ნონსენსი, გაუგებრობა, გაგაძევებთ - რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე მეცხრე დღეს
პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესი
10 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა განაგრძო. სასამართლოში კითხვა – პასუხის ეტაპი იყო დაგეგმილი, თუმცა, შეკითხვებამდე ოპოზიციამ ორი შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის – მტკიცებულებათა გამოკვლევის.
ეს ძალიან ხმაურიანი შუამდგომლობა აღმოჩნდა. მსჯელობა რამდენჯერმე გადაიზარდა კამათში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე რევაზ ნადარაია არაერთხელ გამოვიდა წყობიდან.
- შავი კატა ბნელ ოთახში: ოპოზიციის აკრძალვის საქმის მეექვსე დღე
- “პოლიტიკური ჭორი, მითი და მანიპულაცია”- აქცენტები პარტიების აკრძალვის საქმის მეხუთე დღიდან
- ბიძინა ივანიშვილს მოწმის სახით არ დაკითხავენ. პარტიების აკრძალვის საქმე, დღე IV
საბოლოოდ, ოპოზიციის ორი შუამდგომლობიდან, ერთი არ დაკმაყოფილდა, მეორე კი ნაწილობრივ. თუმცა იმგვარად, რომ ოპოზიციამ ის არდაკმაყოფილებად ჩათვალა.
როდესაც შუამდგომლობების წარდგენა დასრულდა, კითხვა – პასუხის ეტაპი დაიწყო. თავდაპირველად კითხვებს მოსარჩელე მხარეს, “ქართულ ოცნებას” უსვამენ.
წინა პროცესების მსგავსად, ამ სხდომაზეც, მოსამართლე ნადარაია ისევ ემუქრებოდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს დარბაზიდან გაძევებით. და, ისევ არ აძლევდა სიტყვის თქმის უფლებას ზოგიერთ წარმომადგენელს ოპოზიციიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავს. ეს პრეცენდენტული და მაღალი საჯარო ინტერესის საქმეა.
სარჩელის ავტორი “ქართული ოცნების” 88 დეპუტატია. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვენ: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ამ პარტიებმა დაარღვიეს კონსტიტუციის 23-ე მუხლი, რომელიც კრძალავს იმ პარტიების საქმიანობას, რომელთა მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი გზით შეცვლაა. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ამ პარტიებმა უარი თქვეს მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებაზე. სარჩელში მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობებშიც ადანაშაულებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასაც ეხება. ამის საფუძვლად პარტიის პასუხისმგებლობა სახელდება 2008 წლის აგვისტოს ომზე რუსეთთან. იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტია იყო.
სარჩელი, უემეტესად, ეყრდნობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის (ე.წ. თეა წულუკიანის კომისიის) დასკვნას.
ხუთივე მოპასუხე ყველა ბრალდებას უარყოფს.
რა ხდებოდა 10 ნოემბერს, გამორჩეულად ხმაურიან სასამართლო პროცესზე – რეპორტაჟი სასამართლო სხდომიდან.
“მოგვეცით თავდაცვის შესაძლებლობა” – “ლელომ” მტკიცებულებათა გამოკვლევაზე იშუამდგომლა
სასამართლო პროცესის დაწყებისას, ოპოზიციური პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ მოსამართლეებს შუამდგომლობით მიმართა – კითხვა-პასუხის ეტაპის დაწყებამდე, მტკიცებულებები გამოეკვლიათ.
საუბარია საქმეში არსებულ წერილობითი მასალებზე, ვიდეოჩანაწერებსა და სხვა ინფორმაცია, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა დაეყრდნოს.
- „თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ“: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის მესამე დღე
- პარტიების აკრძალვის საქმე -მეორე დღის ქრონიკა: ვენეციის კომისია, სტრასბურგი და „კაფკას პროცესი“
- საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის პირველი დღე: აცილებები, გაძევება და უარყოფილი შუამდგომლობები
შუამდგომლობის დასაბუთებისას, სამუშიამ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი და სასამართლოს რეგლამენტი მოიშველია.
საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად – „მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს უფლებას, დაუსვან ერთმანეთს კითხვები“.
“პირდაპირ გეტყვით, მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა. ეს არის სამართლის ენაზე ის, რაც მიმდინარეობს”, – მიმართა მოსამართლეთა პლენუმს სამუშიამ.
ის სასამართლოს მიმართავდა, არ გამოეტოვებინა ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ახსენებდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს, კანონის იმპერატიულ მოთხოვნას. სამუშიას შუამდგომლობას სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაეთანხმნენ, მათ თქვეს, რომ თავადაც სურდათ იგივე შუამდგომლობის დაყენება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რევაზ ნადარაია, მაქსიმალურად ცდილობდა, ეს შუამდგომლობა დასაწყისშივე უსაფუძვლო გამოჩენილიყო.
– ანუ, დავიწყოთ საქმეზე დართული ბმულების ყურება? – იკითხა მოსამართლემ.
– დიახ, -უპასუხა სამუშიამ. ის კვლავ ცდილობდა კანონისა და სასამართლოს რეგლამენტის მოშველიებას, რატომ იყო ამ ეტაპის გავლა აუცილებელი.
– სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სხვაა, – დათმობას არ აპირებდა მოსამართლე ნადარაია. ის საუბრობდა ინკვიზიციურობის პრინციპზე, რომ საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო მტკიცებულებების მოპოვება, თუ გამოთხოვა მხოლოდ მხარეების უფლება-მოვალეობა არ არის. ამ დროს სასამართლოს დომინანტური როლი აკისრია.
– შეჯიბრებითობა არავის გაუუქმებია ინკვიზიციურობის პარალელურად, – ადგილიდან ჩაერთო პროცესში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია – “არ უნდა გადავახტეთ ამ ეტაპს”, – იყო მისი რეპლიკა.
– რას ამბობთ, რომ გავხსნათ და ყველა ბმულს ვუყუროთ? ნახევარსაათიანი და მეტი გადაცემები ვნახოთ? – ფრაზას ჩაეჭიდა და ინტენსიურად ერთსა და იმავეს კითხულობდა მოსამართლე ნადარაია. [“ქართული ოცნების” სარჩელი ძირითადად თეა წულუკიანის კომისიას ეყრდნობა, თუმცა, სარჩელზე არაერთი ბმულია დართული. მათ რაოდენობას შეგიძლიათ ამ ბმულზე გადაავლოთ თვალი – JAMnews]
– მოგვნიშნოს მოსარჩელე მხარემ გადაცემებში კონკრეტული წუთი და წამი. ასე სასამართლოს დროს დავზოგავთ, – არც სამუშია აპირებდა დათმობას.
“როგორ მომემართება მე, მაგალითად, 7 ნოემბერი, როცა პირველკურსელი ვიყავი” – ბერდია სიჭინავა
„მაგალითად ნორა კვიციანის ქეისი, რომელიც არის მითითებული ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. მე ბერდია სიჭინავას მომემართება თუ არა, უნდა მაინტერესებდეს. მე ვარ პროკურორი, რომელმაც 2016 წელს მიიღო დადგენილება ნორა კვიციანის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და მე ვმონაწილეობდი მისი გამართლების პროცესში”, – დისკუსიაში ჩაერთო “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა.
ახსენა სულხან მოლაშვილის ქეისიც:
“მაინტერესებს, სულხან მოლაშვილის ქეისი მომემართება მე თუ არა. იმიტომ, რომ მე ვიყავი პროკურორი, რომელმაც დაზარალებულად ცნო მისი ოჯახი და აგარაკი დაუბრუნა“.
„ქართული ოცნების“ სარჩელის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში ყოფნისას, პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა შექმნა. ამ კონტექსტში წინა ხელისუფლების ბევრი ხმაურიანი საქმეა ნახსენები. მათ შორისაა, ნორა კვიციანისა და სულხან მოლაშვილის საქმეები. “ქართული ოცნება” სარჩელში არ უთითებს ვის რა მტკიცებულება მიემართება. ამბობს, რომ ყველას ყველაფერი ეხება.
სულხან მოლაშვილი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე იყო. 2004 წელს დააკავეს და მოგვიანებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა. ნორა კვიციანი 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. ის ემზარ კვიციანის და იყო. მისი დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა მაშინდელი ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებების კონტექსტში განიხილებოდა.
“როგორ მომემართება, მაგალითად, 7 ნოემბერი მე, როცა პირველკურსელი ვიყავი?“ – ესეც ბერდია სიჭინავას რეპლიკა იყო. [7 ნოემბერს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საპროტესტო აქციის დარბევას ედავებიან-JAMnews]
“რა ვქნათ, განაჩენებიც წავიკითხოთ?” – იკითხა რევაზ ნადარაიამ და აღნიშნა, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში კონკრეტული განაჩენებიც არის მოყვანილი.
„დასკვნას [ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა] ვერ დაეყრდნობა სასამართლო, იქ მოყვანილ ფაქტებს შეიძლება დაეყრდნოს, რასაც გამოკვლევა სჭირდება,“ – ეს უკვე გვარამიას რეპლიკა იყო. მან პლენუმს შეახსენა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ეს დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია.
“რანაირად მელაპარაკებით?! თქვენს აცილებას დავაყენებ”- ნიკა გვარამია სასამართლოს თავმჯდომარეს
დისკუსია ამ ხმაურიანი დიალოგების მერეც დიდხანს გაგრძელდა და ისევ რამდენჯერმე გადაიზარდა ხმამაღალ კამათში.
„მაგალითად, ჩემი ინტერვიუს გამოკვლევა მინდა. მე რა ვიცი, თქვენ ბოლოში დაეყრდნობით თუ არა ამ ინტერვიუს. ეს როგორ უნდა გავიგო, თუ არ გამოვიკვლევ თქვენთან ერთად?“ – იკითხა გვარამიამ.
ამ რეპლიკაზე მოსამართლე ნადარაია წყობიდან გამოვიდა და ხმას აუწია. საუბარი ხმამაღალ კამათში გადაიზარდა მაშინაც, როდესაც ნიკა გვარამიამ ამავე პროცესის სხვა არდაკმაყოფილებული შუამდგომლობები და მათი არაკანონიერება შეახსენა. [შეგახსენებთ, რომ პროცესის დაწყებიდან დღემდე, 14-მდე შუამდგომლობა წარადგინა ოპოზიციამ და მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, ისიც, ნაწილობრივ-JAMnews].
– თუ ჩვენ აქ კამათს ვაპირებთ, ასე არ გამოვა. თქვენ თქვენი საპროცესო უფლებები გაქვთ, მე ჩემი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. მალაპარაკეთ თუ შეიძლება, – მიმართა გვარამიამ.
– თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის, – უპასუხა მოსამართლემ.
– რანაირად მელაპარაკებით?! როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ. თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, – ხმაში ბრაზი დაეტყო ნიკა გვარამიასაც.
– ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ, – ისევ გაუმკაცრდა ხმა მოსამართლე ნადარაიას
– თქვენი განსახილველი არ არის, მე რას ვიხილავ! – არც გვარამია იყო მშვიდი.
– ზუსტად ჩემი განსახილველია,, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან ... – საუბარი აღარ დაასრულა სასამართლოს თავმჯდომარემ.
– მე ვასაბუთებთ შუამდგომლობას და მაცადეთ, ასე ცამხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! – სათქმელი მაინც დაასრულა ნიკა გვარამიამ.
“ქალბატონო მაია, ადგილი ხომ არ დაგითმოთ?” – მოსამართლე ნადარაია მაია კოპალეიშვილს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია წყობიდან გამოვიდა მაშინაც, როცა საუბარში ჩართვა ნიკა გვარამიას თანაგუნდელმა, მაია კოპალეიშვილმა სცადა. კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა და ის ხშირად უთითებს მოსამართლეებს სასამართლო რეგლამენტზე.
მაია კოპალეიშვილი ადგილიდან ცდილობდა დიალოგში ჩართვას და დასაბუთებას, რატომ იყო მტკიცებულებათა გამოკვლევა მნიშვნელოვანი ეტაპი.
– ქალბატონო მაია, ადგილი ხომ არ დაგითმოთ? რატომ ლაპარაკობთ? სიტყვა ითხოვეთ? განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობთ? – მკაცრი იყო მოსამართლე ნადარაია.
– მე არა, მაგრამ თქვენ ვხედავ, რომ სარგებლობთ – უპასუხა კოპალეიშვილმა.
მოსამართლემ არ მისცა მაია კოპალეიშვილს უფლება, მისი პოზიცია გაეჟღერებინა. ამ პროცესზე სასამართლოს თავმჯდომარე კოპალეიშვილის მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი იყო. რამდენჯერმე დაემუქრა გაძევებითაც. უთხრა, რომ ის სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობდა.
“გაუგებრობას აქვს ადგილი” – მოსამართლე ევა გოცირიძე
“გაუგებრობას აქვს ადგილი”, – ხმაურის გადაფარვა სცადა მოსამართლე ევა გოცირიძემ. მან თქვა, რომ სინამდვილეში მტკიცებულებათა გამოკვლევა ჩაქსოვილია კითხვა – პასუხის ეტაპში.
“ურთიერთშეკითხვების ეტაპზე შეგიძლიათ ჰკითხოთ, თქვენი ბრალეულობა რითი მტკიცდება”, – მიმართა მან ოპოზიციას.
გოცრიძემ იგივე მსჯელობა გააგრძელა, რასაც გამუდმებით იმეორებდა საკონსტიტუციოს თავმჯდომარე. მან თქვა, რომ ვერ მიჰყვებოდნენ და შეამოწმებდნენ, მაგალითად, 1-დან 1005-მდე ბმულს, რომელის სარჩელს აქვს დართული სქოლიოში.
გაიმეორა მოსამართლის მეორე არგუმენტიც – ზოგი მტკიცებულება განჩინებაა და იმედია, მათ გადახედვასაც არ მოგვთხოვთო.
“მტკიცებულებათა გამოკვლევის სტადია რატომ არსებობს? სხვა საქმეებში რატომ იკვლევენ? – ჰკითხა ევა გოცირიძეს ნიკა გვარამიამ.
ამ კითხვის პასუხად, ევა გოცორიძემ განაცხადა, რომ როდესაც კანონს წერდნენ, არ იცოდნენ პრაქტიკაში რა როგორ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებზე. და ისევ გაიმეორა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა “ჩაქსოვილია კითხვა-პასუხის ეტაპზე, განსაკუთრებით, როცა მხარეები უსვამენ შეკითხვებს ერთმანეთს“.
მაია კოპალეიშვილს ამ განმარტებაზე გამოხმაურებაც სურდა. მაგრამ, სასამართლოს თავმჯდომარემ ისევ არ მისცა სიტყვის თქმის უფლება.
– არ მაძლევთ უფლებას, რომ ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ვთქვა? არ არის სწორი – მიმართა კოპალეიშვილმა მოსამართლე ნადარაიას.
– კი, კი სწორია, ძალიან სწორია, ბევრი ითქვა უკვე, – უპასუხა მოსამართლემ.
– იცით, ეს რაზე მიანიშნებს? თითქოს, სასამართლო არის შეშინებული, – ისევ ადგილიდან უპასუხა კოპალეიშვილმა.
– ქალბატონო მაია, შეშინებულები მეორედ ახსენეთ და დაგატოვებინებთ დარბაზს, აბრძანდით , – გაბრზადა მოსამართლე.
– იცით, რას გეტყვით? ბატონო თავმჯდომარევ, თქვენ მე მაშინებთ ახლა? მე ვგავარ იმ ადამიანს, ვინმე რომ შემაშინებს? – არ კოპალეიშვილს უფიქრია უკან დახევა.
– არა, არა, საერთოდ არაა ჩემი ინტერესი, – უპასუხა მოსამართლემ.
მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი არ იქნება – პასუხი შუამდგომლობაზე
ხმაურიანი განხილვების შემდეგ, მოსამართლეთა პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. ნახევარი სააათი, რომელიც მათ ითხოვეს მსჯელობისთვის, ერთ საათამდე გაგრძელდა.
„ნაწილობრივ დაკმაყოფილება“ – ასეთი პასუხით დაბრუნდნენ მოსამართლეები დარბაზში. მათ განმარტეს, რომ გამოიკვლევენ იმ მტკიცებულებას, რომლის რელევანტურობაც, ანუ, საქმესთან შემხებლობაც სადავო გახდება. ცალკე – მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი არ იქნება.
„ერთსულოვანი იყო პლენუმი,“ – ხაზი გაუსვა მოსამართლე ნადარაიამ.
“სამართლებრივი ნონსენსი” – უარი ოპოზიციის მეორე შუამდგომლობას აღსრულების გადავადებაზე
ვიდრე გადაწყვეტილებით აშკარად კმაყოფილი ნადარაია პროცესს გააგრძელებდა და დაგეგმილ კითხვა-პასუხის ეტაპს გამოაცხადებდა, ნიკა გვარამიამ მეორე შუამდგომლობისთვის ითხოვა სიტყვა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ითხოვდა, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება მინიმუმ ერთი თვით გადავადებულიყო. შუამდგომლობას სასამართლოში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდა.
გვარამიას განმარტებით, ეს ვადა მხარეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვისა და დროებითი ღონისძიების მოთხოვნის შესაძლებლობას მისცემდა. მისი თქმით, პარტიის დაშლისა და ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდეგ, მისი აღდგენის სამართლებრივი მექანიზმი ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს.
“ბატონო ნიკა, იმდენი ისაუბრეთ და იმდენი არგუმენტი ჩამოაყალიბეთ, ამაზე შეიძლება დაიწეროს ცალკე სტატია. თემები უნდა იყოს შესწავლილი და გაანალიზებული. ახლა, დღეს, ჩემი აზრით, ეს საკითხი ვერ გადაწყდება და არასერიოზული იქნება. შუამდგომლობები დავტოვოთ განუხილველი, იმიტომ, რომ შეიძლება უარიც არასერიოზული იყოს და დათანხმებაც” , – უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ევა გოცირიძემ.
“რა კვლევა ამას სჭირდება? ეგეთი შუამდგომლობა თუ დავაყენე, რომ სამეცნიერო ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს მის გადასაწყვეტად, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე”, – გამოეპასუხა გვარამია.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები შუამდგომლობას შეეწინააღმდეგნენ. არჩილ გორდულაძის შეფასებით, მისი დაკმაყოფილება სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილების წინასწარ განსაზღვრას ნიშნავდა.
“თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას, ე.ი წინასწარ გამოხატავს პოზიციას, რომ აუცილებლად ჩაწერს X ან Y ვადას. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა გორდულაძემ.
“თუ რამეზე შეიძლება ითქვას ბუნებაში არ არსებობსო, ეს არის ხუთი სხვადასხვა პარტიის ერთი პროცესის ფარგლებში აკრძალვა”, – უპასუხა გვარამიამ.
ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამჯერად მოსამართლეთა პლენუმი სათათბიროდ აღარ გასულა. მათ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღეს.
“ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან, არც სამართლის ნორმებიდან. მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი. პლენუმის შემადგენლობა არის ერთსულოვანი“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
მან განმარტა, რომ აღსრულების გადავადებაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში შეუძლია იმსჯელოს და წინასწარი განჩინება საჭირო არ არის.
სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის – კითხვა – პასუხის ეტაპი
შუამდგომლობების განხილვის შემდეგ, სასამართლოში კითხვა-პასუხის ეტაპი დაიწყო. თავდაპირველად კითხვებს მოსამართლე ვასილ როინიშვილი სვამდა.
მან არჩილ გორდულაძეს, სთხოვა დაეკონკრეტებინა, სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. ასევე, რა პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიას ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე.
გორდულაძემ თქვა, რომ სახელმწიფო და პარტია ერთი და იგივე არ არის. თუმცა, კონკრეტული პარტია პასუხისმგებელია იმ კანონებსა და პოლიტიკაზე, რომელთა მიღებაშიც მისი წარმომადგენლები მონაწილეობენ. მაგალითად „რუსული კანონები“ მოიყვანა. თქვა, რომ მიუხედავად მათი მიღებისა, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის მანდატი კვლავ მიიღო.
როინიშვილმა ოპოზიციის არგუმენტი შეახსენა – ,რომ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა კონკრეტულ თანამდებობის პირებს უნდა დაეკისროთ და არა პარტიას.
გორდულაძის პასუხით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევები ცალკეული შემთხვევები არ ყოფილა. არსებობდა სისტემა, რომელიც დანაშაულს ახალისებდა და დამნაშავეებს მფარველობდა.
შემდეგ კითხვები ევა გოცირიძემ გააგრძელა. მან გორდულაძეს სთხოვა დაეზუსტებინა, პარტიას პასუხისმგებლობა იმიტომ უნდა დაეკისროს, რომ ლიდერების ქმედებებს არ გაემიჯნა? თუ იმიტომ, რომ ამ ლიდერების მიმართ სათანადო რეაგირება არ მომხდარა.
მანვე აღნიშნა, რომ უმეტესობა პასუხისგებაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიეცა. ოპოზიციამ ეს მიმანიშნებელ კითხვად აღიქვა.
გოცირიძის კითხვები კონსტიტუციური წყობილების განმარტებასაც შეეხო. მან იკითხა, შეიძლება თუ არა კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციური წყობილების განუყოფელ ნაწილად ჩაითვალოს და მისი დარღვევა პარტიის აკრძალვის საფუძველი გახდეს.
„ქართული ოცნების“ მეორე წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა უპასუხა, რომ 78-ე მუხლი სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან ერთად უნდა განიხილებოდეს. თორნიკე ჭეიშვილმა კი მას გარდამავალი და დროებითი მიზნისკენ მიმართული ნორმა უწოდა.
მოსამართლემ იკითხა, თუ ხელისუფლება 78-ე მუხლს არღვევს, ნიშნავს თუ არა ეს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას? და არის თუ არა პარტიის აკრძალვის საფუძველი? ამ კითხვამ დარბაზში სიცილი გამოიწვია.
გოცირიძემ კიდევ რამდენიმე საკითხი წამოჭრა. მათ შორის, რა შემთხვევაში შეიძლება პარტიას პარტიის სხვა ლიდერების ქმედებებისგან გამიჯვნა მოეთხოვოს. და, პასუხების მოსმენა მომდევნო დღისთვის გადადო.
11 ნოემბერს სასამართლო ისევ გააგრძელებს სარჩელის განხილვას. სხდომები 12 და 13 ნოემბერსაცაა დაგეგმილი.
პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლომ, 21 ოქტომბრიდან დაიწყო. საქმეზე უკვე დასრულებულია მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპი.
გასულ კვირას, სასამართლომ, 30-წლის იუბილის გამო, 10-დღიანი შესვენება აიღო. მოსამართლეებმა იუბილე “ქართული ოცნების” მაღალჩნოსნებთან ერთად იზეიმეს.
პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესი