ფაშინიანზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული არტურ ვანეციანი გაათავისუფლეს
განახლება, 15 ნოემბერი: სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, რომელიც გუშინ საღამოს, „სახელმწიფო მოღვაწის მკვლელობის მომზადების, ძალაუფლების უზურპაციის მიზნით შეთქმულების“ ეჭვის საფუძველზე დააკავეს.
როგორც ამბობენ, „დაკავების გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო“.

ვანეციანი სასამართლოსთან მომლოდინე მის მხარდამჭერებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ „არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული და ხელისუფლება მისი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას ცდილობს“.
14 ნოემბერი
პარტია „აირენიკის“ (სამშობლოს) ლიდერის, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, არტურ ვანეციანის დაკავების შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს. მათი შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ „სამარცხვინო პოლიტიკური დევნა“ მიმდინარეობს.
არტურ ვანეციანი დაკავებულია „სახელმწიფო მოღვაწის მკვლელობის მომზადების, ძალაუფლების უზურპაციის მიზნით შეთქმულების“ ეჭვის საფუძველზე.
ადვოკატების განცხადება
განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე ადვოკატებმა ლუსინე სააკიანმა და ერვანდ ვაროსიანმა გამოაქვეყნეს, ნათქვამია:
„ფანტაზიამ ხელისუფლებისა, რომელსაც შეუძლია „ქმნა“ მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპონენტების დათრგუნვის მიმართულებით, უკვე მიაღწია ძალაუფლების უზურპაციისა და ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმის მომზადების ბრალდების „დაბადებას“. ამ ყველაფრის სამართლებრივი თვალსაზრისით განხილვა უკვე შეუძლებელია“.
ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩხრეკა ჩაატარეს ვანეციანის მშობლების ბინასა და მისი პარტიის ოფისში. თანაც, მათ არ ჰქონდათ ჩხრეკის ნებართვა ანუ ის უკანონოდ მოხდა.
თავად ვანეციანის ბინაში ჩხრეკა არ ჩატარებულა, რადგან გამომძიებლებმა ვერ შეძლეს მისი ბინის სწორი მისამართის გარკვევა და ჩხრეკის ნებართვა სხვა მისამართზე მიიღეს.
ადვოკატების აზრით, მიმდინარე პროცესი მეტყველებს ქვეყნის ხელისუფლების განზრახვაზე, „შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერი მეთოდით, ბოლომდე მიიყვანოს ანტისახელმწიფოებრივი პროგრამები და სამშობლო მტერს ჩააბაროს“.
რატომ ლაპარაკობენ ადვოკატები პოლიტიკურ დევნაზე
ვანეციანის პარტია 17 ოპოზიციური პოლიტიკური ძალის კოალიციაში შედის, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს. თანაც, ისინი ამ მოთხოვნით ჯერ კიდევ 9 ნოემბერს გამოვიდნენ, პრემიერ-მინისტრის მიერ ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანსა და რუსეთთან ერთად სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე.
დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც სომხეთში მოღალატეობრივ შეთქმულებად და ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ნებაყოფლობით გადაცემად შეაფასეს, ოპოზიცია გადავიდა კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებზე. გადადგომის მოთხოვნას კიდევ ერთი დაემატა – ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის დენონსაცია.
11 ნოემბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა ქუჩის საპროტესტო აქციები დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ჯერ კიდევ მოქმედებს საომარი მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც მიტინგების ჩატარებას კრძალავს.
14 ოპოზიციონერი დააკავეს იმ საქმის ფარგლებში, რომელიც „მიტინგების ორგანიზებისა და ჩატარების ფაქტზე“ დაიწყო. თუმცა, 12 ნოემბრის საღამოს, მათი უმრავლესობა გაათავისუფლეს, მათ შორის, არტურ ვანეციანი. სასამართლომ მათი დაკავება უკანონოდ მიიჩნია.