საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
საქართველოს პრემიერი უკრაინაზე
საქართველოს პრემიერის-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან ჯერ კიდევ 25 თებერვალს იწინასწარმეტყველა, რომ რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა. ასევე, მისი განმარტებით, ჟურნალისტები გარდაცვლილი ჯარისკაცებით სპეკულირებენ, როდესაც ეკითხებიან, თუ რატომ არ მივიდა მათ სამძიმარზე.
“4 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული, ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს.
“ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ომი არავის სჭირდება და ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი უბედურება, განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ“, – თქვა ღარიბაშვილმა.
● „დედა, გვიღალატეს“ – რუსი ჯარისკაცების ისტორიები უკრაინაში მიმდინარე ომიდან
● 10 ნაბიჯი ევროკავშირისკენ – სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს
● „რუსულო გემო, იდი ნა***“. ქართველი მეზღვაურები, ნიჩბები და რუსეთ-უკრაინის ომის მემები
ხოლო კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დაკრძალვას ხელისუფლება, ირაკლი ღარიბაშვილი ასე პასუხობს: “გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ.”
“მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ ოჯახის წევრებს, მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვხატო კიდევ ერთხელ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო მათი ღირსეულად დაკრძალვა, ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაკრძალვა, ისე, როგორც შეეფერებოდა ყოფილ ოფიცრებს და ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას”, – ამბობ პრემიერი.
● ცხინვალი “მშობლიურ” რუსეთთან შეერთებას გეგმავს. რას ამბობს თბილისი?
● უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ბერიაშვილი, რატიანი და გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს – ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.
ხელისუფლების წევრებიდან მათ დაკრძალვას მხოლოდ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო, მთავრობის სხვა წევრები სამძიმარზე არ გამოჩენილან. უკრაინაში დაღუპული ქართველები არც ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ იმ ფონზე, როცა მოხალისეებს არ გზავნიან, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, “წამახალისებელი ეფექტი” ჰქონოდა.