მიხეილ სააკაშვილი: მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს, ენმ-მ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
სააკაშვილის თქმით, მელიამ ციხე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დატოვოს.
ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იმ დოკუმენტში, რომელიც დაიდო, არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.
ერთი ის, რომ “პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა.”
და მეორე – სააკაშვილის თქმით, ამ შეთანხმებაში არის კიდევ ერთი მთავარი პუნქტი – შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა.
___________________________
● რა წერია შარლ მიშელის ახალ გეგმაში – ხუთივე პუნქტი მოკლედ
● კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
_____________________________
ექსპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა გიგი უგულავა. მისი თქმით, სააკაშვილი მართალია, ერთობა უნდა შენარჩუნდეს და ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში.
ხოლო დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას მიესალმებიან, თუ ის ამას გარისკავს:
“მივესალმებით მის ჩამოსვლას, თუ ის გარისკავს, მოახერხებს და ჩამოვა, თუმცა ამაში ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული. არაერთი განცხადებები მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით და უკვე იუმორის გრძნობა დაჰკრავს ხოლმე ამ განცხადებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით მისი მხრიდან.”
____________________________________
- ევროპარლამენტმა შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩეროს
- კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
- მოსაზრება: რატომ არ გამოდიან ქართველები ქუჩაში?
___________________________________
18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წინადადებების ახალი პაკეტი შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს.
დოკუმენტს ჰქვია “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალით განსხვავდება ბოლო დოკუმენტისგან, რომელიც შარლ მიშელის წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს წარუდგინა ოპოზიციას.
სიახლეები ეხება ორ ყველაზე მნიშვნელოვან და მხარეებს შორის ყველაზე შეუთანხმებელ პუნქტს – პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს და ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელთა რიგგარეშე ჩატარებასაც ითხოვს ოპოზიცია.
ახალი წინადადების შესათანხმებლად 18 აპრილს ევროკავშირის დელეგაციის ოფისში მივიდა ყველა პარტიის წარმომადგენელი, მმართველი პარტიის გარდა. მოგვიანებით მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ხელისუფლება “მზად არის” მიშელის წინადადებების განსახილველად.
საბოლოო ჯამში მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა:
ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე]
სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე]
რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე]
გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი]
მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა]
იყო ინდივიდუალური ხელმოწერებიც, კერძოდ: სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე და ზურაბ ჯაფარიძე.
დღეს დილით, ყველასათვის მოულოდნელად, დოკუმენტს ხელი მოაწერა ნაციონალური მოძრაობის გადამდგარმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემაც.
დღესვე, საქართველოს თავად შარლ მიშელი ეწვია. ის მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან.