"შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით" - აზარტული თამაშების ახალი კანონი საპატრიარქოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა
აზარტული თამაშების ახალი კანონი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოსთვის მოულოდნელი იყო აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება. მისი თქმით, პროცესის სწრაფად განვითარებამ საპატრიარქოს წარმომადგენლებს კანონპროექტის დეტალურად გაცნობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცა.
„ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, საპატრიარქო საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლას და ხელისუფლებასთან განხილვას გეგმავს. დეკანოზის განმარტებით, კანონპროექტის განხილვის პერიოდში პატრიარქი დასავლეთში იმყოფებოდა, რის გამოც საპატრიარქომ პროცესში სათანადო ჩართვა ვერ მოახერხა.
ჯაღმაიძე განსაკუთრებით შეშფოთებულია ქვეყანაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული მდგომარეობით და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან ერთად აუცილებელია ამ სფეროსგან მომდინარე ზიანის შემცირების მექანიზმებზე მსჯელობა.
„დღევანდელი მდგომარეობა აზარტული თამაშების კუთხით ისედაც საგანგაშოა და კარგი იქნება, ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელოთ ზიანის შემცირებაზე — რა ზიანი მოაქვს აზარტულ თამაშებს მოსახლეობაში. საჭიროა, ვიმსჯელოთ, რომ შეიქმნას და დაფინანსდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო დაწესებულებები. ეს არის თამაშდამოკიდებულება, რაც საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას“, – აღნიშნა მან.
დეკანოზის განცხადებით, დამატებით განხილვას საჭიროებს როგორც მოთამაშეთა ასაკთან დაკავშირებული საკითხები, ისე უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულება. მისი თქმით, წინა წლებში ზიანის შემცირების მიზნით რეგულაციების შემუშავების პროცესს დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდა, მასში კი საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფიც მონაწილეობდა.
„როდესაც რეგულაციებს ვიღებდით ზიანის შემცირების მიზნით, ჩვენ ამას დაახლოებით ოთხი წელი მოვანდომეთ, ჩართული იყო საპატრიარქოდან სამუშაო ჯგუფი, ხოლო ეს კანონი წინა კვირაში ორ დღეში მიიღეს. ამიტომ შეკითხვები ძალიან ბევრია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
რა ცვლილებები შედის ძალაში
საქართველოს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი 28 ოქტომბერს დაამტკიცა. ცვლილებები სამორინეებისთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტულ ტურნირად განისაზღვრება სამორინეს მიერ ორგანიზებული შეჯიბრება, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელშიც მონაწილეთა სულ მცირე 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ცვლილებების თანახმად, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, მას ამ მაგიდისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს. ამასთან, ორგანიზატორს ტურნირის ჩატარებით შემოსავლის მიღების უფლება ექნება. ასეთი შეჯიბრებების გამართვა შესაძლებელი იქნება როგორც სამორინესთვის განკუთვნილ ობიექტზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კანონპროექტის მიმართ საპატრიარქოს წარმომადგენლების კითხვებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება არსებითი ხასიათის არ არის და მის გარშემო ფართო საჯარო დისკუსიის გამართვის საჭიროებაც არ არსებობდა.
კობახიძის თქმით, საუბარია კონკრეტული ტიპის საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის პოკერის შეჯიბრებებზე, რომლებიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. მისი განმარტებით, ცვლილება მხოლოდ ასეთი ტურნირების მიმართ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციის შემოღებას გულისხმობს და არსებულ წესებს ფუნდამენტურად არ ცვლის.
„ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, საერთოდ არ ვიყავი მე თვითონ საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ის ცვლილება თავისი შინაარსით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის შესახებ მხოლოდ მისი ინიცირების შემდეგ შეიტყო, რასაც საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებები მოჰყვა.
კობახიძის შეფასებით, ცვლილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და ის აზარტული თამაშების სფეროში არსებულ რეგულაციებში არსებით სიახლეს არ ითვალისწინებს.