სავაჭრო ობიექტები იხურება, ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო გადადის კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფაზაზე, რის გამოც მოსალოდნელია კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა ოდენობის ზრდა და შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული ღონისძიებები მკაცრდება.
“ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი, რომ ვირუსის შიდაგადაცემა შევაფერხოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის:
„დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ და როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ და გარეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ ადამიანები.
მისი თქმით, საქართველოს ფოსტა ყველა პენსიონერს აუცილებელ სერვისს მიაწვდის.
• რა გადაწყვიტა პრემიერთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ. ყველა ინფორმაცია ერთად
• საქართველოში საერთაშორისო ფრენები და სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა
• გორი, ბათუმი, ქუთაისი – როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოს რეგიონების ცხოვრება
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა
ღონისძიებების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.
ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება.
“ეს ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
19 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 40 შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.