აფხაზეთის ნაგვის კრიზისი: პრობლემა ათწლეულებია მოუგვარებელია
აფხაზეთის ნაგვის კრიზისი

აფხაზეთში ნაგვის კრიზისის ისტორია დაუსრულებელ და აბსურდულ ტრაგიკომედიას ჰგავს: პრობლემა ყველასთვის ცნობილია, მისი ტექნიკური გადაჭრის გზები სპეციალისტებს გათვლილი აქვთ, თუმცა ხელისუფლების ძალისხმევა წლების განმავლობაში არასწორი მიმართულებით და საჭირო მასშტაბების გარეშე მიემართება.
იცვლებიან ე.წ. პრეზიდენტები და მერები, იქმნება საექსპერტო კომისიები, მაგრამ როგორც კი რომელიმე უკანონო ნაგავსაყრელზე ხანძარი გაჩნდება ან აუტანელი სუნით შეწუხებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს, ხელისუფლებას პრობლემასთან დაბრუნება სასწრაფოდ უწევს. და ყოველ ჯერზე ირკვევა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.
ნაგვის გამო გამართული საპროტესტო აქციების ქრონიკა
აფხაზეთში ნარჩენების პრობლემის გარშემო დისკუსია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კურორტ ბიჭვინთასთან მდებარე სოფელ ალახაძში საპროტესტო აქცია გაიმართა. ნათელი გახდა, რომ ხელისუფლების განცხადებები, თითქოს სიტუაციას აკონტროლებს, რეალობასთან საერთო აღარაფერს წარმოადგენს.
27 ოქტომბერს ალახაძელებმა ნაგავსაყრელის შესასვლელი გადაკეტეს. ამის მიზეზი ნარჩენების დაწვით გამოწვეული მუდმივი დაკვამლიანება, აუტანელი სუნი და მასშტაბური ხანძრის გაჩენის საფრთხე გახდა. ნაგავსაყრელის დახურვის მოთხოვნას ხელი თითქმის 1000-მა ადამიანმა მოაწერა.
ადგილზე რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური ხაგუში, რაიონული საკრებულოს დეპუტატები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, რაიონული მილიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ, მათ პროტესტი შეწყვიტეს.
ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. აფხაზეთში ე.წ. ნაგვის საპროტესტო აქციების ისტორია ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისში დაიწყო. მაშინ სოხუმის მიკრორაიონ „მაიაკის“ მცხოვრებლებმა პირველად გადაკეტეს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელის შესასვლელი და სპეციალური ტექნიკის გადაადგილება შეაჩერეს.
მომდევნო წლებშიც ეს ნაგავსაყრელი პერიოდულად იწვოდა და სოხუმს მომწამვლელი კვამლით ფარავდა.
2011 წლის აგვისტოში ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იმავე წლის ნოემბრისთვის ნაგავსაყრელი „სათანადო სახეს“ მიიღებდა. თუმცა ნოემბერში არაფერი შეცვლილა. დეკემბერში კი მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა ღიად აღიარა, რომ აფხაზეთი ნაგვის კატასტროფის წინაშე იდგა.
„უნდა გვეყოს გამბედაობა, ან ინვესტორებს შევუთანხმდეთ, ან რაღაცაზე დავზოგოთ და თავად ავაშენოთ, სულ მცირე, ნარჩენების გადამამუშავებელი ორი მსხვილი საწარმო“, – განაცხადა მაშინ ანქვაბმა.
ორი წლის შემდეგ მან ყველაზე მომგებიან ვარიანტად იტალიური დანადგარების შეძენა დაასახელა. თუმცა ეს გეგმებიც ქაღალდზე დარჩა.
ერთი ნაგავსაყრელიდან მეორეზე
2018 წელს „მაიაკის“ ნაგავსაყრელი საბოლოოდ დაიხურა. თუმცა პრობლემა არ გამქრალა, მას უბრალოდ მისამართი შეეცვალა.
სოხუმის ნარჩენების ყოველდღიური გატანა დედაქალაქიდან 72 კილომეტრით დაშორებულ გალის რაიონში, სოფელ შაშაქუარას ნაგავსაყრელზე დაიწყეს, მაგრამ ამან ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა.
„სოხუმის ნაგავსაყრელზე ასობით ათასი კუბური მეტრი ნარჩენია. თუმცა ამ მასის დიდი ნაწილი ჰაერია. ნარჩენებში მყარი და თხევადი ნივთიერებების წილი მხოლოდ 15 პროცენტია, დანარჩენი 85 პროცენტი კი ჰაერია. შედეგად, მანქანები დადიან, ჰაერი გადააქვთ და ბენზინს წვავენ“, – უხსნიდა სოხუმელ სპეციალისტებს 2019 წელს რუსი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ალექსანდრ ცეხოვოი.
მისი გათვლებით, ნაგავსაყრელებს შორის ნარჩენების განუწყვეტლივ გადაადგილების ნაცვლად, თითოეულ რაიონში სპეციალური კომპაქტირების სადგურები უნდა აშენებულიყო. ისინი ნარჩენების მოცულობას ოთხ-ხუთჯერ შეამცირებდნენ და ცენტრალურ ნაგავსაყრელზე დღეში მხოლოდ ოთხი სატვირთო მანქანის გაგზავნა გახდებოდა საჭირო.
თუმცა ამ ტექნოლოგიების დანერგვის ნაცვლად, ნაგავი დღემდე ერთი რაიონიდან მეორეში გადააქვთ.
ძვირადღირებული და გამოუსადეგარი ნაგავსაყრელი კაციყუთში
ნარჩენების პრობლემის რევოლუციური გადაწყვეტა გულრიფშის რაიონის სოფელ კაციყუთში ახალი საინჟინრო-ტექნიკური კომპლექსის მშენებლობას უნდა მოჰყოლოდა.
5,5 ჰექტარ ფართობზე მოეწყო ნარჩენების განთავსებისთვის განკუთვნილი ქვაბული მრავალშრიანი საიზოლაციო საფუძვლით, გამწმენდი ნაგებობები და ნარჩენების დახარისხების კონვეერული ხაზი.
მშენებლობა როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით რთული აღმოჩნდა. პროექტის ღირებულებამ 150 მილიონ რუბლს, დაახლოებით 1,81 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
თუმცა ობიექტის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, როცა გაირკვა, რომ ის არავის სჭირდებოდა.
სოხუმმა კომპლექსის მიღებაზე უარი თქვა, გულრიფშის რაიონიც არ ჩქარობდა მის საკუთარ ბალანსზე აყვანას. მოგვიანებით ნაგავსაყრელს დაცვა მოუხსნეს და დღეს ის, ფაქტობრივად, უპატრონოდაა დარჩენილი.

სოფელ კაციყუთში აშენებული ნარჩენების გადამამუშავებელი კომპლექსი
კაციყუთის ნაგავსაყრელი ეკონომიკურად თვითკმარი ობიექტის სახით იყო ჩაფიქრებული. მშენებლობის პერიოდში ამის შესახებ საუბრობდა თიმურ აგრბა, რომელიც მაშინ კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი სოხუმის მერია.
მისი თქმით, ნარჩენების დახარისხების, დაწნეხვისა და მეორადი ნედლეულის – პლასტმასის, ქაღალდისა და ლითონის – შემდგომი გაყიდვის შედეგად საწარმო ხარჯებს თავად დაფარავდა და განვითარებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღებასაც შეძლებდა.
თუმცა პრაქტიკაში ყველაფერი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და განთავსების ტარიფს უკავშირდება.
„დღეს არსებული სატარიფო პოლიტიკა არ შეესაბამება რეალობასა და იმ ხარჯებს, რომელთა გაწევაც ჩვენს საწარმოებს უწევთ. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები იმ მოქალაქეების გადასახადებით უნდა ფინანსდებოდეს, რომლებიც ამ ნარჩენებს წარმოქმნიან“, – ჯერ კიდევ 2014 წელს აცხადებდა სოხუმის მაშინდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ეშბა.
ის მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ქალაქის ხელისუფლება ახალი საბინაო კოდექსის შესაბამისი ცვლილებების შეტანას შეეცდებოდა. თუმცა მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ახალი კოდექსი დღემდე არ მიუღიათ.
აფხაზეთში ნაგვის გატანის მოქმედი ტარიფი ერთ ადამიანზე თვეში 27 რუბლია – დაახლოებით 33 ცენტი. ეს ისედაც საკმაოდ მცირე თანხაა. თუმცა ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა ამ თანხასაც კი არ იხდის, რადგან კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდის მკაფიო და გამართული სისტემა არ არსებობს.
ექსპერტების დასკვნა და ახალი იმედი
აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ პრობლემის მასშტაბის ობიექტურად შესაფასებლად რუს სპეციალისტებთან, ადგილობრივ ეკოლოგებთან და რაიონული ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია გამართა.
შეხვედრების შედეგად მომზადდა საექსპერტო დასკვნა, რომელიც მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მთელი სისტემის კომპლექსურ შეფასებას მოიცავს. დოკუმენტი უკვე გადაეგზავნა ე.წ. პრეზიდენტს, პარლამენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და ეკოლოგიის ინსტიტუტს.
თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ მორიგი იმედია, რომელიც ჰორიზონტზე სუსტად კიაფობს. პრობლემის გადასაჭრელად რეალური ნაბიჯები ჯერ არ ჩანს.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას