აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად ნათლობა მოსკოვში, სრეტენის მონასტერში მიიღო. გადაწყვეტილებამ აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილის შეფასებით, ეს კრემლის მხრიდან აფხაზეთზე კონტროლის გაძლიერების კიდევ ერთი გამოვლინებაა, სხვები კი მიზეზად სოხუმში არსებულ საეკლესიო განხეთქილებასა და მართლმადიდებლური ინსტიტუტების არარსებობას ასახელებენ.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ გუნბა და მისი ოჯახის წევრები მოსკოვის დონსკოის მონასტერში მოინათლებოდნენ, თუმცა იქ შესაბამისი სანათლავი სივრცის არარსებობის გამო ცერემონია სრეტენის მონასტერში გადაიტანეს.
ნათლობის საიდუმლო გუნბას ოჯახს მიტროპოლიტმა თეოგნოსტმა ჩაუტარა. ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელია მონასტრებისა და მონაზვნობის საკითხებში. სასულიერო პირი კარიერის დასაწყისში აფხაზეთში მსახურობდა და წლების განმავლობაში მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ჩარიცხულ აფხაზ სტუდენტებსაც ეხმარებოდა.
ბადრა გუნბა ნათლობისას ბოგდანის სახელით მოინათლა. ცერემონიას ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და კრემლის კურატორი აფხაზეთის მიმართულებით, სერგეი კირიენკო.
გუნბას ზრდასრულ ასაკში მონათვლა აფხაზეთში რელიგიისადმი დამკვიდრებული დამოკიდებულებით აიხსნება. აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ნაწილი – მუსლიმი, ზოგი კი ტრადიციულ აფხაზურ რწმენას, ღმერთ ანცეას, მისდევს. ამასთან, მართლმადიდებელი მშობლებიც ხშირად არ ნათლავენ შვილებს ჩვილობის ასაკში და მათ შესაძლებლობას აძლევენ, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ თავად აირჩიონ რელიგიური აღმსარებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ ე.წ. პრეზიდენტის ნათლობა, ზოგადად, დადებითად მიიღო, ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მას ეს ნაბიჯი მოსკოვში კი არა, აფხაზეთის ერთ-ერთ ტაძარში უნდა გადაედგა.
სოციალურ ქსელებში გადაწყვეტილება აფხაზეთში არსებულ ხანგრძლივ საეკლესიო დაპირისპირებასაც დაუკავშირეს. აფხაზეთში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საეკლესიო ცენტრი არსებობს: მამა ვისარიონ აპლიას ხელმძღვანელობით მოქმედი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია და არქიმანდრიტ დოროთეს მეთაურობით მოქმედი აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია.
დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდება და პერიოდულად ღია კონფლიქტშიც გადაიზრდება ხოლმე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის საეკლესიო სტრუქტურებს ავტოკეფალურ ეკლესიად არ აღიარებს. ამასთან, აფხაზეთის ეკლესიას საერთაშორისო მართლმადიდებლურ სამყაროშიც არ აქვს აღიარებული სტატუსი.
დოროთეს შეფასებით, სწორედ ამ ვითარებამ განაპირობა, რომ გუნბამ ნათლობა მოსკოვში მიიღო.
„ეს სიგნალი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს საშუალებას აძლევს, დაინახოს და გაიგოს: სანამ აფხაზეთის საეკლესიო საკითხი არ გადაწყდება და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულფასოვანი ინსტიტუტი არ აღდგება, ქვეყნის პირველ პირებს, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ნათლობის საიდუმლოს აფხაზი მღვდელმთავრისგან მიღება არ შეუძლიათ. მხოლოდ იმიტომ, რომ მთელ მართლმადიდებლურ საზოგადოებას უკვე 33 წელია არ სურს ამ საკითხის გადაწყვეტა, ჩვენს ქვეყანას, ხალხსა და მის ხელმძღვანელობას მღვდელმთავრული მზრუნველობის გარეშე ტოვებს“, – განაცხადა დოროთემ.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას