პენიტენციური ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო”, – აღნიშნულია პენიტენციური დაწესებულების განცხადებაში.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში ტანსზემოთ შიშველს მიათრევს. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა და სამედიცინო აღჭურვილობა დააზიანა.
● სააკაშვილის საქმე: რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო. “დროებითი ზომების” შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობს, მას შემდეგ, რაც ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.
8 ნოემბერს “ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციის” მიზნით, იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, მკურნალი ექიმები და ასევე სახალხო დამცველის აპარატი ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის წინააღმდეგნი იყვნენ იმ მოტივით, რომ ციხის საავადმყოფოში არ იყო სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და ასევე არ იყო უსაფრთხო.
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო.
გლდანში სააკაშვილი მალულად გადაიყვანეს. ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.