მიხეილ სააკაშვილი გარკვეული დათქმებით შიმშილობის შეწყვეტას აპირებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილებას შეასრულებს და შიმშილობის შემდეგ, მის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო.
გარდა უსაფრთხოებისა და სათანადო, ადეკვატური მკურნალობისა, ხელისუფლებას დაევალა გაუწიოს მიხეილ სააკაშვილს სათანადო (appropriate) სამედიცინო მომსახურება პოსტ-შიმშილობის პერიოდში ანუ შიმშილობის დასრულების შემდგომ, რათა აღიდგინოს ჯანმრთელობა (ეს იმ დაშვებით, თუკი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს).
რას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი
● ექიმების კონსილიუმის მიერ იქნას მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ დაწესებულებაში და მკურნალობის რა მეთოდით იქნება უზრუნველყოფილი სააკაშვილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს.
● კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ექსპრეზიდენტის წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით
● მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რასაც ის დაემორჩილება უპირობოდ და ასევე, უნდა დაემორჩილოს ხელისუფლება.
● “ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებულ იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ მულტიპროფილურ დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ.”
● სააკაშვილის საქმე: რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების ქმედებები მისი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა და დამკვეთი ერთადერთია – ვლადიმირ პუტინი.
“დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ – ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები“, – წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს – მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია, მათ მიერ “საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების” საფარქვეშ:
“ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემ, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა.“
ექსპრეზიდენტის თქმით, შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რადგან შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, გლდანის საავადმყოფოში კი ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი.
ამას გარდა, მისი განმარტებით, წარმოუდგენელია, რომ ენდოს იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში ამყოფებს და ვისი ძალადობის კადრებიც დღეს ვიხილეთ.
“ასევე, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა.
ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგან რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტლიდან. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია“, – წერს სააკაშვილი.
● “პუტინის ჯალათები ხართ” – პენიტენციური სააკაშვილის მორიგ კადრებს ავრცელებს
● პენიტენციური ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობს, მას შემდეგ, რაც ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.
8 ნოემბერს “ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციის” მიზნით, იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, მკურნალი ექიმები და ასევე სახალხო დამცველის აპარატი ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის წინააღმდეგნი იყვნენ იმ მოტივით, რომ ციხის საავადმყოფოში არ იყო სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და ასევე არ იყო უსაფრთხო.
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო.
გლდანში სააკაშვილი მალულად გადაიყვანეს. ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.