სერგეი შოიგუ: “2024 წელს საქართველომ გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო”
სერგეი შოიგუ საქართველოზე
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ, აქებს საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს და მოსკოვსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმება.
ამის შესახებ შოიგუმ, 9 ნოემბერს, მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო“, – განაცხადა შოიგუმ.
ამავე შეხვედრაზე შოიგუმ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე.
„მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს“, – თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
შოიგუმ ასევე ისაუბრა რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, „3+3“-ის მუშაობის განახლების მნიშვნელობაზე. ამ ფორმატში ამ ეტაპზე რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიან.
3+3“ ფორმატის იდეა თავდაპირველად 2020 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააჟღერა ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ.
ფორმატი გულისხმობს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმას „თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.
რუსეთის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ „3+3“ ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, მეორე – 2023 წელს.საქართველო არცერთს არ დასწრებია.
შოიგუ შეეხეო სამხრეთ-კავკასიის საკითხსაც.
თქვა,რომ რეგიონში სიტუაცია უმჯობესდება და „სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონში მშვიდობის ფაქტობრივი დამყარება შედეგებს იძლევა“.
“ქართული ოცნება” შოიგუს განცხადებებზე
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შოიგუს განცხადებები მხოლოდ “იმ მედიასაშუალებებისთვის და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს”.
მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა ნამდვილად იყო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას შოიგუ როგორ შეაფასებს.
„არ ვიცი, თქვენ ქებას რას ეძახით, მაგრამ რეალურად იყო აჯანყების, გადაგდების, ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა. თუმცა „მშვიდობიანი დამხობა“ კი დაარქვეს. შოიგუ ამას როგორ შეაფასებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”.
რაც შეეხება „3+3 ფორმატს“, ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოს, ამ ფორმატში მოაზრებულ სხვა ქვეყნებსაც არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება.
კონტექსტი
შოიგუს განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას დადებითად აფასებენ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსკოვიდან არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს ხელისუფლების კურსის მხარდამჭერი გზავნილები.
გასულ კვირას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ინიციატივებს. მან ასევე გამოთქვა სურვილი, თბილისში რუსეთის საელჩო გაიხსნას.
აგვისტოში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატული პოლიტიკა“ მოიწონა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმატებული განვითარება რუსეთთან თანამშრომლობაშია და არა დაპირისპირებაში.
იქამდე, აპრილში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის, თუმცა პროცესის მასშტაბი თბილისის მზაობაზეა დამოკიდებული.
მარტში, ასევე მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზად არის და „ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით“.
თებერვალში კი, გალუზინმა ხაზი გაუსვა, რომ “რუსეთთან თანამშრომლობაა საქართველოს “უპრეცედენტო ეკონომიკური” აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2 სექტემბერს გაწყვიტა. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოჰყვა. მას შემდეგ ეკონომიკური კავშირები ეტაპობრივად აღდგა, თუმცა პოლიტიკური დიალოგი შეზღუდულ ფორმატში მიმდინარეობს.
ასეთი განცხადებები კეთდებოდა გასულ წელსაც.
2025 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ თბილისი „ჯანსაღ პრაგმატიზმსა“ და მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ავლენს.
მან დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებთან არშეერთება და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას შეუწყო ხელი.
სერგეი შოიგუ საქართველოზე