მეუფე იობი საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება. მწვავე ქადაგებას პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა
მეუფე იობის ქადაგება
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ქვეყანას უკეთესი ხელისუფლება სჭირდება. სასულიერო პირმა, რომელიც ქადაგებისას ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობასაც შეეხო, ხელისუფლება ეკლესიის კონტროლის მცდელობაში, კორუფციის ხელშეწყობასა და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
ქადაგება, რომელიც 10 ნოემბერს ურბნისის საკათედრო ტაძარში გაიმართა, ეპარქიის სოციალურ ქსელში გავრცელდა. მეუფე იობის გამოსვლა განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა იმით, რომ მან კრიტიკა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ეკლესიის მაღალ იერარქიასაც დაუკავშირა.
მიტროპოლიტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ურწმუნო და არაეკლესიურია, ხოლო ეკლესიისა და სახელმწიფოს დაახლოება სასულიერო პირების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, სახელმწიფო ეკლესიას აფინანსებს, რის გამოც სასულიერო პირებისთვის სულ უფრო რთული ხდება ხელისუფლების შეცდომებზე ღიად საუბარი.
მან ეკლესიის შიგნით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი თანამდებობის პირებს დაემსგავსა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც სასულიერო პირები მრევლს სიღარიბის ატანას, გაჭირვებულთა დახმარებასა და თავმდაბლობას მოუწოდებენ, თავად საპირისპიროდ იქცევიან.
მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხიც წამოჭრა. მისი აზრით, მრევლს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, სად იხარჯება ეკლესიისთვის გადაცემული თითოეული თეთრი.
„თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა, უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითოეული თეთრი სად მიდის, რას ხმარდება“, – თქვა მან.
მეუფე იობმა გაიხსენა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქაც და განაცხადა, რომ საქართველოს წარმატების პერიოდებში საერო ხელისუფლება ეკლესიასთან შეთანხმებულად მოქმედებდა. დღევანდელი ხელისუფლება კი, მისი შეფასებით, ამ ისტორიულ გამოცდილებას დაშორდა.
ქადაგების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. კრებსებსაც დაეთმო. მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირების პირადი საუბრებისა და ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მან ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, პატრიარქის კრიტიკა შესაძლებელი იყო, რადგან ისიც ადამიანია და შეცდომები შეიძლება დაეშვა.
სუს-ის ე.წ. კრებსების სკანდალი უკავშირდება 2021 წლის სექტემბერში მედიასაშუალებებში გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებსა და დოკუმენტებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლების, მათ შორის მიტროპოლიტების, ეპისკოპოსების, მღვდლებისა და მონაზვნების პირადი საუბრები, სატელეფონო კომუნიკაცია და პირადი ცხოვრების დეტალები იყო თავმოყრილი.
მასალები სასულიერო პირების მასშტაბურ სავარაუდო თვალთვალსა და მიყურადებაზე მიუთითებდა. დოკუმენტებში საუბარი იყო ეკლესიის შიდა დაპირისპირებებზე, სასულიერო პირების ურთიერთობებზე, პირად ცხოვრებასა და პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩანაწერების ავთენტიკურობა და მათი მოპოვების კონკრეტული გარემოებები სრულად დადგენილი არ ყოფილა.
სკანდალის განსაკუთრებული სიმწვავე იმან განაპირობა, რომ გავრცელებული მასალების სავარაუდო წყაროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელდებოდა. ხელისუფლებას ბრალდებებზე პასუხის გაცემა და იმ პირების გამოვლენა მოუწია, რომლებმაც დოკუმენტები გაასაჯაროეს, თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დღემდე გაურკვეველია, ვინ იდგა ამ მასალების შეგროვებისა და გავრცელების უკან.
იობი კითხულობს, რატომ არ გამოვლენილან დღემდე ის პირები, რომლებმაც კრებსები გაავრცელეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მათი დადგენის პირობას იძლეოდა.
მიტროპოლიტმა ხელისუფლება ნარკომანიისა და ლუდომანიის გავრცელების, კაზინოების ხელშეწყობის, კორუფციისა და დემოგრაფიული პრობლემების გამოც გააკრიტიკა. მისი თქმით, ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან, სოფლები იცლება, ქვეყანაში კი ახალი მშენებლობების მასშტაბი მოსახლეობის შემცირების ფონზე კითხვებს აჩენს.
იობი შეეხო დავით გარეჯის საკითხსაც და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მიმართ ხელისუფლების რეაქცია არასაკმარისია.
„განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბარი მტრობას არ ნიშნავს და სასულიერო პირების ვალდებულებაა, ხელისუფლებას შეცდომებზე მიუთითონ.
გამოხმაურება
მიტროპოლიტის ქადაგებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მეუფე იობის პოლიტიკური შეფასებები რეალობას აცდენილია და მცდარია. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი პოლიტიკური განცხადებებისთვის ეკლესიასა და ამბიონს იყენებს.
მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, სასულიერო პირების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს, თუმცა, მისი აზრით, საჯარო განცხადებებამდე საკითხებზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
„საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად დედა ეკლესიის მიმართ. თუ რაიმე საკითხი არსებობს, ან რაიმე შეკითხვები არსებობს, ყოველთვის ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში ვართ მიჩვეულები საუბარს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მეუფე იობის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიაც. მან მიტროპოლიტის ბრალდებებს დაუსაბუთებელი უწოდა და განაცხადა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
გაბუნიას თქმით, არსებობს მცდელობები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება მოხდეს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ოპოზიციას. პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ მეუფე იობის ქადაგებას მნიშვნელოვანი და მწვავე შეფასება უწოდა. მისი თქმით, ეკლესიის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეაქცია შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს.
ჩიხრაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. კრებსების საქმეზე და განაცხადა, რომ მასალებში სასულიერო პირების პირადი ცხოვრება და მიმოწერა იყო ასახული. მისი შეფასებით, ასეთი მასშტაბის ინფორმაციის შეგროვება სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.
მან ასევე გაიხსენა ე.წ. ციანიდის საქმე, რომელიც, მისი თქმით, დღემდე ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას შეიცავს. ჩიხრაძის შეფასებით, ორივე შემთხვევა ეკლესიის ავტორიტეტის შესუსტების მცდელობას უკავშირდებოდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ავტორიტეტების არსებობა, რომლებსაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
ჩიხრაძემ მაგალითად მოიყვანა მარიხუანას პლანტაციების გაშენების პროექტი, რომლის შეჩერებაშიც, მისი თქმით, ეკლესიის მკაფიო პოზიციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მანვე აღნიშნა, რომ კაზინოებთან დაკავშირებული შეღავათების წინააღმდეგ ეკლესიის პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაინც მიიღო.

მიტროპოლიტის განცხადებებს მიესალმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი. მისი თქმით, მეუფე იობი თავადაც ხშირად აკრიტიკებს მის პარტიას და არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, თუმცა ეს მის დღევანდელ განცხადებას მნიშვნელობას არ უკარგავს.
„ძალიან კარგი განცხადება გაუკეთებია, ყოჩაღ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, მეუფე იობის შეფასებები იმ რეალობას ასახავს, რომელსაც საზოგადოება და ეკლესია ხედავს.
მეუფე იობის კრიტიკას მმართველი პარტიის მხარდამჭერი პრორუსული საზოგადოებრივი ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.
თამთა მეგრელიშვილის შეფასებით, მიტროპოლიტმა ამბიონი პოლიტიკური მოწოდებისთვის გამოიყენა და საკუთარი პარტიული პოზიცია რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩინა. მისი თქმით, ხელისუფლების ურწმუნოდ მოხსენიება და მისი შეცვლისკენ მოწოდება ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს.
„ფაქტობრივად, ამბიონიდან ხელისუფლების შეცვლისკენ ღია პოლიტიკური მოწოდებაა“, — წერს მეგრელიშვილი.
„ხალხის ძალის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, დავით ქართველიშვილმა, მეუფე იობის განცხადებები უფრო მწვავედ შეაფასა. მან მიტროპოლიტი სააკაშვილის პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებაში დაადანაშაულა და მისი მოწოდებები ხელისუფლების შეცვლის შესახებ პირად ინტერესებს დაუკავშირა. ქართველიშვილმა ასევე გაიხსენა წარსულში იობის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, რომლებიც თავად მიტროპოლიტის ეპარქიას უკავშირდებოდა.
პროსახელისუფლებო ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ კი განაცხადა, რომ მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, თავად მიტროპოლიტის ქმედებები არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომელთა დაცვაზეც საუბრობს. ჩიხელიძის თქმით, ქადაგება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და „მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“.
ეკლესია და „ქართული ოცნება“: რატომ არის მეუფე იობის განცხადება უჩვეულო
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესია არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საზოგადოებრივ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ათწლეულების განმავლობაში მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გავლენას. სწორედ ამიტომ, ეკლესიასთან ურთიერთობა საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ლეგიტიმაციის მნიშვნელოვანი წყარო იყო.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ ეკლესიასთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა. ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები საჯაროდ უსვამდნენ ხაზს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს, ხოლო ეკლესიის გავლენიანი სასულიერო პირების ნაწილი ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას ახალი ხელისუფლების მიმართ. ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში მმართველი პარტიის პოლიტიკური და იდეოლოგიური იდენტობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
თუმცა ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა ყოველთვის ერთგვაროვანი არ ყოფილა. ცალკეულ საკითხებზე სასულიერო პირებს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები ადრეც გაუკრიტიკებიათ, მათ შორის მარიხუანას კულტივაციის ინიციატივის, აზარტული თამაშებისა და სხვა საზოგადოებრივი საკითხების გამო. მიუხედავად ამისა, ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლების მხრიდან ხელისუფლების მთლიანად პოლიტიკურ კურსზე ასეთი პირდაპირი შეტევა იშვიათია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეუფე იობი მხოლოდ მთავრობის ცალკეულ გადაწყვეტილებებს არ აკრიტიკებს. ის ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას, საუბრობს სასულიერო პირების ფინანსურ დამოკიდებულებაზე, ეკლესიის შიდა პრობლემებზე და ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნება, რომ მისი მმართველობის შესაძლებლობები ამოწურულია.
ამ განცხადებას დამატებით სიმძიმეს სძენს ის გარემოებაც, რომ 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილი იყო. თავად მეუფე იობიც აღიარებს, რომ ეკლესიის წარმომადგენლებმა ამ ხელისუფლებას მხარი დაუჭირეს, თუმცა ახლა ამ მხარდაჭერას უპირობო ლოიალობად არ მიიჩნევს.
ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობაში ნდობის საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა 2021 წელს, როდესაც მედიაში გავრცელდა სუს-ის სავარაუდო ფარული მოსმენების მასალები. ათასობით დოკუმენტი სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და დიპლომატების შესაძლო თვალთვალზე მიუთითებდა. სკანდალმა ეკლესიის შიგნითაც და საზოგადოებაშიც მძიმე კითხვები გააჩინა, თუმცა პასუხისმგებელი პირების საკითხი სრულად გარკვეული არ გამხდარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მონაცემებით, 2020-2024 წლებში მართლმადიდებელ ეკლესიას ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ჯამში 283 მილიონ ლარზე მეტი გადაეცა.