ოპოზიციამ უწყვეტი აქციები დაიწყო
პატიმარი ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიციამ საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობა და უწყვეტი აქციები დაიწყო.
„პროტესტი იქნება მტკიცე, ხალხმრავალი, უწყვეტი და მშვიდობიანი“, – ასე მიმართა შეკრებილებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
მელია 8 ნოემბერს აქციის ერთადერთი გამომსვლელი იყო.
მან თქვა, რომ ამ აქციით ოპოზიცია ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე გადავიდა – უწყვეტი აქციები, როგორც დედაქალაქის მთავარ გამზირსა და სხვადასხვა წერტილებში, ისე, საქართველოს რეგიონებში:
“არ დავიშლებით, თბილისის ქუჩები არ დაცარიელდება მანამ, სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებთ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი პირველ რიგში და მერე არ იქნება ის გათავისუფლებული”.
- თითქმის ერთი თვეა სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
- ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
- რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
მისი გამოსვლის შემდეგ, აქციის წევრებმა, მისივე მოწოდებით, მთავრობის კანცელარიის პიკეტირების მიზნით, კანცელარიისკენ დაიწყეს მსვლელობა.
აქციამდე ორი საათით ადრე, ცნობილი გახდა, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტრომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თავად ექს-პრეზიდენტიც და სამოქალაქო სექტორიც. სახალხო დამცველმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობისთვის საჭირო პირობები არ არის.
ნიკა მელიამ თქვა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა მთავრობამ სპეციალურად, ვითარების ესკალაციის მიზნით გადაწყვიტა. თუმცა, მან ხაზგასმით განაცხადა, რომ გლდანის ციხესთან აქცია არ გაიმართება, რადგან ეს ხელისუფლების პროვოკაციის ნაწილია, რასაც საზოგადოება არ უნდა აჰყვეს.
მეტი დეტალი, როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა მომდევნო დღეებში, მელიას არ გაუსაჯაროებია. მან თქვა, რომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის წინასწარ გაუმხილოს ყველა დეტალი. თუმცა, თქვა, რომ ეს იქნება ნერვების ომი.
“მაგრამ ჩვენ ეს ომი უნდა მოვიგოთ, სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობის გარეშე“, – განაცხადა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი მსჯავრდებულია, ორ საქმეზე კი ბრალდებული.
ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის N12 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.