სომხეთთან „ომი არ არის“, თუმცა აზერბაიჯანი სახელმწიფო ბიუჯეტის 20,8%-ს თავდაცვაზე გამოყოფს. რაში დაიხარჯება ეს თანხა?
აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი
4 ნოემბერს აზერბაიჯანის პარლამენტში, ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე, ქვეყნის 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის 8 მილიარდ 816 მილიონი მანათია (დაახლოებით 5,19 მილიარდი დოლარი) გათვალისწინებული. ეს მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების 20,8 პროცენტს შეადგენს.
2 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პარტია „ახალი აზერბაიჯანის” ყრილობაზე განაცხადა:
„დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი არ არის, ომი არ არის, საზღვრებზე სიმშვიდეა“.
თუმცა, იმავე გამოსვლაში ალიევმა ქვეყნის სამხედრო ძლიერების განმტკიცება „ერთ-ერთ მთავარ ამოცანად“ დაასახელა. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო შეთანხმებისთვის ჯერ ხელი არ მოუწერიათ. ბაქო შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობად სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ასახელებს.
ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე სექტემბერში უკვე ვწერდით. ახლა საკითხის მეორე მხარეს განვიხილავთ:
თუ ომი არ არის, რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის მეხუთედი და რა არის ცნობილი ხარჯების ყველაზე მსხვილი მუხლის შესახებ?
რას ამბობს რიცხვები?
2023 წელს აზერბაიჯანის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ხარჯები 5,85 მილიარდ მანათს შეადგენდა (დაახლოებით 3,45 მილიარდი დოლარი). 2024 წელს ეს თანხა 6,56 მილიარდ მანათამდე( დაახლოებით 3,86 მილიარდი დოლარი) გაიზარდა, 2025 წელს კი 8,07 მილიარდ მანათს (დაახლოებით 4,75 მილიარდი დოლარი) მიაღწია.
2026 წლის ბიუჯეტში ამ მიზნებისთვის 8,72 მილიარდი მანათია (დაახლოებით 5,13 მილიარდი დოლარი) გამოყოფილი. ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 8,82 მილიარდი მანათი (დაახლოებით 5,19 მილიარდი დოლარი).
ოთხი წლის განმავლობაში ხარჯები დაახლოებით ერთნახევარჯერ გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი ნელდება. თუ 2025 წელს მატებამ 23% შეადგინა, 2027 წელს მისი მხოლოდ 1,1%-ით ზრდაა პროგნოზირებული.
ამასთან, მთავრობის მიერ მანამდე წარმოდგენილი საშუალოვადიანი გეგმა ითვალისწინებდა, რომ 2030 წლისთვის ეს ხარჯები 7,97 მილიარდ მანათამდე (დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი) შემცირდებოდა.
ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ხარჯები კვლავ საკმაოდ მაღალია. 2027 წელს ეს საბიუჯეტო ხარჯების სიდიდით მეორე მუხლი იქნება ეკონომიკური საქმიანობის შემდეგ.
განათლებისთვის 5,1 მილიარდი მანათის (დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი), ჯანდაცვისთვის კი 2,08 მილიარდი მანათის (დაახლოებით 1,23 მილიარდი დოლარი) გამოყოფა იგეგმება.
ამრიგად, ამ ორი სფეროს დაფინანსება ჯამში 1,6 მილიარდი მანათით (დაახლოებით 942 მილიონი დოლარი) ნაკლები იქნება, ვიდრე თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ხარჯები.
ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ხარჯები დაახლოებით 858 მანათს (დაახლოებით 505 დოლარს) შეადგენს, ჯანდაცვის ხარჯები კი მხოლოდ 203 მანათს (დაახლოებით 120 დოლარს). ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლებს 3,15 მილიარდი მანათით (დაახლოებით 1,85 მილიარდი დოლარით) გადააჭარბებს.
მსგავსი ვითარებაა 2026 წელსაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის 5,25 მილიარდი მანათი (დაახლოებით 3,09 მილიარდი დოლარი) დაიხარჯა, განათლებაზე – 3,12 მილიარდი (დაახლოებით 1,84 მილიარდი დოლარი), ჯანდაცვაზე კი 954 მილიონი მანათი (დაახლოებით 562 მილიონი დოლარი).
მაღალი სამხედრო ხარჯები მხოლოდ აზერბაიჯანისთვის არ არის დამახასიათებელი. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, 2025 წელსაზერბაიჯანის სამხედრო ხარჯების წილი მშპ-ში 6,5%-ს, სომხეთისა კი 6,1%-ს შეადგენდა.
შედარებისთვის, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2,5% იყო. სამხედრო ხარჯების მშპ-სთან შეფარდებით აზერბაიჯანი და სომხეთი მსოფლიოში, შესაბამისად, მეექვსე და მეშვიდე ადგილებს იკავებდნენ. ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპით აზერბაიჯანი უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდა – ზრდამ 1,4 პროცენტი შეადგინა.
შეიარაღებული ძალების დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 2,99 მილიარდი მანათიდან (დაახლოებით 1,76 მილიარდი დოლარი) 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში 3,37 მილიარდ მანათამდე (დაახლოებით 1,99 მილიარდი დოლარი) გაიზრდება.
ამავე დროს, „თავდაცვის დანიშნულების სპეციალური პროექტებისა და ღონისძიებების“ დაფინანსება 4,5 მილიარდიდან 4 მილიარდ მანათამდე (დაახლოებით 2,65 მილიარდიდან 2,35 მილიარდ დოლარამდე) შემცირდება.
ეროვნული უსაფრთხოების ხარჯები 520 მილიონიდან 480 მილიონ მანათამდე (დაახლოებით 306 მილიონიდან 282 მილიონ დოლარამდე) დაიკლებს, სასაზღვრო სამსახურის დაფინანსება კი 540 მილიონიდან 550 მილიონ მანათამდე (დაახლოებით 318 მილიონიდან 323 მილიონ დოლარამდე) გაიზრდება.
სხვა ხარჯები 160 მილიონიდან 410 მილიონ მანათამდე მოიმატებს.
ყველაზე დიდი თანხა „თავდაცვის დანიშნულების სპეციალურ პროექტებსა და ღონისძიებებზეა“ გათვალისწინებული. 2025 წელს ამ მიზნებისთვის 4,58 მილიარდი მანათი (დაახლოებით 2,70 მილიარდი დოლარი) დაიხარჯა, რაც თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ხარჯების 57% იყო.
შედარებისთვის, 2023 წელს, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ზიაფეთ ასკეროვის განცხადებით, ბიუჯეტის გადახედვის შედეგად დამატებით გამოყოფილი 1 მილიარდი მანათის (დაახლოებით 588,3 მილიონი დოლარი) ჩათვლით, ამ მუხლის ხარჯებმა 2,07 მილიარდი მანათი (დაახლოებით 1,22 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
2027 წელს ამ მუხლის წილი 45%-მდე შემცირდება. ეს თავდაცვის სპეციალური პროექტების დაფინანსების შემცირებისა და შეიარაღებული ძალების ხარჯების 12,7%-ით ზრდის ფონზე მოხდება.
თუმცა, დაფინანსების მოცულობა წლის განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს. მსგავსი რამ 2023 წელსაც მოხდა, როდესაც ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს.
ბიუჯეტის პროექტში ამ თანხების დანიშნულება მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით არის განმარტებული: თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება და შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თანხები „დასახული ამოცანებისა და გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად“ იხარჯება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში „ბიუჯეტი მოქალაქეებისთვის“, რომელიც 2026 წელს ეხება, ამ პროექტების დაფინანსება კაპიტალურ ხარჯებს მიეკუთვნება.
ამ მიზნებისთვის გათვალისწინებული 4,5 მილიარდი მანათი ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღდგენისთვის გამოყოფილ თანხას (დაახლოებით 2,06 მილიარდი დოლარი) 1,3-ჯერ აღემატება. ეს თანხა თითქმის ათჯერ მეტია, ვიდრე მიზნობრივი სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება (დაახლოებით 273,5 მილიონი დოლარი). ამასთან, 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში ამ მუხლის ხარჯები დეტალურად გაშლილი არ არის.
დოკუმენტიდან შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი კონტრაქტები ფინანსდება, ვინ არის მიმწოდებელი და რა სახის შეიარაღებას ყიდულობენ.
შედარებისთვის, „ბიუჯეტში მოქალაქეებისთვის“ ცალკეა მითითებული 35 მილიონი მანათი (დაახლოებით 20,6 მილიონი დოლარი) სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და 15,5 მილიონი მანათი (დაახლოებით 9,1 მილიონი დოლარი) საცხოვრებლის ქირის ხარჯების კომპენსაციაზე.
2027 წელს ამ ორი მუხლის დაფინანსება ჯამში 50,5 მილიონიდან 29,7 მილიონ მანათამდე (დაახლოებით 29,7 მილიონიდან 17,5 მილიონ დოლარამდე) შემცირდება.
ბევრ ქვეყანაში სამხედრო შესყიდვების დეტალები გასაიდუმლოებულია. თუმცა ცალკეული კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია მედიაში მაინც ჩნდება.
მაგალითად, ოქტომბერში ისრაელის კომპანია Elbit Systems-მა გამოაცხადა, რომ 235 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემების მიწოდებაზე. კომპანიას მყიდველის ვინაობა არ გაუმჟღავნებია.
ისრაელის გამოცემა Calcalist-მა დაწერა, რომ შემკვეთი აზერბაიჯანია, თუმცა კომპანიას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
რაც შეეხება პაკისტანისგან JF-17-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვას, მედიის ინფორმაციით, კონტრაქტის ღირებულება 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამრიგად, სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მეათედი ერთ საბიუჯეტო მუხლზე მოდის, რომლის დეტალური სტრუქტურა საზოგადოებისთვის კვლავ დახურულია.
როგორ ხსნის ხელისუფლება ამ ხარჯებს?
სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ხარჯები, „როგორც ყოველთვის“, ბიუჯეტის ერთ-ერთ უმსხვილეს მუხლად დარჩება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ხარჯების 44% სოციალური მიმართულებისაა.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის სამხედრო ძლიერების გაძლიერების აუცილებლობის ორი მიზეზი დაასახელა. პირველი სომხეთს უკავშირდება. მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დაწყებისა, ალიევმა, ისტორიულ მოვლენებზე საუბრისას, განაცხადა:
„…ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ყოველთვის, ყოველდღე, მათზე ათჯერ ძლიერები ვიყოთ“.
მეორე მიზეზი მეზობელ რეგიონებში მიმდინარე ომებსა და კონფლიქტებს უკავშირდება.
ალიევის განცხადებით, „როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით და ახლო აღმოსავლეთში“ კონფლიქტის ახალი კერები ჩნდება. ამავე დროს, არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რომლებსაც მათი შეჩერება შეუძლიათ.
ამიტომ, პრეზიდენტის აზრით, აზერბაიჯანს ისეთი სამხედრო ძლიერება უნდა ჰქონდეს, რომ „აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის მოწყობა არავის აზრადაც არ მოუვიდეს“.
ალიევმა აღიარა, რომ ქვეყანას სხვა საჭიროებებიც აქვს, მათ შორის ყარაბაღის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
თუმცა დასძინა:
„მაგრამ თუ საკუთარი თავის დაცვას ვერ შევძლებთ, მაშინ ჩვენი ნებისმიერი სხვა პროექტი სრულიად დაკარგავს აზრს“.
მსგავს პოზიციას იზიარებს ეკონომისტი ხალიდ ქერიმლიც:
„ამ მიმართულებით სტაბილურობა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, პირიქით, პროგნოზირებულია დაძაბულობის გაძლიერება“.
რას ნიშნავს „ათჯერ მეტი“ რიცხვებში?
სომხეთის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსთვის დაახლოებით 616,5 მილიარდი დრამის, ანუ დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება. ეს 9,5%-ით მეტია, ვიდრე 2026 წელს, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი 563 მილიარდ დრამამდე შემცირდა. ამრიგად, სამხედრო ხარჯები თითქმის დაუბრუნდება 2025 წლის დონეს.
აზერბაიჯანში კი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის 8,8 მილიარდი მანათი, ანუ დაახლოებით 5,2 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
შესაბამისად, აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები სომხეთისას დაახლოებით სამჯერ აღემატება. ამასთან, აზერბაიჯანის შემთხვევაში აღნიშნულ თანხაში ეროვნული უსაფრთხოებისა და სასაზღვრო სამსახურის ხარჯებიც შედის.
სომეხი პოლიტოლოგი სურენ სურენიანცი მიიჩნევს, რომ ბაქო საკუთარი სამხედრო უპირატესობის შედეგად მიღწეული პოლიტიკური შედეგების განმტკიცებას ცდილობს, რადგან ძალთა არსებული ბალანსი სამუდამოდ ვერ შენარჩუნდება.
ამასთან, მისი აზრით, ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი საფუძველი დასამტკიცებლად, რომ აზერბაიჯანი ახალი სამხედრო ესკალაციისთვის ემზადება.
მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებისა, 2027 წელს არცერთი ქვეყანა სამხედრო ხარჯების შემცირებას არ გეგმავს. სომხეთში ისინი 9,5%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანში კი – 1,1%-ით.
მოიტანს თუ არა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა სამხედრო ხარჯების შემცირებას? ალიევის სიტყვები, რომლებიც „ათჯერ უფრო ძლიერად ყოფნის“ აუცილებლობის შესახებ განცხადებას მოჰყვა, საპირისპიროზე მიუთითებს:
„როგორც დღეს არის, ისე იქნება ხვალაც“.
საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში დეტალურად არ იყო გაწერილი იმ მუხლის ხარჯები, რომელსაც „თავდაცვის დანიშნულების სპეციალური პროექტები და ღონისძიებები“ ეწოდება და რომლისთვისაც 4,5 მილიარდი მანათი გამოიყო.