ფაშინიანი სამოქალაქო ომის მოწოდებას უარყოფს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ონლაინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.
მან თავისი ნებით გაარჩია ღამით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი – Facebook-ის საკუთარ გვერდზე ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა:
„დღეს, ფრონტის ხაზზე მყოფი ათობით ჯარისკაცის ვიდეო ვნახე. გაოცებული ვარ მათი გამჭრიახობით. ბიჭებო, თქვენ მართლები ხართ. გელოდებით ერევანში, რათა საბოლოოდ გადავჭრათ კედლების ქვემოდან მოწკმუტუნეთა პრობლემები. ვამაყობთ თქვენით“.
ეს ჩანაწერი სომხეთში სამოქალაქო ომისკენ, ოპონენტებთან ანგარიშსწორებისა და ძალადობისკენ მოწოდებად აღიქვეს.
ის დაგმო ომბუდსმენმა, ქვეყნის პრეზიდენტმა კი სასწრაფოდ გააკეთა განცხადება და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
თუმცა, პრემიერმა ონლაინ-პრესკონფერენციის დროს განმარტა, რომ ერევანში ჯარისკაცებს მხოლოდ პირადად შესახვედრად ელოდება, რომ სომხეთში ისინი იარაღის გარეშე დაბრუნდებიან და ის არავის ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ არ მოუწოდებს.
12 სომხური გამოცემის ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეეხო ყარაბაღის ომის შედეგებს, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის გამართული მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და რუსი სამშვიდობოების მისიას.
რისი თქმა სურდა პრემიერს თავისი სტატუსით
ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ბრალდებებზე, თითქოს ის სამოქალაქო ომის გაჩაღებას აპირებს.
მისი თქმით, ჯარისკაცები ფრონტიდან იარაღით არ დაბრუნდებიან და ამიტომ მტკიცება, თითქოს ის მოქალაქეებს სამოქალაქო ომისკენ მოუწოდებს, სრულიად უსაფუძვლოა:
„უბრალოდ, ახლა ყველა ადამიანი ნერვებზეა, მათით მანიპულირება ადვილია“.
ფაშინიანმა განმარტა, რომ ერევანში ჯარისკაცებს პირადი ურთიერთობისთვის ელოდება:
„ახლა ხელისუფლებას გარკვეულ ბნელ სქემებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. მეომრებმა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, ყველაზე კარგად იციან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ. ბევრი მათგანი ითხოვს ჩემთან შეხვედრას და მათ დაბრუნებას სწორედ ამიტომ ველი“.
ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ფრაზა „კედლებს ქვემოდან მოწკმუტუნე“, მან ოპოზიციის მისამართით გამოიყენა.
განცხადება ყარაბაღის ომის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ თავს ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე მთავარი პასუხისმგებელი უწოდა. მისი თქმით, ის მზად არის სახალხო სასამართლოს წინაშე წარსდგეს „საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებთან პატიოსანი და ღია დიალოგის პირობით“. მაგრამ მანამდე ადამიანებმა უნდა გაიგონ ის დეტალები, რომელიც მათ ჯერ კიდევ არ იციან.
ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახალი დღის წესრიგის ფორმულირებაა საჭირო. და მასში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მთიანი ყარაბაღის სტატუსი, რომელიც ახლა უფრო მეტად მწვავე და მნიშვნელოვანი ხდება:
„ყველაზე მთავარი საკითხია ის, რომ ყარაბაღელმა ხალხმა მთიან ყარაბაღში უნდა იცხოვროს“.
ამასთან, პრემიერის თქმით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია შენარჩუნდება და მისი სუვერენიტეტის გარანტი იქნება.
ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ციხე-ქალაქ შუშას დაცემაზეც, რომლისთვისაც, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სომხური ქვედანაყოფები ბოლომდე გმირულად იბრძოდნენ:
„ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, შუშა უბრძოლველად ჩაბარდა. თუკი ქალაქი უბრძოლველად დაიკარგა, მაშინ, როგორ აღმოჩნდა მის შემოგარენში დაღუპული სომეხი სამხედროების ცხედრები? ვინ მისცა მათ ქალაქის დაცვის ბრძანება? რატომ იბრძოდნენ ისინი, თუკი ქალაქი ჩაბარებული იყო?“.
მან უარყო ჭორები იმის შესახებაც, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში ჯერ კიდევ სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერამდე გადაისროლეს.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას და რომ ასეთი საკითხი მის დღის წესრიგში არ დგას.
პრემიერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შედეგები
ფაშინიანის Facebook-სტატუსის განხილვა ღამითვე დაიწყო – მისი გამოქვეყნებისთანავე.
კერძოდ, ის გახდა მთავრობაში გადადგომების საფუძველი. საკუთარ პოსტზე უარი თქვა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირინა კაპლანიანმა. თანამდებობა დატოვა ვარაგ სისერიანმაც – ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანის აპარატის უფროსმა, მან ასევე განაცხადა, რომ გადის პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“, რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრია.
მმართველი ბლოკი „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა სამმა დეპუტატმა – გაიანე აბრამიანმა, ტაგუი ტოვმასიანმა და ლუსინე ბადალიანმა მანდატების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა ორგანიზაცია „ადამიანის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებრივ საწყისებზე, ტევან პოღოსიანმა:
„წადით და დაე, ეს იყოს პირველი ნაბიჯი ეროვნული ერთობისთვის“.