სასამართლომ გვარამია და კოპალეიშვილი პარტიების აკრძალვის საქმის სხდომიდან გააძევა. დღე მეათე
პარტიების აკრძალვის საქმე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ 11 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის სხდომიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა.
„ბათუმელების“ ცნობით, თუ მათი შუამდგომლობა სხდომაზე დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდება, გვარამია და კოპალეიშვილი საქმის განხილვის დასრულებამდე ვეღარცერთ სხდომას ვეღარ დაესწრებიან. ორივე მოპასუხე მხარის ყველაზე აქტიური წარმომადგენელი იყო. კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.
სხდომა კითხვა-პასუხის ეტაპზე მიმდინარეობდა. მოსამართლეები კითხვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ანუ მოსარჩელე მხარეს უსვამდნენ.
● შავი კატა ბნელ ოთახში: ოპოზიციის აკრძალვის საქმის მეექვსე დღე
„ვინც დაღუპა, ყველანი ხართ აქ“: როგორ მივიდა საქმე გაძევებამდე
მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელეებს ჰკითხა, აქვთ თუ არა მტკიცებულება, რომ ოპოზიციური პარტიები ძალადობაში მონაწილეობდნენ ან ძალადობას წაახალისებდნენ. პასუხად „ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ მურთაზ ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე დაასახელა, რომლებიც 4 ოქტომბრის საქმეზე გაასამართლეს. გორდულაძის თქმით, ორივე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.
ნიკა გვარამიამ მას ასე უპასუხა: „ამ პარტიის წევრი არცერთი არ ყოფილა, ახლა ვინმეს კურსელი თუა, მაგის გამო თქვენ თუ გაგასამართლებენ, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეთ ციხეში, ყველა კურსელები ხართ, ვინც დაღუპეთ ეს ქვეყანა“.
„ვინც დაღუპა, ყველანი ხართ აქ“, – უთხრა გორდულაძემ. გვარამიამ კი იკითხა, განა მეგობრობა პარტიასთან კავშირს ნიშნავს: „მე რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ გადატრიალების მომწყობი ვართ ყველა ერთად?!“
ნადარაიამ ეს შელაპარაკება წესრიგის დარღვევად შეაფასა და დარბაზიდან ჯერ გვარამია გააძევა, შემდეგ კი კოპალეიშვილი.
„ეს არის ძალის დემონსტრირება“
კოპალეიშვილმა გაძევება სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვად შეაფასა: „ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო დავალება „ოცნებიდან““. მან ნადარაიას ჰკითხა: „რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?“
ნადარაიამ უპასუხა, რომ შუამდგომლობის დაყენება შეუძლია, და დასძინა, რომ სამწუხაროა, რომ მაია კოპალეიშვილმა კანონი არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ ამ სასამართლოში ათი წელი იმუშავა.
„ეს არის შეურაცხყოფა“, – მიმართა თავმჯდომარეს „კოალიციის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თენგიზ თევზაძემ. „საკუთარ თანაგუნდელს მიხედეთ“, მიუგო ნადარაიამ.
სანამ გაძევებულები დარბაზს დატოვებდნენ, ნადარაიამ ჰკითხა მათ: „თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ გაგაძევოთ, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ?“
კოპალეიშვილმა წასვლისას მოსამართლეებს უთხრა, რომ ისინი კონსტიტუციის მცველები უნდა იყვნენ და არა მხარეების უფლებების შემზღუდველები: „ეს არის ძალის დემონსტრირება“. მისი თქმით, „ოცნება“ კმაყოფილი იქნება, რომ მოპასუხეებისგან კითხვები აღარ იქნება.
წინა დღეს, 10 ნოემბერს, ნადარაია კოპალეიშვილს დარბაზიდან გაძევებით რამდენჯერმე დაემუქრა და სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. გვარამიამ კი თავმჯდომარის აცილების შუამდგომლობის დაყენებით იმუქრებოდა.
170 დაშავებული პოლიციელი და ფოტოები ლეპტოპზე
დღის პირველი დაპირისპირება მტკიცებულებებს შეეხო. მოსამართლე ვასილ როინიშვილმა მოსარჩელეებს ჰკითხა, დათვლილი აქვთ თუ არა, რა ხელშესახები საგარეო და საშინაო ზიანი მიაყენეს ქვეყანას მოპასუხე პარტიებმა. მაგალითად, ვიზების საკითხში, საერთაშორისო რეზოლუციებში ან არეულობების დროს დაშავებულ სამართალდამცველებში.
გორდულაძემ უპასუხა, რომ მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს სამართალდამცავი ორგანოების დაახლოებით 170 წარმომადგენელი დაშავდა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, მოსარჩელეს დაეზუსტებინა, სარჩელში სად არის ეს ციფრი მტკიცებულებად მითითებული. „ხომ გამოვტოვეთ, ბატონო თავმჯდომარე, მტკიცებულებების გამოკვლევა“, თქვა გვარამიამ. ეს წინა დღის გადაწყვეტილებაზე მინიშნება იყო.
„არაფერი გამოუტოვებია სასამართლოს, ნუ უტრირებთ“, – მიუგო ნადარაიამ. გორდულაძემ კი სამუშაო ლეპტოპზე, მისივე თქმით, დაშავებული პოლიციელების ფოტოები გახსნა და სასამართლოს აჩვენა. ამას გვარამიასთან კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. თავმჯდომარემ გვარამიას გაფრთხილება მისცა და გაძევებით დაემუქრა.
პროტესტი „კოალიციის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამაც გამოთქვა. ნადარაიამ მას სიტყვა არ მისცა: „დაბრძანდით ახლა, თორემ მიგაბრძანებთ გარეთ. არ გაძლევთ სიტყვას!“ თავმჯდომარის განმარტებით, კითხვების ეტაპზე მხარეები იმ პასუხს უნდა დასჯერდნენ, რასაც მეორე მხარე იძლევა, მოსწონთ ის თუ არა.
„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა სასამართლოს სთხოვა, გორდულაძისთვის შენიშვნა მიეცა მოპასუხეების მიმართ „უზრდელური კომენტარების“ გამო.
● „პოლიტიკური ჭორი, მითი და მანიპულაცია“ – აქცენტები პარტიების აკრძალვის საქმის მეხუთე დღიდან
გოცირიძე: ხომ არ არის სტანდარტი ზედმეტად დაბალი?
მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელეებს აკრძალვის სტანდარტზეც ჰკითხა. მისი თქმით, ხუთი პარტიის ერთდროულად აკრძალვის მოთხოვნა მართლაც უპრეცედენტოა. სარჩელში კი კიდევ რამდენიმე პარტია არაკონსტიტუციურად არის მოხსენიებული, თუმცა მათ აკრძალვას მოსარჩელე არ ითხოვს.
გოცირიძის შეფასებით, ტერმინი „არაკონსტიტუციური“ პარტიების მიმართ ძალიან იოლად არის გამოყენებული. ამ ლოგიკით, თქვა მან, საქართველოში ათზე მეტი, ანუ პარტიების უმრავლესობა შეიძლება არაკონსტიტუციური აღმოჩნდეს. მოსამართლემ იკითხა, ხომ არ არის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სტანდარტი ზედმეტად დაბალი და რამდენად შეესაბამება ის დემოკრატიულ პრინციპს.
რა ხდება შემდეგ
სხდომა 12 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. კითხვების ეტაპი გრძელდება, ამჯერად კი სასამართლო კითხვებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუსვამს. ნადარაიას თქმით, კითხვა-პასუხის ეტაპი სავარაუდოდ მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება.
საქმის კონტექსტი
„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“. ხუთიდან ოთხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახა. ცესკოს ოფიციალური შედეგებით, რომლებსაც ოპოზიცია არ აღიარებს, ამ ოთხ პარტიას ამომრჩეველთა 37.79 პროცენტმა მისცა ხმა.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ პარტიებმა კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაარღვიეს, რომელიც კრძალავს პარტიას, თუ მისი მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. მტკიცებულებად ისინი 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევას, „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარებას და, მათი თქმით, ხელისუფლების დამხობის მცდელობებს ასახელებენ. სარჩელი ძირითადად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნებს ეყრდნობა. მოპასუხეები ბრალდებებს უარყოფენ.
ბათუმში საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ მოპასუხეებმა დაახლოებით 14 შუამდგომლობა დააყენეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, ისიც ნაწილობრივ. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს ვადა. სარჩელის დასაკმაყოფილებლად შვიდი მოსამართლიდან ოთხის ხმაა საჭირო.
● ბიძინა ივანიშვილს მოწმის სახით არ დაკითხავენ. პარტიების აკრძალვის საქმე, დღე IV