უკრაინის დაზვერვა: რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს
რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. მათი განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა”, – წერია დაზვერვის განცხადებაში.
დაზვერვის ოფიცრების თქმით, უკვე ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო საქონლის მიწოდების ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია. საქართველო იქნება კიდევ ერთი არხი, რომლის ტერიტორიის გავლით ოკუპანტი ქვეყანა ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს, ელექტრონიკის და ოპტიკური ინსტრუმენტებს მიიღებს
უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საუბარია არა წიწიბურაზე, არამედ საომარ ტექნიკაზე.
“თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?
რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, გასცენ ბრძანებები, საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?
თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, დიდი მადლობა, მაგრამ რატომ აძლევთ უფლებას თქვენს პრემიერს და თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის მომავალში რა მოხდება, თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს.
ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?”, – ამბობს ვერეშჩუკი.
● მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში. ფოტო
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
● „რუსულო გემო, იდი ნა***“. ქართველი მეზღვაურები, ნიჩბები და რუსეთ-უკრაინის ომის მემები
ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას გეგმავენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადეს.
მომხდარს ბვრი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დაეხმარება უკრაინას რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის დოკუმენტირებაში.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამ დრომდე არ შეერთებია.