"პუტინის ჯალათები ხართ" - პენიტენციური სააკაშვილის მორიგ კადრებს ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც სასწრაფოს მანქანაშია გადაღებული და სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს”, – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
“შენ ხარ პუტინის მონა. რას ნიშნავს დავმშვიდდე? პუტინის ბრძანებას ასრულებთ, მე არ დავმშვიდდები. ლეკვო ივანიშვილის. რა უნდა დავშვიდდე. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში. არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ნებით, არც ერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, არც ერთ სამედიცინო პროცედურას არ ჩავიტარებ ჩემი ნებით. თქვენ ყველანი ხართ მკვლელები”, – ეუბნება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურის თანამშრომლებს.
● სააკაშვილის საქმე: რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ეს უკვე მეორე ვიდეოა, რომელიც დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. პირველ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით. რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში ტანსზემოთ შიშველს მიათრევს. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ.
10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო. “დროებითი ზომების” შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობს, მას შემდეგ, რაც ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.
8 ნოემბერს “ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციის” მიზნით, იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, მკურნალი ექიმები და ასევე სახალხო დამცველის აპარატი ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის წინააღმდეგნი იყვნენ იმ მოტივით, რომ ციხის საავადმყოფოში არ იყო სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და ასევე არ იყო უსაფრთხო.
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო.
გლდანში სააკაშვილი მალულად გადაიყვანეს. ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.