"როგორც კი დავინახავთ პროგრესს, შესაძლოა ჩავიდეთ" - ირაკლი კობახიძე უკრაინას პირობებს უყენებს
ირაკლი კობახიძე უკრაინას პირობებს უყენებს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლებას სამ პირობას უყენებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, შესაძლოა საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩავიდეს.
8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს, თუმცა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებების გარეშე არასათანადოდ ჩანს.
პაპუაშვილის ოფიციალურ განცხადებამდე სხვადასხვა კომენტარი გააკეთეს ცალკეულმა დეპუტატებმა. მაგალითად, ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე “მგონი ავად არის”, ხოლო დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, “ბუჩაში ჩასვლაზე საუბარი არ უნდა იყოს, სანამ არ იქნება ბოდიში ან განმარტება.”
ელჩის გაწვევა
ირაკლი კობახიძის თქმით, პირველი პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ “რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი” გადადგა, რაშიც ის, პირველ რიგში, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევას გულისხმობს.
“დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინისგან არ გვინახავს. ეს ვითარება, რა თქმა უნდა, არის შესაცვლელი. ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საკითხი.” – ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
● მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში. ფოტო
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
ე.წ. კონტრაბანდის საკითხი
კობახიძე ამბობს, რომ მეორე საკითხი უკავშირდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, უკრაინულმა მხარემ ან ეს ბრალდება უნდა დაამტკიცოს, ან ბოდიში მოიხადოს.
ყოფილი მაღალჩინოსნები
მესამე და ყველაზე მძიმე პრობლემად კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნა დაასახელა.
“ჩვენ გვგონია, რომ უკრაინასთან ყველა ამ პრობლემის სათავე, ცრუ ბრალდებების სათავე, ელჩის გაწვევების სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილები. ესენი არიან, შეგახსენებთ, პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ეს არის ადეიშვილი, რომელიც არის გენერალური პროკურორის მრჩეველი. ეს არის იგივე ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე და ნუ, არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენც: ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე კრიმინალებად აღიარებულები, დღეს რომ აქ იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს. რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება.
როგორც კი დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება, ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტზე.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
● „რუსულო გემო, იდი ნა***“. ქართველი მეზღვაურები, ნიჩბები და რუსეთ-უკრაინის ომის მემები
● “უკრაინა ომს აგებს. ზელენსკიმ ომი ვერ აიცილა”. ვინ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის უკან
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან მეორე დღეს დაიძაბა, როდესაც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება.
იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო. საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი ჯერ დროებით, შემდეგ კი საბოლოოდ გაიწვია.
ბოლო სკანდალი საქართველოსა და უკრაინას შორის უკრაინული დაზვერვის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. მათი განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.