სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. მიმოხილვა 2-6 ნოემბერი, 2026
-
პარასკევი, 6 ნოემბერი, საქართველო
● „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მასში უბნების მონაცემები ან სასამართლოს გადაწყვეტილებები არ აისახა ან არასწორად აისახა. პროექტი აუქმებს 5 უბანში ხმების სავალდებულო გადათვლას, შედეგების შეჯამებას საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკოს გადასცემს და შეჯამების ვადას 26-დან 15 დღემდე ამცირებს. ISFED-ის, საიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით კი „არაფერი იკრძალება. ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს“. იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები პროექტს 6 ნოემბერს განიხილავენ.
● პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს ორი ევროპელი ელჩი სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდა და კონკრეტულ მიმდინარე საქმეზე ანგარიში მოითხოვა. ელჩების ვინაობა მას არ დაუსახელებია. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე კობახიძემ თქვა, რომ ის ფაქტებს არ ეფუძნება და „ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის“. მისივე განცხადებით, ხელისუფლება „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ გააუქმებს.
● რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. უწყების განცხადებით, პარტია რუსოფობიურ პოზიციებს აფიქსირებს, რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენას და პირდაპირი ფრენების შეწყვეტას ითხოვს და რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში ადანაშაულებს. „დროამ“ გადაწყვეტილებას უპასუხა, რომ „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“ და „ივანიშვილის რეჟიმი რუსულია“. ხოშტარია ამჟამად პატიმრობაშია.
● პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს უპასუხა და ურჩია, „ტონს დაუწიოს“ და ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს შეეფერება. პაპუაშვილის თქმით, სანამ ის პარლამენტის თავმჯდომარეა, არ დაუშვებენ, რომ „მოსამართლე უცხოელმა დანიშნოს“. ჰერჩინსკიმ ევროკომისიის ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა და მისი შინაარსი საჯაროდ წარადგინა.
● მთავრობამ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს დაუბრუნა. პარლამენტის ბიურომ ის ბიუჯეტის კოდექსითა და რეგლამენტით დადგენილ ბოლო ვადაში განიხილა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაუგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის თქმით, კომიტეტებს პროექტზე „გარკვეული შენიშვნები, წინადადებები“ ჰქონდათ.
● ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ე.წ. ვიცე-პრემიერად რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი დმიტრი გლადსკი დაინიშნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა დანიშნა. გლადსკი 2021 წლიდან რუსეთის ბელგოროდის ოლქში მუშაობდა, ბოლოს გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
● ინტენსიური თოვისა და ძლიერი ნისლის გამო ცანა-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა ეხება ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 141-151-ე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 181-189-ე კილომეტრებს.
● კულტურის მინისტრის მაია ბითაძის განცხადებით, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, ტაძარს, რომელსაც წლების განმავლობაში წყალი და ტენი აზიანებდა, ახლა ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს, მოხატულობის კრიტიკული უბნები გამაგრებულია და მოზაიკა სტაბილურია. მონასტრის კომპლექსის ეტაპობრივი რესტავრაცია სახელმწიფო დაფინანსებით გრძელდება.

-
პარასკევი, 6 ნოემბერი, აზერბაიჯანი. 8 ნოემბერს, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, თურქეთის პრეზიდენტი ბაქოს ეწვევა
● თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავს, სადაც 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს საერთო ისტორია და კულტურა აკავშირებთ და ვერანაირი დაბრკოლება მათ ძმობას ვერ დაანგრევს.
განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გაკეთდა. თურქეთის რამდენიმე პოლიტიკოსმა, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვა მკაცრად გააკრიტიკეს. თურქულ მედიასა და სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია აზერბაიჯანის თანამშრომლობამ ისრაელთანაც.
ბაქომ საპასუხოდ განაცხადა, რომ შიდა პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება აქვს. დაძაბულობის ერთ-ერთ ბოლო ნიშნად მიიჩნევა ისიც, რომ ილჰამ ალიევი ანკარაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტს არ დაესწრო, მიუხედავად ერდოღანის პირადი მიწვევისა.
● აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ამერიკულ Comstock Resources-თან 1,65 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმა, რომელიც აშშ-ში გაზის აქტივებში წილების შეძენას ითვალისწინებს.
SOCAR მიიღებს Legacy Haynesville-ის პროექტის 20%-ს, Western Haynesville-ის 15%-ს და Comstock-ის კუთვნილი წილის 15%-ს გაზის ინფრასტრუქტურულ კომპანია Pinnacle Gas Services-ში.
ოპერაციული მართვა ამერიკულ მხარეს დარჩება. ხუთი წლის შემდეგ, ინვესტიციის 15%-იანი მომგებიანობის მიღწევის შემთხვევაში, SOCAR-ის წილი Western Haynesville-ში 7,5%-მდე შემცირდება.გარიგების დასრულება წლის ბოლომდე, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ იგეგმება.
● პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე ალი ქერიმლი 2026 წლის მაგნიტსკის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა. მას ადამიანის უფლებების სფეროში ჯილდო კატეგორიაში „გამორჩეული ოპოზიციური პოლიტიკოსი“ მიენიჭა.
ორგანიზატორებმა აღნიშნეს ქერიმლის მრავალწლიანი საქმიანობა დემოკრატიული რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის მიმართულებით.ქერიმლი 2025 წლის ნოემბერში დააკავეს. მას აზერბაიჯანში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
● აზერბაიჯანში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეზე პროკურატურამ სამოქალაქო უფლებების ინსტიტუტის ხელმძღვანელ ბაშირ სულეიმანლისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
მას სამსახურებრივ სიყალბეს, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ბრალდების ვერსიით, საქმე ეხება უცხოურ გრანტს, რომლის მოცულობაც 148 ათასი მანათი, დაახლოებით 87 ათასი დოლარია.
სულეიმანლი აცხადებს, რომ თანხა კანონიერად მიიღო, ყველა გადასახადი გადაიხადა და ფული მოქალაქეებისთვის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, იურიდიული დახმარებისა და არჩევნების მონიტორინგისთვის გამოიყენა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება.საქმის კონტექსტი: სულეიმანლი სამოქალაქო საზოგადოების თითქმის 20 წარმომადგენელს შორისაა, რომელთა წინააღმდეგ დევნა 2025 წელს, საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობის შესახებ საქმის განახლების შემდეგ დაიწყო. რამდენიმე ადამიანს უკვე მიუსაჯეს ხანგრძლივი, მათ შორის პირობითი სასჯელი. ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, ჰაფიზ ბაბალის, ახლობლები აცხადებენ, რომ მას უკვე თვენახევარია აუცილებელ მედიკამენტებს არ აწვდიან.
55 წლის ჟურნალისტს, რომელსაც AbzasMedia-ს საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, სისხლძარღვთა დაავადება და მხედველობის მესამე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ის ვერ იღებს ექიმის მიერ დანიშნულ თვალშიდა წნევის დამწევ პრეპარატსაც.
Meydan TV-ის ინფორმაციით, ბაბალიმ ამის შესახებ ადვოკატს აცნობა. სამედიცინო ნაწილის ხელმძღვანელობამ წამლების არარსებობა შესყიდვის კონკურსის მიმდინარეობით ახსნა.
● ფინეთის სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქეს, რუსული სატვირთო გემის Fitburg-ის ეკიპაჟის წევრს, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანებისთვის ორი წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გემის კაპიტანს, რუსეთის მოქალაქეს, სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2025 წლის 31 დეკემბერს გემის ღუზა ფინეთის ყურის ფსკერზე დაახლოებით 130 კილომეტრის მანძილზე გაათრიეს. შედეგად დაზიანდა ფინეთსა და ესტონეთს შორის ორი სატელეკომუნიკაციო კაბელი.
ორივე მსჯავრდებულს დაახლოებით 1,9 მილიონი ევროს გადახდაც დაეკისრა.● სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ არტურ პოღოსიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც 1 ოქტომბერს სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და საკუთარ სახლში მყოფი ქალი დაჭრა, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.
მისი თქმით, მუსაევმა გამოძიებას მოუყვა, რა მარშრუტით მოხვდა სომხეთის ტერიტორიაზე და რა გარემოებებში მოხდა ინციდენტი. დაკითხვის დეტალების გასაჯაროებაზე პოღოსიანმა წინასწარი გამოძიების საიდუმლოების მოტივით უარი თქვა.
● რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალ დაპირისპირებას განიხილავს.
სომხური მედიის ნაწილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები სტრატეგიულ სიმაღლეებზე გზებს გაჰყავთ, რის შედეგადაც შიკაჰოღის ნაკრძალსა და სოფელ ნერქინ ჰანდის მიმდებარე ტყეებს ზიანი ადგება. ეს ტერიტორია სომხეთის ქალაქ კაპანის მახლობლად მდებარეობს.ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების შიშის გამო ზოგიერთი მცხოვრები სოფელს ტოვებს.
აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საუბარია არა ტყის მასობრივ გაჩეხვაზე, არამედ ლოგისტიკური გზების მოწყობაზე, რომლებიც ზამთარში სამხედრო პოზიციების მომარაგებისთვისაა საჭირო.მოსკოვში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ბლოგერმა ტურაბ ზეინალოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო APA-ს სომხეთში მოგზაურობის შესახებ უამბო.
სექტემბერში ის ერევანში სომეხი მეგობრის ქორწილში ჩავიდა და ქვეყანაში ათი დღე გაატარა. მისი თქმით, აეროპორტში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ეკითხებოდნენ სხვადასხვა საკითხს, რის შემდეგაც ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს.
ზეინალოვი აცხადებს, რომ ერევანში მას კარგად ექცეოდნენ. თუმცა, მისივე თქმით, ვერ იქნება დარწმუნებული სომეხი მეგობრების უსაფრთხოებაში, თუ ისინი ბაქოში ჩასვლას გადაწყვეტენ.● აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,9-ჯერ გაიზარდა.
აზერბაიჯანის ექსპორტი დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 14,4-ჯერ გაიზარდა, იმპორტი კი 66,7%-ით შემცირდა. ამ პერიოდში დიდი ბრიტანეთი აზერბაიჯანის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა.
● საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ აზერბაიჯანის დაფინანსება მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,4-ჯერ გაიზარდა და 185 მილიონ დოლარს მიაღწია.
ზრდა დაკავშირებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, OPEC-ის ფონდისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საგარანტიო ოპერაციებთან.● უკრაინის დასავლეთით, უჟჰოროდში, აზერბაიჯან-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა და ბიზნესფორუმი გაიმართა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა აზერბაიჯანული კომპანიები ქვეყნის აღდგენის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. მან ასევე შესთავაზა ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანიდან უკრაინის გავლით ევროპისკენ და შავი ზღვის მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის წინასწარ დაგეგმვა.აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, ფარვიზ შაჰბაზოვის, ინფორმაციით, წლის პირველ რვა თვეში ორმხრივი ვაჭრობა 10,5%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანის ექსპორტი უკრაინაში 17%-ით, ხოლო ინვესტიციების საერთო მოცულობამ 513,5 მილიონ დოლარს მიაღწია.
● ბაქოში სახელმწიფო მმართველობაში ინოვაციების შესახებ გაეროს პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართა.ღონისძიება გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებულმა სოციალური ინოვაციების სახელმწიფო სააგენტომ ერთობლივად მოაწყვეს.
● საქართველოს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია ბაქოს ეწვია. ვიზიტი 2026 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში გაიმართა.მხარეებმა სამხედრო სპეციალისტების მომზადების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
● აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებისა და სამსახურში დაგვიანებისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს.
ერთიდან ათ დღემდე გამოუცხადებლობისთვის გათვალისწინებულია 200-300 მანათის ჯარიმა, დაახლოებით 120-180 დოლარი, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 300-500 მანათი იქნება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 10 დღიდან ერთ თვემდე გაიზრდება.
სამხედრო ექსპერტების შეფასებები განსხვავებულია. ზოგი ჯარიმას პატიმრობის ალტერნატივად მიიჩნევს, სხვები კი შიშობენ, რომ ამან შესაძლოა სამხედრო დისციპლინა შეასუსტოს.
● აზერბაიჯანში გაფართოვდა იმ მოქალაქეთა კატეგორიები, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მიღება შეუძლიათ.
ახალი წესით, სტატუსს მიიღებენ მამაკაცებიც, რომლებიც სომხეთის მიერ ადრე ოკუპირებული რაიონების მცხოვრებ ქალებზე დაქორწინდნენ, თუ ქორწინება ოკუპაციამდე გაფორმდა და მათ ადგილობრივი რეგისტრაცია ჰქონდათ. უფლება მათ შვილებზეც გავრცელდება.
მანამდე მსგავსი შესაძლებლობა მხოლოდ ქალებსა და მათ შვილებს ჰქონდათ. ცვლილებები ეხება შვილად აყვანილ ბავშვებსა და იმ ბავშვებსაც, რომლებიც შესაბამისი რაიონების ოკუპაციის შემდეგ დაიბადნენ.
● აზერბაიჯანში პირველი საზღვაო ეროვნული პარკის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.
ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ინფორმაციით, კასპიის ზღვაში განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნების დაცვის ღონისძიებები განხორციელდება. დაგეგმილია პატრულირება და უკანონო თევზჭერის აღკვეთა.● აზერბაიჯანის პარლამენტი შრომის კოდექსში ცვლილებებს განიხილავს. ერთ-ერთი წინადადება საათობრივი ანაზღაურების შემოღებას ითვალისწინებს იმ დასაქმებულებისთვის, რომლებსაც მოკლევადიანი ხელშეკრულებები აქვთ ან კვირაში არაუმეტეს 20 საათისა მუშაობენ.
სფეროების ჩამონათვალს მთავრობა განსაზღვრავს. შესაძლო მიმართულებებად სოფლის მეურნეობა და საზოგადოებრივი კვების სექტორი სახელდება.
სხვა ცვლილებებთან ერთად, კანონპროექტი კრძალავს მინიმალური ყოველწლიური შვებულების ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებას.
● აზერბაიჯანის მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი სოციალური დახმარებების გაზრდას ითვალისწინებს.
სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარებების დაფინანსება მთლიანობაში 38%-ით უნდა გაიზარდოს.ბავშვის დაბადებისას ერთჯერადი დახმარების გაზრდა 600-დან 1 500 მანათამდე იგეგმება, დაახლოებით 353-დან 882 დოლარამდე.
სამ წლამდე ბავშვის მოვლის ყოველთვიური დახმარება კი 37-დან 100 მანათამდე გაიზრდება, დაახლოებით 22-დან 59 დოლარამდე.● 2027 წელს აზერბაიჯანში ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებისა და ომთან დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 600 ბინის უფასოდ გადაცემაა დაგეგმილი.
30 მილიონ მანათზე მეტი, ანუ 17,6 მილიონ დოლარზე მეტი, ომის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებისთვის ავტომობილების შეძენასა და სარეაბილიტაციო აღჭურვილობის შესყიდვას მოხმარდება.
● აზერბაიჯანში უკრაინული სპრედის, Luks Golden Ratne-ის, ერთ-ერთი პარტიის გაყიდვა შეჩერდა.
ლაბორატორიულმა შემოწმებამ პროდუქციაში შეუსაბამობები გამოავლინა. სპრედი უკრაინულმა კომპანიამ „რატნივსკი მოლოკოზავოდმა“ აწარმოა, ხოლო აზერბაიჯანში კომპანია Qədiroğlu-მ შეიტანა.
სურსათის უვნებლობის სააგენტომ პროდუქციის პარტიის ბაზრიდან გამოთხოვა მოითხოვა და უკრაინულ უწყებებს აცნობა, რომ ამ საწარმოდან ნებისმიერი პროდუქციის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა.

-
ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, საქართველო
● ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების პაკეტი წარადგინა. საქართველოს შესახებ ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ევროინტეგრაცია კვლავ შეჩერებულია, ვითარება კი წინა წელთან შედარებით გაუარესდა: ხელისუფლება კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს კვლავ ვერ ასრულებს და ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება. ანგარიში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას დემოკრატიის საფუძვლებისთვის საფრთხედ აფასებს, სასამართლოს დამოუკიდებლობას სერიოზულად შერყეულად მიიჩნევს და ყველა თვითნებურად დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვს. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, რომელმაც ანგარიში ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა, საპარლამენტო ზღვარგადალახული ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა „უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში“.
● ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, თუმცა ევროპის გზა ღიად რჩება, თუ ხელისუფლება კურსს შეცვლის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან „შეჯახების გზაზე“ დგას და საქართველოს საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრები იანვარში სიღრმისეულად განიხილავენ. სანქციებზე კითხვას მან უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება. კოსის თქმით, სანქციებს წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და 27 ქვეყანას შორის ამისთვის საკმარისი მხარდაჭერა არ არის.
● ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და მდგომარეობა გაუარესდა. შეჩერების მექანიზმის ფარგლებში 2026 წლის 6 მარტიდან დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეეზღუდათ, ივნისში გამართულ გაძლიერებულ დიალოგს კი პროგრესი არ მოჰყოლია. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან და შემზღუდველ ზომებთან საქართველოს თანხვედრა 40-დან 38 პროცენტამდე შემცირდა.
● მმართველმა გუნდმა ანგარიში მიუღებლად შეაფასა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ანგარიშს რეალისტურად და მიუკერძოებლად ვერ მიიღებენ, რადგან ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო. საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა დიალოგის არარსებობა სწორი ანალიზის საშუალებას არ იძლევა.
● 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გათავისუფლდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შეთანხმებით კი სასჯელი 3 წელი და 1 თვე გახდა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე რეალური პატიმრობაა, 2 წელი პირობითი. იგივე შეთანხმება კიდევ ორ მსჯავრდებულს ეხება, რომლებიც 6 და 16 ნოემბერს გათავისუფლდებიან. ზოდელავამ განაცხადა, რომ პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
● თბილისში, ბიზნესცენტრ „დელისში“, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისია განთავსებული, ხანძარი გაჩნდა. კვამლის გამო „ფორმულას“ თანამშრომლების ნაწილი შენობიდან ვერ გამოდიოდა, ისინი ეტაპობრივად გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, ადგილზე 25 სახანძრო ავტოტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული, დაშავებული არავინაა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
● ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი წარედგინება. მისი თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი დაახლოებით 800 მილიონი ლარით გადაჭარბებულია და ცვლილებებით ბიუჯეტი ჯამურად გაიზრდება. ეკონომია და აუთვისებელი თანხები იმ პროექტებზე გადანაწილდება, სადაც ათვისება უფრო მაღალია.
● ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მაო ნინის ცნობით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი საქართველოს ეწვევა და ქართველ ლიდერებთან ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელებს. 6-12 ნოემბერს ის თურქეთში იქნება, საქართველოში ვიზიტის თარიღი არ დასახელებულა.
● გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. სააგენტო დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატების, წყალმოვარდნებისა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების რისკზე აფრთხილებს.
-
ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, საქართველო
● თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა წინასასამართლო სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუტოვა. ბარამიძეს სამშობლოს ღალატი, კერძოდ საბოტაჟი ედება ბრალად 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტში ქართული შეიარაღებული ძალების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. პროკურატურის ვერსიით, განცხადებამ თავდაცვის ძალების რეპუტაცია და ომის ვეტერანებისა და დაღუპული სამხედროების ღირსება შელახა. ბარამიძემ სასამართლოში ბრალდება ტყუილად შეაფასა და თქვა: „თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე“. ბრალდება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
● ევროკომისია 4 ნოემბერს ბრიუსელში „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, შეფასებასაც მოიცავს. ანგარიშის ძირითად დასკვნებს თბილისში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი წარადგენს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, Euronews-ის გაფართოების სამიტზე, ევროკომისიის წარმომადგენლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის კანონის საკითხებზე საჯარო დებატები შესთავაზა. მისი თქმით, 2024 წლის ივნისში საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტა „ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ“.
● „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებებით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ ორ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი: თუ ოქმში საუბნო კომისიების მონაცემები ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგები არასწორად ან არასრულად აისახა. სხვა საფუძვლით შეტანილ სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ცვლილებები შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას ფაქტობრივად აუქმებს. პროექტით, პოლიტიკური რეკლამის ბოლოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და ნომერი უნდა ჩანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაუწყებელს რეკლამის გაშვება აეკრძალება.
● ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბიძინა ივანიშვილი „მედიის თავისუფლების მტაცებელთა“ 2026 წლის სიაში, რომელიც 33 პირს აერთიანებს, ეკონომიკურ კატეგორიაში შეიყვანა. RSF-ის შეფასებით, ივანიშვილი „კვლავ რჩება საქართველოს ხელისუფლების უკან მდგომ რეალურ ძალაუფლებად“, მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი კი მედიაგარემოს მჭიდრო კონტროლის საშუალებას აძლევს. ივანიშვილი ამ სიაში პირველად 2025 წელს მოხვდა. პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პუბლიკაციას აბსურდი უწოდა.
● ოპოზიციური ალიანსის პარტიები და „ჯერ საქართველო“ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმე იყო, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, პარტიების აკრძალვის პირობებში სამართლიანი არჩევნები გამორიცხულია, „ევროკავშირთან დაახლოების შანსი იქნება ნულოვანი“.
● პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასამართლოში ნახსენებ ფსიქიკურ და მორალურ წამებაზე გამოძიება „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“ არ დაიწყო. ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილებში ამტკიცებდა, რომ ბრალის აღიარების შეთავაზებას შანტაჟი და ზეწოლა, მათ შორის მისი მამის დაკავების მინიშნება, ახლდა. მისი ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურა „არ ცდილობს სიმართლის დადგენას“.
● თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოში ძაღლების სამარხთან მისულ ცხოველთა უფლებადამცველებზე განაცხადა: „ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“. მისი თქმით, სამარხების გამთხრელებს პასუხისგება მოუწევთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიუსაფარი ცხოველების მიმართ პოლიტიკა არაჰუმანურად, უკანონოდ და არაეფექტიანად შეაფასა და „ტვ პირველის“ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციის დამოუკიდებელ გამოძიებასა და თავშესაფრების დამოუკიდებელ ინსპექტირებას ითხოვს.
● ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანიებს „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. მისი ადვოკატის დავით ასათიანის თქმით, მოსარჩელე ითხოვს, რომ არხებმა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყონ და ის ცილისწამებად გამოცხადდეს. ადვოკატის განცხადებით, სიუჟეტებში გადაუმოწმებელი ფაქტები გავრცელდა, რომლებიც დანაშაულის დაბრალებასა და კრიმინალურ წრეებთან კავშირს ეხება.
● პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, Euronews-ის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტ მარია ტადეოსთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მაგალითად უკრაინა და მოლდოვა დაასახელა: „მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან“. მან დასძინა: „ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ“. უკრაინამ პრორუსული პარტიების საქმიანობა 2022 წელს, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საომარი მდგომარეობის პირობებში შეაჩერა. ჟურნალისტმა კობახიძეს ასევე ჰკითხა, იცის თუ არა, რომ ევროპაში არიან ლიდერები, რომლებსაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ, რადგან, მისი თქმით, საერთო ფასეულობები არ აკავშირებთ. კობახიძემ უპასუხა: „მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“.
● გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის ბავშვის დედასა და მის მეგობარს ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ბრალი წაუყენა. ბრალდების ვერსიით, ბავშვს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, მიმართავდნენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და სკოლაში სიარულს უკრძალავდნენ. ბრალდება 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის პატიმრობა მოითხოვა.
● ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი წყალში გადავარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა წყალში ავტომობილი და ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

-
ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, სომხეთი. ნიკოლ ფაშინიანი: „2027 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე სომხეთის განაცხადის წარდგენა შეიძლება რეალისტური იყოს“
● სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შესაძლოა 2027 წელს შეიტანოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
კონკრეტულ ვადებზე დასმულ კითხვას მან უპასუხა: „მომავალი წელი შეიძლება რეალისტური იყოს. შესაძლოა, 2028 წელიც“.● სომხეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებას ყველანაირად დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთის გადაწყვეტილებაზე, დაეწყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, გავლენა საქართველოს მისწრაფებამაც მოახდინა, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
● ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა. მხარეებმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება და სომხეთისთვის ორი წლით სავაჭრო შეღავათების მინიჭება განიხილეს. მეცოლამ დაადასტურა ევროპარლამენტის მზადყოფნა, გააგრძელოს ერევანთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ფაშინიანმა მას სომხური ანბანისადმი მიძღვნილი ძეგლის, „არმატაგირი – დიალოგის ძალა“, მაკეტი გადასცა. მეცოლამ კი სომხეთის პრემიერს ევროპარლამენტის ბრინჯაოს სამახსოვრო მედალი აჩუქა.
● სომხეთისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
● 3 ნოემბრიდან სომხური პროდუქცია ევროკავშირის მიერ გათვალისწინებული სავაჭრო შეღავათებით სრულად ისარგებლებს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა.
მანამდე გაირკვა, რომ შეღავათები ტექნიკური მიზეზების გამო ევროკავშირის საბაჟო სისტემაში, TARIC-ში, ასახული არ იყო. შედეგად, ბელგიელი იმპორტიორები მათ ვერ იყენებდნენ.
საბაჟო გადასახადები, რომლებიც ექსპორტიორებმა 10 ოქტომბრის შემდეგ გადაიხადეს, დაბრუნებას ექვემდებარება. სწორედ ამ დღეს ამოქმედდა ევროკავშირის ავტონომიური სავაჭრო ზომები სომხეთისთვის.
● სომხეთის იუსტიციის მინისტრმა სრბუი გალიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელიც ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება, დემოკრატიას უპირისპირდება.
„რისი ეშინია ოპოზიციას, თუ დარწმუნებულია, რომ ხალხი ახალ კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერს?“ – განაცხადა მინისტრმა.
ძირითადად პრორუსული რეპუტაციის მქონე ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით ხორციელდება. სომხეთის ხელისუფლება ამას კატეგორიულად უარყოფს.დავის მთავარი საგანი კონსტიტუციის პრეამბულაა, რომელიც 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეყრდნობა. დეკლარაცია მხარს უჭერს 1989 წელს საბჭოთა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ბაქო ამ ჩანაწერს აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიად მიიჩნევს და მის ამოღებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის პირობად ასახელებს.● სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში შეტანილ სარჩელებს მხოლოდ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გამოიხმობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა ლილიტ მაკუნცმა განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთი საერთაშორისო სასამართლოებში საკუთარი ინტერესების დაცვაზე უარს არ ამბობს.
სარჩელების ურთიერთგამოხმობის შესაძლებლობას ითვალისწინებს ჩარჩო შეთანხმების მე-15 პუნქტი, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერებმა 2025 წლის აგვისტოში, დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართულ ვაშინგტონის სამიტზე გააფორმეს.
● სომხეთში უახლოეს მომავალში ამერიკელი სპეციალისტები ჩავლენ, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაზე მუშაობენ. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ არტურ პოღოსიანმა განაცხადა.მისი თქმით, მთავარი ამოცანა საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის აღკვეთა და მათი ქვეყნის შიგნით გავრცელების თავიდან აცილებაა.
● რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) იმედოვნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება მალე გაფორმდება.
ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტაალატბეკ მასადიკოვმა მინსკში, ევრაზიული უსაფრთხოების მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მდგრადი დიალოგი კონფლიქტის პოტენციალს ამცირებს და თანამშრომლობის საფუძველს ქმნის.
● რუსეთში სომხეთის ელჩმა გურგენ არსენიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
დაჯილდოება იმ ცნობების ფონზე გაიმართა, რომ არსენიანს თანამდებობაზე შეცვლიან. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიძლება დაინიშნოს მის ნაცვლად.
● მოსკოვი იმედოვნებს, რომ რეგიონული პლატფორმის „3+3“ მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს – და სამ მეზობელ სახელმწიფოს – რუსეთს, ირანსა და თურქეთს – აერთიანებს.
საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარს ამბობს. თბილისი აცხადებს, რომ ოფიციალური თანამშრომლობა რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, შეუძლებელია.
● საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი სომხეთში ვიზიტით იმყოფება. სამშაბათს მან ერევანში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსი მოინახულა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
● ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საბჭოს ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით.პროტესტის მიზეზი 27 სექტემბერს, ყარაბაღის მეორე ომის დაწყების ხსოვნის დღეს, სამხედრო პანთეონ „ერაბლურში“ გამართული ღონისძიებების გაუშუქებლობა გახდა.აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ტელევიზიამ მემორიალიდან რეპორტაჟის ნაცვლად კონცერტი აჩვენა.

-
სამშაბათი, 3 ნოემბერი, საქართველო
● თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ქრთამის აღების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ღარიბაშვილი სხდომას ახალი ბრალდების წარდგენის შემდეგ პირველად დაესწრო, ბრალი არ აღიარა და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობით პროცესი დახურა, რასაც დაცვა და თავად ღარიბაშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ფულის გათეთრების საქმეზე კი მას საპროცესო შეთანხმებით უკვე აქვს მისჯილი 5 წელი.
● 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით მსჯავრდებულ ნანა სანდერს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ის საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს. შეთანხმების საფუძველი ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება და მონანიება გახდა. იმავე საქმეზე პროკურატურამ ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება იშუამდგომლა, სასამართლო გადაწყვეტილებას 3 ნოემბერს გამოაცხადებს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან ყველა, ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.
● შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. გელაძე მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, მინისტრის მოადგილედ კი სექტემბერში დაინიშნა.
● „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი შეიტანეს. პროექტით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება, ხოლო საოლქო კომისიებს აღარ მოუწევთ შემთხვევითი შერჩევით არაუმეტეს 5 უბნის ხმების ხელახლა დათვლა. მუნიციპალური არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს.
● გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა, მის ადგილას ლაითურის №1 დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა. ფირცხალავას გათავისუფლებას პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ოჯახი და ადვოკატი ითხოვდნენ. ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ ციხეში სცემეს, პენიტენციური სამსახური ფიზიკურ ძალადობას უარყოფს.
● საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით მსჯავრდებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განაჩენი დასაბუთებული არ არის. ორგანიზაციის თქმით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ მანჯგალაძემ ძალადობა დაგეგმა ან მის ორგანიზებაში მონაწილეობდა, პოლიტიკური განცხადებები და აქციის მხარდაჭერა კი თავისთავად ძალადობის ორგანიზებას არ ადასტურებს. საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, საია კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.
● თბილისის მერმა კახა კალაძემ ცილისწამებად და დეზინფორმაციად შეაფასა ბრალდებები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს. ეს ბრალდებები ძაღლების სამარხის ტელევიზიით გავრცელებული კადრების შემდეგ გაჩნდა. მერის თქმით, სააგენტო დაღუპულ ცხოველებს კანონით დადგენილი წესით, სპეციალურ სამარხში მარხავს, მოქალაქეთა ჯგუფების მიერ სამარხების გადათხრამ კი ბიოლოგიური დაბინძურების რისკი შექმნა. ცხოველთა უფლებადამცველები პროკურატურისგან ნეშტების ექსჰუმაციას, დამოუკიდებელ ვეტერინარულ-პათოლოგიურ ექსპერტიზასა და მიკროჩიპების შემოწმებას ითხოვენ.
● კახა კალაძის თქმით, გერმანული კომპანია ICP-ის კვლევის დასკვნით, ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. კვლევამ 12 შესაძლო ლოკაცია განიხილა და საუკეთესო ვარიანტად არსებული ნაგავსაყრელის გაფართოება მიიჩნია. მერი ახლომდებარე მცხოვრებლებს ალტერნატიული ადგილის მოძიებას დაჰპირდა, ახლა კი, მისი თქმით, ნაგავსაყრელზე 6.5 მილიონი ევროს ღირებულების ფილტრატის გამწმენდი ნაგებობა შენდება, რომელიც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება.
● პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 19 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალი წაუყენა. ბრალდების ვერსიით, საზღვარგარეთიდან შემოყვანილი 138 ავტომობილი ყალბი დოკუმენტებით რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად გაფორმდა, თუმცა ქვეყნიდან არ გაიყვანეს და პირადად იყენებდნენ. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფოს 545 165 ლარის ზიანი მიადგა.
● პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სკოლების ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობისა, უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. პროექტი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერით წარადგინა და ის განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. პარლამენტმა პროექტი მანამდე ფინანსური დასაბუთების არქონის გამო ორჯერ დააბრუნა.

-
სამშაბათი, 3 ნოემბერი, სომხეთი. ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ „ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის სამიტში“ მიიღებს მონაწილეობას
● სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება სახელწოდებით „ევროპის მომავალი“ იმართება. დაგეგმილია ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრები დასავლელ პარტნიორებთან.
● ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ეტაპობრივად საკუთარ სასაზღვრო სამსახურს გადასცემს ქვეყნის საზღვრებზე სრულ კონტროლს. მისი თქმით, ამისთვის დამატებითი რეფორმები იქნება საჭირო.
1992 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის მესაზღვრეები სომხეთის საზღვრებს თურქეთთან და ირანთან იცავენ. საქართველოსთან საზღვარს მხოლოდ სომხური ძალები აკონტროლებენ.
2024 წლიდან სომხეთმა ცალკეულ მონაკვეთებზე კონტროლის გადაბარება დაიწყო. ამჟამად სომეხი მესაზღვრეები დამოუკიდებლად აკონტროლებენ აზერბაიჯანთან საზღვრის რამდენიმე მონაკვეთს, ერევნის ზვარტნოცის აეროპორტს, ირანის საზღვარზე აგარაკის გამშვებ პუნქტს და თურქეთის საზღვარზე მარგარასა და ახურიკის პუნქტებს. თურქეთთან და ირანთან საზღვრის დანარჩენ მონაკვეთებზე კვლავ რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან.
● სომხეთის პრორუსული ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაბლოკავს, ეს „საბოლოო მშვიდობაზე უარის თქმად“ შეფასდება.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება გაიზრდება და მმართველმა უმრავლესობამ ამ ზეწოლას სათავეში უნდა ჩაუდგეს.
პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა არამ ვარდევანიანმა პრემიერის სიტყვებს „ღიმილის მომგვრელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა და რეპრესიები უკვე მიმდინარეობს.
დეპუტატმა იშხან საღათელიანმა კი აღნიშნა, რომ ვერანაირი ზეწოლა ვერ აიძულებთ მხარი დაუჭირონ პროცესს, რომელიც, მისი შეფასებით, სომხეთში „ალიევის კონსტიტუციის“ მიღებას გამოიწვევს.● სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დელიმიტაციის მომდევნო ეტაპის გრაფიკი ჯერ არ შეუთანხმებიათ. თუმცა ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის განცხადებით, შეთანხმება შესაძლოა უახლოეს პერიოდში შედგეს.
განიხილება TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებული სასაზღვრო მონაკვეთების დელიმიტაციის დაჩქარებაც. პროექტი სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანისა და მისი ავტონომიური რესპუბლიკის, ნახიჩევანის, დაკავშირებას ითვალისწინებს.
გრიგორიანის თქმით, სომხეთმა უკვე დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების, საავტომობილო და სარკინიგზო გზების პროექტირება. სამივე ინფრასტრუქტურა სიუნიქის რეგიონში უნდა აშენდეს.„აუცილებელია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის მოძებნა, რათა ინვესტიციები ეფექტიანი იყოს, ინფრასტრუქტურა კი კონკურენტუნარიანი როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო ლოგისტიკაში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
● რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა 2020 წლის ყარაბაღის ომის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლებლობა არ გამოიყენა.მისი თქმით, მან არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მოქმედება ან უმოქმედობა სომხეთის მიმართ.
„ჩვენ არ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა ომის თავიდან ასაცილებლად. ამ ომმა ეროვნული ტრაგედია გამოიწვია – მთიანი ყარაბაღის დაკარგვა და სომხური მოსახლეობის სრული გადასახლება ისტორიული მიწებიდან“, – განაცხადა ზატულინმა.
● პრორუსული ოპოზიციური ბლოკის „ძლიერი სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატები ჩეხეთის ელჩ პეტრ პირუნჩიკს შეხვდნენ.
მხარეებმა სომხეთის ევროკავშირთან თანამშრომლობა, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი და რეგიონული სატრანზიტო პროექტი „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP) განიხილეს.
● სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი კანადის ახლად დანიშნულ ელჩს, ჯულია კროულის, შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებასა და საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
● სომხეთის პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროგრამა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაა, რომლისთვისაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 6,8%-ია გათვალისწინებული.
პროექტის განხილვა 11 ნოემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დოკუმენტს პარლამენტის 17 ნოემბერს დაწყებულ სხდომაზე წარადგენენ.● სომხეთიდან რეექსპორტის მოცულობა 2022 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ფინანსთა მინისტრ ვაჰე ოვანესიანის განცხადებით, ეს ქვეყანაში იმპორტის საერთო მოცულობის შემცირებასაც ასახავს.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში სომხეთის მთლიანი ექსპორტი 6,5%-ით შემცირდა. თუმცა ამავე პერიოდში სომხური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი 28,6%-ით გაიზარდა.
● სომხეთში 680 ათას ადამიანს პენსია გაეზრდება. ამის შესახებ შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში პენსიები რვაჯერ გაიზარდა.
2028 წლიდან მთავრობა ინფლაციის გათვალისწინებით პენსიების ინდექსაციის დანერგვას გეგმავს. განიხილება როგორც ქეშბექის სისტემა, ისე პირდაპირი ზრდა. მიზანია, საშუალო პენსია მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულებაზე ნაკლები არ იყოს.
● არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინფორმირებული და დაცული მომხმარებელი“ იმპორტირებული რძის პროდუქტების კვლევა დაიწყო. მომდევნო ეტაპზე ორგანიზაცია ადგილობრივი და იმპორტირებული ხორცპროდუქტების შემოწმებას გეგმავს.
ორგანიზაციის განცხადებით, კვლევის მიზანი მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის ზიანის მიყენება კი არა, მომხმარებლებისთვის არსებული რისკების გამოვლენა და მომხმარებელთა აქტიურობის წახალისებაა.● სომხეთში მიმოქცევაში გამოდის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა „გრიგორ ხანჯიანის დაბადებიდან 100 წელი“.
გრიგორ ხანჯიანი ცნობილი სომეხი მხატვარი და გრაფიკოსია, რომელიც მონუმენტურ-დეკორატიული ნამუშევრებითაც არის ცნობილი.

-
ორშაბათი, 2 ნოემბერი, საქართველო. ქუჩის ძაღლების მასობრივი დამარხვის კადრების ჩვენებას საპროტესტო აქციები მოჰყვა - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
● 31 ოქტომბერს „ტვ პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავრცელდა კადრები, რომლებზეც, გადაცემის ცნობით, თბილისში, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე ღამით ორმოში ძაღლების ნეშტებს მარხავენ. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მასობრივ და მიზანმიმართულ დახოცვას უარყოფს და აცხადებს, რომ ადგილი დაავადებით, ავარიით ან ბუნებრივი მიზეზით დაღუპული ცხოველებისთვისაა. 1 ნოემბერს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. იმავე დღეს ცხოველთა უფლებადამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დასჯა მოითხოვეს.
● 30 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელზე ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდა. სხდომა 9 ნოემბერს, 14:00 საათზე განახლდება და შეკითხვების ეტაპზე გადავა: სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას თქმით, ჯერ მოსარჩელეებს, შემდეგ კი მოპასუხეებს დაუსვამენ კითხვებს. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სასამართლოს საკუთარ მოსაზრებას გაუგზავნის, რომელიც, მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალი იქნება.
● 30 ოქტომბერს პარტიების აკრძალვის მცდელობა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა. ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) სარჩელის გაწვევა მოითხოვა და ევროკავშირს რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზნობრივი სანქციებისკენ მოუწოდა. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა მცდელობა დაგმო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიკიტა პოტურაევმა კი შეშფოთება გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ALDE-ს განცხადებას უპასუხა: „ასეთი განცხადებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევაა“.
● 30 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მხარეები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ცვლილება არ ყოფილა, შეუთანხმებელი კი 15 მონაკვეთი რჩება. ამ საკითხის ნაწილია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია.
● 29 ოქტომბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც სემეკს შეეძლება, ოჯახებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაადგინოს. ამჟამად ერთი კუბური მეტრის ფასი მოხმარებაზე არ არის დამოკიდებული, მოქმედი ტარიფის ვადა კი დეკემბერში იწურება. 30 ოქტომბერს გაზის შესაძლო გაძვირებაზე კითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას სემეკი იღებს, მთავრობა კი მასთან კონსულტაციებს მართავს.
● 30 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე, თუ სინანულს გამოხატავს და დანაშაულს აღიარებს, „ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს“. პრემიერის თქმით, უპირობო გათავისუფლების ნებისმიერი მოთხოვნა სამართლის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
● 31 ოქტომბერს თბილისში რიგით 46-ე „შაბათის მარში“ გაიმართა სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“. მსვლელობა მეტრო „ავლაბართან“ დაიწყო. უწყვეტი პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან მოხსნა გამოაცხადა.
● სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 ნოემბრის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 31 ოქტომბერს გათავისუფლდა. სუს-ის თქმით, გათავისუფლების პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზიც“ იყო გამოყენებული.

-
ორშაბათი, 2 ნოემბერი, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ქვეყანაში და რეგიონში დონორის გულის პირველად გადანერგვის ერთი წლისთავი აღნიშნეს
● ბაქოში, ყოფილი ხორცკომბინატის ტერიტორიაზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გაშუქებისას, სახელმწიფო სააგენტო APA TV-ის კორესპონდენტს, სანან ბაჰრამლის სცემეს. თავდამსხმელმა ობიექტის დაცვის თანამშრომლად წარადგინა თავი, შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, ფიზიკური ძალა გამოიყენა მის წინააღმდეგ და რედაქციის ტექნიკა დააზიანა. მოგვიანებით მისი ვინაობა დაადგინეს – ის ჰეიდარ სარდაროვი აღმოჩნდა. პოლიციამ ის დააკავა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აზერბაიჯანის მედიისა და მაუწყებლობის საბჭომ ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმო და ობიექტური გამოძიება მოითხოვა.
● ბაქოს ნიზამინის რაიონში მდებარე რესტორან Qizil Qaya-ში, სავარაუდოდ, მასობრივი საკვებით მოწამვლის შემთხვევა მოხდა. მოწამვლის სიმპტომები 14 ადამიანს აღენიშნა, მათგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სურსათის უვნებლობის სააგენტო შემოწმებას ატარებს.
● საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატად წარდგენას.
● პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ალჟირის პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნს რევოლუციის დღე მიულოცა და ალჟირელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის გმირობის, ეროვნული ერთიანობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლო უწოდა. მან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების იმედი გამოთქვა.
● საქართველოში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა. მას პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ირაკლი კობახიძე თანათავმჯდომარეობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციებისა და შუა დერეფნის განვითარების საკითხები. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა საბაჟო და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
ასადოვის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია და ქვეყნის ეკონომიკაში თითქმის 4 მილიარდი დოლარი აქვს დაბანდებული. კობახიძემ კი საერთო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაჩქარების მზადყოფნა გამოხატა.
● აზერბაიჯანში გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი სტარტაპების საერთო ღირებულება 600 მილიონ დოლარს მიუახლოვდა. ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელის, ვუსალ გასიმლის ინფორმაციით, ქვეყანაში 161 სტარტაპი მუშაობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ეკოსისტემის ღირებულება 7%-ზე მეტით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი მსოფლიოში 81-ე ადგილზეა.
● აზერბაიჯანში ქვეყანაში და მთელ სამხრეთ კავკასიაში დონორის გულის პირველად გადანერგვის ერთი წლისთავი აღნიშნეს. ბაქოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ამჟამად ქვეყანაში ორგანოების გადანერგვას 1 500-ზე მეტი ადამიანი ელოდება, მათ შორის 50-ზე მეტი – გულის გადანერგვას. გარდაცვალების შემდეგ დონორობის მსურველად დაახლოებით 1 800 მოქალაქეა დარეგისტრირებული. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დონორობის მიმართ ინტერესის ზრდის მიუხედავად, ტრანსპლანტაციაზე მოთხოვნა კვლავ აღემატება არსებულ შესაძლებლობებს.
● 2-დან 8 ნოემბრამდე ბაქო მამაკაცებსა და ქალებს შორის სახანძრო-სამაშველო სპორტის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოსალოდნელია 20-ზე მეტი ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენის მონაწილეობა. შეჯიბრება ოთხ დისციპლინაში გაიმართება: სასწავლო კოშკზე შტურმის კიბით ასვლა, 100-მეტრიანი დაბრკოლებიანი ზოლის გადალახვა, 4×100 მეტრზე სახანძრო ესტაფეტა და საბრძოლო გაშლა.
● ბაქოში მეექვსე საქველმოქმედო გარბენი Victory Run გაიმართა, რომელიც ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის გამარჯვების წლისთავს მიეძღვნა. 10-კილომეტრიან გარბენში 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა – ეს 2021 წელს შეჯიბრების დაარსების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. გამარჯვებულები ბახტიარ ასგარილი და ანა იუსუპოვა გახდნენ. რეგისტრაციისთვის გადახდილი ყველა თანხა ფონდ YASHAT-ს გადაერიცხება, რომელიც ომებში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ეხმარება.
● აზერბაიჯანის ნაკრებმა ნეაპოლში გამართული 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრებები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა. ოქროს მედლები აიდარ ბაგიროვმა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ქენან ნასიბოვმა 100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში მოიპოვეს. ნასიბოვი ზედიზედ მეორედ გახდა 23 წლამდე სპორტსმენთა შორის ევროპის ჩემპიონი.
● ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით ჯებრაილის, ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონებში სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 70 ცხოველი დააბრუნეს. მათ შორისაა 40 ქურციკი, ხუთი შევარდენი, ოთხი აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ათი კაკაბი და სამი ნიამორი. ამის შესახებ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განაცხადა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ბუნებრივი ნაკრძალების მუშაობის აღდგენისა და 88 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის ყარაბაღის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.
● სტატისტიკა. იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანში უკანონო ბრუნვიდან 8,4 ტონაზე მეტი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 246,3 მილიონი მანათია – დაახლოებით 145 მილიონი დოლარი. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 4 352 ადამიანს დაეკისრა, მათ შორის 117 ქალს. მათ შორის 50 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ფოტო: ბაქოს ქვის ქრონიკის მუზეუმში აზერბაიჯანელი მხატვრების, ორჰან და ელვინ ნაბიზადეების, ორი პროექტი წარადგინეს. ნამუშევარი „უძველესი ქვა, თანამედროვე მეხსიერება“ გობუსტანის კლდეზე შესრულებულ გამოსახულებებს ეძღვნება და აზერბაიჯანის ფაუნას ასახავს, მათ შორის კავკასიურ ლეოპარდს, ქურციკს, რუხ მგელსა და მურა დათვს.
მეორე პროექტი – „პასუხისმგებლობის რადიუსი“ – ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთობას ეხება და ინტერაქტიულ ფორმატშია შესრულებული. პრეზენტაციას ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ლეილა ალიევა და ბაქოს მედია ცენტრის ხელმძღვანელი არზუ ალიევა ესწრებოდნენ. ისინი პრეზიდენტის ქალიშვილები არიან.


-
ორშაბათი, 2 ნოემბერი, სომხეთი. სომხეთში ახალი პასპორტის ბიომეტრიული სისტემა ამოქმედდ
● ერევანში სომხეთის ახალი პასპორტის ბიომეტრიული სისტემის ამოქმედების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. მისი თქმით, ახალი პასპორტი ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება და მისი გაყალბება შეუძლებელია.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ საერთაშორისო ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიომეტრიული პასპორტების ამ სისტემამ სომხეთის მოქალაქეებს ცხოვრება უნდა გაუმარტივოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
● ახალი ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად რეგისტრაცია უკვე 1 300-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა. მისი თქმით, ახლა სომხეთს შეუძლია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სისტემას შეუერთდეს.
● პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში სამგზავრო გადაყვანების სფეროში მოქმედი მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ IN Groupe-ის ხელმძღვანელი იან აგე, HayPass-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და IN Groupe-ის წარმომადგენელი იზაბელ ლოზო, ასევე Corporación América Airports-ის დირექტორი მარტინ ერნეკიანი.
შეხვედრის მთავარი თემა სომხეთში ბიომეტრიული პასპორტების სისტემის დანერგვა იყო. ფაშინიანმა თანამედროვე პასპორტებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა სახელმწიფო სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ევროკავშირთან სომხეთის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად.
● სომხეთი იმ 29 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც რუსეთი საკონსულო საკითხებზე დახმარების გამწევი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მუშაობას უშვებს.
● რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მოსკოვმა რუსეთში სომხეთის ახალი ელჩის თანამდებობაზე სამველ მკრტჩიანის კანდიდატურის შეთანხმებაზე უარი თქვა. ამის შესახებ მანამდე სომხური გაზეთი „ჰრապարակი“ წერდა. პუბლიკაციაში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ უარი შესაძლოა მკრტჩიანის ევროპულ ქვეყნებში მრავალწლიან დიპლომატიურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
„ჰრაპარაქი“ ასევე წერდა, რომ ზაფხულში რუსეთში სომხეთის მოქმედმა ელჩმა გურგენ არსენიანმა რუსეთის სხვადასხვა წრის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა და აგვისტოში სომხეთში დაბრუნდა. მოგვიანებით ის კვლავ მოსკოვში ჩავიდა და მუშაობა განაგრძო.
სამველ მკრტჩიანი 2018 წლის ნოემბერში პოლონეთში სომხეთის ელჩად დაინიშნა. მანამდე ის სომხეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა ლიბანში, წარმოადგენდა ქვეყანას ნატოში და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
● პირველ საყდარში, ეჩმიაძინში, სრულიად სომეხთა პატრიარქისა და კათოლიკოსის, გარეგინ II-ის აღსაყდრების 27-ე წლისთავი აღნიშნეს. გაიმართა საზეიმო ლიტურგია და პატრიარქის სახელზე სავედრებელი პარაკლისი. მორწმუნეთა თაყვანისცემისთვის გამოაბრძანეს სკევრის რელიკვარიუმი წმინდანთა წმინდა ნაწილებით. ღვთისმსახურებას ეპარქიების ხელმძღვანელები და მომლოცველები ესწრებოდნენ.
ლიტურგია ეპისკოპოსმა მუშეღ ბაბაიანმა აღავლინა. ქადაგებისას მან გარეგინ II-ს „ერთ-ერთი გამორჩეული პატრიარქი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ტახტზე იმ დროს ავიდა, „როდესაც სომხეთმა და სომეხმა ხალხმა დამოუკიდებლობის რთულ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს“.
● რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოსვლას თითქმის ათასი სატვირთო ავტომობილი ელოდება. ეს სომხეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მარშრუტია, რადგან ქვეყანას რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა. მისი თქმით, გზა მოძრაობისთვის ღიაა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამ გამოიწვია ავტომობილების დაგროვება.
● პრემიერ-მინისტრი და მისი თანამოაზრეები ერევნის ერთ-ერთ ეზოში ხაშის (საქონლის ფეხებისგან მომზადებული ტრადიციული სუპის) დასაგემოვნებლად შეიკრიბნენ. მაგიდები კარვების ქვეშ იყო გაშლილი, სტუმრებს კი სპეციალურად მოწვეული ოფიციანტები ემსახურებოდნენ.
● ერევნის ცენტრში ჰელოუინი ხმაურიანად და ურთიერთგამომრიცხავი განწყობებით აღნიშნეს. ქუჩებში ასობით ადამიანი კოსტიუმებით დადიოდა, პარალელურად კი ბევრი ჰელოუინის წინააღმდეგ პლაკატებით გამოვიდა და იესო ქრისტეს სადიდებელ საგალობლებს მღეროდა.
ფოტო: ექსპოზიცია ერევნის ცენტრში ბიომეტრიული პასპორტების სისტემის ამოქმედების აღსანიშნავად

-
სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. მიმოხილვა 26-30 ოქტომბერი, 2026