ფაშინიანის სტატუსმა სოციალურ ქსელში სომხეთის მოსახლეობა დააბნია
ღამით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია:
„დღეს, ფრონტის ხაზზე მყოფი ათობით ჯარისკაცის ვიდეო ვნახე. გაოცებული ვარ მათი გამჭრიახობით. ბიჭებო, თქვენ მართლები ხართ. გელოდებით ერევანში, რათა საბოლოოდ გადავჭრათ კედლების ქვემოდან მოწკმუტუნეთა პრობლემები. ვამაყობთ თქვენით“.
ბევრმა ნიკოლ ფაშინიანის ეს ჩანაწერი აღიქვა, როგორც სამოქალაქო ომისკენ მოწოდება, რადგან ჯარისკაცები ფრონტიდან იარაღით ხელში დაბრუნდებიან. ამასთან, გაუგებარია, რას გულისხმობდა პრემიერი, როდესაც ჯარისკაცების გამჭრიახობაზე საუბრობდა.
კერძოდ, სომხეთის ომბუდსმენმა დაგმო ფაშინიანის მოწოდება, რომელიც ამ დღეებში გაისმა, როდესაც ქვეყანაში ისედაც მძიმე ვითარებაა. ასეთი მდგომარეობა სომხეთში, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ შეიქმნა. ათასობით ადამიანსა და ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს არის აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის ნებაყოფლობით დათმობის დოკუმენტი და საპროტესტო აქციებს მართავენ.
„ფაქტობრივად, ეს არის სამოქალაქო შეტაკებებისკენ მოწოდება. ეს ჩანაწერი განსაკუთრებით გაუგებარია ბოლო დღეებში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული ადამიანების გამოქვეყნებული ვიდეოების ფონზე, რომელიც შეიცავს ზიზღს, ძალადობისა და ანგარიშსწორების მოწოდებას“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ამასთან, არმან ტატოიანი მოქალაქეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, სამართალდამცავ ორგანოებს კი – იმოქმედონ მკაცრად კანონის შესაბამისად, რათა თავიდან აირიდონ შეტაკებები.
თავშეკავებისკენ მოწოდებით გამოვიდა პრეზიდენტი არმენ სარგსიანიც.
პრემიერ-მინისტრის ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ რამდენიმე დეპუტატმა მანდატების დატოვება გადაწყვიტა.
დილით პრემიერმა Facebook-ზე კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ ყველა განმარტებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რისი თქმა უნდოდა, 12 გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთებს. ინტერვიუს დაწყება მოსალოდნელია 10:30 საათზე.