უკრაინამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლა შესთავაზა, პაპუაშვილი უარზეა
უკრაინამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლა შესთავაზა
8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს, თუმცა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებების გარეშე არასათანადოდ ჩანს.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. პაპუაშვილის თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს რუსული აგრესიის სამართლებრივი შეფასებისთვის და მისი სურვილია, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა გაიაზრონ ქართველი ხალხისა და მათი ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
“ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.” – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს ადამიანური და ისტორიული ვალია, და “ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ.”
პაპუაშვილის ოფიციალურ განცხადებამდე სხვადასხვა კომენტარი გააკეთეს ცალკეულმა დეპუტატებმა. მაგალითად, ირაკლი ქადაგიშვილმა თქმა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე “მგონი ავად არის”, ხოლო დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, “ბუჩაში ჩასვლაზე საუბარი არ უნდა იყოს, სანამ არ იქნება ბოდიში ან განმარტება.”
● მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში. ფოტო
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან მეორე დღეს დაიძაბა, როდესაც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება.
იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო. საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი ჯერ დროებით, შემდეგ კი საბოლოოდ გაიწვია.
ბოლო სკანდალი საქართველოსა და უკრაინას შორის უკრაინული დაზვერვის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. მათი განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.