყვანის კომპლექსზე.● Euronews-მა ვრცელი რეპორტაჟი გამოაქვეყნა აზერბაიჯანის მიერ 44-დღიან ომში გამარჯვების მეექვსე წლისთავისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის შესახებ.
ტელეკომპანიამ ყურადღება გაამახვილა ყარაბაღში გამართულ ღონისძიებებში ერდოღანისა და ალიევის მონაწილეობაზე და ეს ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობების სიმტკიცის დასტურად შეაფასა.
● ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, აზერბაიჯანელმა ექიმებმა გამარჯვების დღის მეექვსე წლისთავი აღნიშნეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც აზერბაიჯანიდან ჩასული, ისე გერმანიაში მომუშავე აზერბაიჯანელი მედიკოსები. ღონისძიება 7-8 ნოემბერს ბერლინში გამართული აზერბაიჯანულ-გერმანული მედიცინის მე-20 დღეების ფარგლებში ჩატარდა.● აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 27 სკოლა და 13 საბავშვო ბაღი გაიხსნა. მათში უკვე 6 576 ბავშვი სწავლობს.
ეს მონაცემები წარმოდგენილია პროგრამა „დიდი დაბრუნების“ ანგარიშში. პროგრამა ყოფილი იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანული ოჯახების მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას ითვალისწინებს.
● აზერბაიჯანი მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლოს, რათა მხარი დაუჭიროს თურქეთის თავმჯდომარეობას გაეროს კლიმატის კონფერენცია COP31-ზე და გააგრძელოს ბაქოში გამართული COP29-ის გადაწყვეტილებების შესრულება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში, მუხთარ ბაბაევმა, ანტალიაში ჩასვლის შემდეგ განაცხადა.მან პრიორიტეტებად კლიმატის დაფინანსება, ნახშირბადის ბაზრების განვითარება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია დაასახელა.
● აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია AzerGold-მა მოქალაქეები ახალი თაღლითური სქემის შესახებ გააფრთხილა.
კომპანიის ინფორმაციით, უცნობი პირები WhatsApp-ში AzerGold-ის თანამშრომლების სახელებითა და ფოტოებით ყალბ პროფილებს ქმნიან. ისინი მოქალაქეების პირადი და საბანკო მონაცემების მოპოვებას ან მათი ფულის მითვისებას ცდილობენ.
კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ უპასუხონ საეჭვო შეტყობინებებს, არ გახსნან უცნობი ბმულები და ინფორმაციის ნამდვილობა ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით გადაამოწმონ.ფოტო:ბაქოში, ხანქენდისა და შუშაში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ბაქოს ზღვისპირა ეროვნულ პარკში კონცერტი ჩატარდა, რომელიც ფეიერვერკით დასრულდა.


-
ორშაბათი, 9 ნოემბერი, სომხეთი. ნიკოლ ფაშინიანი: „სომხეთში სახელწოდება „არცახის“ გამოყენება აზერბაიჯანსაც აძლევს უფლებას, სომხეთის ტერიტორიებთან მიმართებით საკუთარი სახელწოდებები გამოიყენოს“
● აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის პროექტის ტექნიკური დამუშავება დაიწყეს. სატრანსპორტო მარშრუტი აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ნახიჩევანთან, დააკავშირებს.
მხარეები პირველ ორ სამმხრივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, რომლებიც ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის გადაცემის საკითხებზე იმუშავებენ.ერთ-ერთ მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯად მარშრუტის სხვა რეგიონულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირება დასახელდა. სამივე ქვეყანამ დაადასტურა მზადყოფნა, პროექტით გათვალისწინებული მექანიზმები რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს.
● სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის აღსანიშნავად სახელწოდება „არცახის“ გამოყენება აზერბაიჯანსაც აძლევს საფუძველს, სომხეთის ქალაქებსა და რეგიონებს საკუთარი სახელწოდებებით მოიხსენიებდეს.
ამის შესახებ მან Restart-ის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე MaskOFF ისაუბრა.“შეგვიძლია რამდენიც გვინდა ვთქვათ „არცახი“, „არცახის რესპუბლიკა“. დილით გავიღვიძოთ და ვთქვათ „არცახი“, შუადღესაც „არცახი“, საღამოსაც „არცახი“, ღამითაც გავიღვიძოთ და ისევ „არცახი“ ვთქვათ. კარგი. მაგრამ ისინიც იტყვიან „ბასარქეჩარი“ [სომხეთის ქალაქ ვარდენისის ნაცვლად] დილით, შუადღეს და საღამოს. შეგვიძლია რამდენიც გვინდა ვთქვათ „არცახი“, მაგრამ ისინიც რამდენიც უნდათ იტყვიან „დასავლეთ აზერბაიჯანი“. ამ ყველაფრის გადაწყვეტის გზა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და ამ საკითხების დახურვაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„დასავლეთ აზერბაიჯანში“ იგულისხმება სომხეთის ტერიტორიები, სადაც ისტორიულად აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი 1990-იანი წლების დასაწყისში, პირველი ყარაბაღის ომის დროს, იქიდან წავიდნენ.
● სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ალენ სიმონიანი მეორე მსოფლიო სომხურ სამიტზე რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში სომხეთის გაწევრიანების იდეას დაუპირისპირდა.
„დღემდე მაქვს კითხვები რუს კოლეგებთან: როგორ მოხდა, რომ 2020 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო? რატომ გაგრძელდა ის 44 დღე? როგორ მოხდა, რომ ლაჩინის დერეფანი ჩაიკეტა და ჩვენი თანამემამულეები ყარაბაღიდან სომხეთში გამოდევნეს? მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, თითქოს სომხეთი რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში უნდა შევიდეს, სირცხვილია. მე ამ იდეის მტერი ვარ. ეს არ შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა სიმონიანმა.
● იმავე სამიტზე ალენ სიმონიანმა რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგაც ისაუბრა.
*„რატომ უნდა შევწირო სომხეთი რუსეთისა და უკრაინის ომს? მე ამას არ ვეთანხმები და ვფიქრობ, აქ არავინაა ისეთი, ვინც დათანხმდებოდა, რომ თავი დავიწვათ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი და უკრაინა ომობენ“*, – განაცხადა მან.
● რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ალენ სიმონიანის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღში სისხლისღვრა *„სწორედ მოსკოვმა და არავინ სხვამ“* შეაჩერა.ზახაროვამ გაიხსენა, რომ 2020 წლის 9-დან 10 ნოემბრის ღამეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა სამმხრივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც კონფლიქტის ზონაში ყველა საბრძოლო მოქმედების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებდა.
● სომხეთის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) უფროსმა კონსულტანტმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ TRIPP-ის პროექტით არა მხოლოდ ამერიკული და საერთაშორისო ბიზნესი, არამედ სომხეთში მოქმედი კომპანიებიც ინტერესდებიან.
მეორე მსოფლიო სომხურ სამიტზე გამოსვლისას გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში სამი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ პროექტზე მუშაობა გააქტიურდა. ბიზნესმა მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობების შესწავლა დაიწყო.
● აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პროცესი უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერა ჯერ არ გაკეთებულა.
● ირანის ვიცე-პრემიერი და სომხეთ-ირანის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი სამუშაო ვიზიტით სომხეთში ჩავიდა.
● სომხეთის ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა ძალამ და რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიამ საინფორმაციო კამპანიის დაწყება გამოაცხადეს სახელწოდებით „სომხეთის დამოუკიდებლობის დასაცავად“.
ძირითადად პრორუსული რეპუტაციის მქონე პოლიტიკური ძალები საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ცვლილებები აზერბაიჯანის მოთხოვნებით არის ნაკარნახევი.
ოპოზიცია ასევე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ერევანში რამდენიმე დღის წინ რუსი მილიარდერისა და პრორუსული პოლიტიკოსის, სამველ კარაპეტიანის, კორუფციის ბრალდებით დაკავებას. მათი განცხადებით, ეს ოპოზიციაზე ზეწოლაა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო.
კონტექსტი: სომხეთის კონსტიტუცია 1990 წელს მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეყრდნობა. დეკლარაცია კი მხარს უჭერს 1989 წლის გადაწყვეტილებას საბჭოთა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ.
ბაქო ამ ჩანაწერს აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიად მიიჩნევს და მისი ამოღება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პირობად აქვს დასახელებული.
სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მრავალ საკითხს მოიცავს, თავად ქვეყანას სჭირდება და ამ პროცესზე გარე ძალები გავლენას არ ახდენენ.
● ოპოზიციური პარტიის „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევონ ზურაბიანმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკამ ოპოზიციური ძალები გააერთიანა.
„ნიკოლ ფაშინიანმა უპრეცედენტო რამ გააკეთა: თავისი დამანგრეველი პოლიტიკით მთელი ოპოზიცია გააერთიანა. ისინიც კი, ვინც ივნისის საპარლამენტო არჩევნების დროს გაერთიანებას არ თანხმდებოდნენ, ახლა კონსტიტუციის შეცვლის წინააღმდეგ და სომხეთის სუვერენიტეტის დაკარგვასთან ბრძოლის გარშემო გაერთიანდნენ“, – განაცხადა ზურაბიანმა.
„სომხეთის ეროვნულ კონგრესს“ პრორუსული რეპუტაცია აქვს.● ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთიდან ევროპაში წასული ზოგიერთი კრიმინალური წარსულის მქონე პირი თავშესაფრის მისაღებად სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დევნის შესახებ ცრუ განცხადებებს აკეთებს.
„კრიმინალური ელემენტები სომხეთიდან ევროპაში მიდიან და იქ ამბობენ, რომ გეები არიან და სომხეთში დევნიან. იცით, რატომ? მხოლოდ იმისთვის, რომ იქ ცხოვრების უფლება მიიღონ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
-
სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. მიმოხილვა 2-6 ნოემბერი, 2026