აფხაზეთში ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სოციალურ ქსელებში დამსვენებლები, ძირითადად, ზღვისპირა დასვენების შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას აზიარებენ. თუმცა როგორია თავად აფხაზეთის მცხოვრებლების დამოკიდებულება ზღვაში ბანაობის მიმართ? ამ კითხვით JAMnews-მა სოხუმის მოსახლეობას მიმართა.
გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივები ზღვაში საბანაოდ იშვიათად დადიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი დროის ნაკლებობაა: ტურისტებისგან განსხვავებით, ისინი დასასვენებლად არ არიან ჩამოსული. ამასთან, ბევრი ზღვის წყალს დაბინძურებულად მიიჩნევს და ბანაობას მთის მდინარეებში ამჯობინებს.
გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ზღვის მიმართ დამოკიდებულება ასაკთან ერთად იცვლება.
ინალ ცვიჟბა: „წელს ვფიქრობ, ვცადო და მთელი წლის განმავლობაში ვიარო ზღვაზე, წვიმაშიც კი ვცადო ბანაობა“.
ზაურ კვარცია: „არ მიყვარს სანაპიროზე სიარული და ზღვაში ბანაობა, რადგან იქ სველია, ცხელა, ყველაფერი წებოვანია და ამაში სასიამოვნო არაფერია. მირჩევნია მთის მდინარეები“.
ალიას უბირია კი გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ადგილობრივებს, განსაკუთრებით აფხაზებს, ზღვაში ბანაობა არ უყვართ, მითს უწოდებს.
„ის, რასაც ამბობენ, თითქოს ადგილობრივებს ან კონკრეტულად აფხაზებს ზღვაში ბანაობა არ უყვართ, რა თქმა უნდა, მითია. ყველას გვიყვარს ზღვაში ბანაობა. თუმცა ეს სხვადასხვა წლებში სხვადასხვანაირად იყო. მოზარდობისას, სკოლის წლებში, ზღვიდან ამოსვლა არ გვინდოდა“, – ამბობს ის.
უბირიას თქმით, ადგილობრივების სანაპიროზე იშვიათად გამოჩენას გარკვეულწილად აფხაზეთის პატარა საზოგადოების თავისებურებებიც განაპირობებს. ქვეყანაში ბევრი ერთმანეთს იცნობს, რის გამოც ზოგიერთი ქალი ისეთ პლაჟებს ამჯობინებს, სადაც ნაკლები ხალხია.
„აფხაზეთი პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ბევრი ქალი ოჯახთან ერთად ისეთ ადგილებში წასვლას ცდილობს, სადაც ნაკლები ხალხია, რადგან არ სურს, ნაცნობებმა ან ნათესავებმა საცურაო კოსტიუმში დაინახონ. ამის ერთგვარად ერიდებათ“, – განმარტავს უბირია.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას