კეთილშობილი ირმების ბუნებაში დაბრუნება ხანგრძლივი პროცესია.თბილისის ზოოპარკში დაბადებული ირმები ალგეთის ეროვნულ პარკში 2025 წლის ზაფხულშიც გადაიყვანეს. ეს ამ სახეობის ბუნებაში დაბრუნების პირველი მცდელობა იყო საქართველოში.
პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, სანამ სახეობის აღსადგენად საჭირო რაოდენობის ირმები არ შეგროვდება.
ირმების აღდგენის იდეა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაჩნდა, როდესაც საქართველოში მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამას ხელი შეუწყო ბრაკონიერობამ და უკონტროლო ნადირობამ. დღეს კეთილშობილი ირემი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. 2023 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გადაშენების პირას მყოფი სახეობების აღდგენის ეროვნული გეგმა მომზადდა.
მის შემუშავებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ხელმძღვანელობდა. ამ მიზნისთვის ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო დაახლოებით 60 ჰექტარი ფართობის შემოღობილი ტერიტორია, სადაც ირმებისთვის შესაბამისი გარემო და საჭირო პირობებია უზრუნველყოფილი.
ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მუდმივ დაკვირვებას, სათანადო დაცვასა და სხვადასხვა უწყების ჩართულობას მოითხოვს. როდესაც ირმების რაოდენობა საკმარისს მიაღწევს, მათი ბუნებაში საბოლოო გაშვება მოხდება, სადაც უკვე სრულიად დამოუკიდებლად შეძლებად ცხოვრებას.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.