სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. მიმოხილვა 19-24 ოქტომბერი, 2026
-
პარასკევი, 23 ოქტომბერი, საქართველო. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სხდომები მიმდინარეობს. ოპოზიცია ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევას მოითხოვს
● საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის მეორე სხდომაზეც ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. უარი ეთქვა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლოდან საკონსულტაციო დასკვნის გამოთხოვასა და ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე, ასევე პარტიების შუამდგომლობებს, რომ მოსარჩელემ დააზუსტოს, რომელ პარტიას რას ედავება. იგივე კითხვა პირველ სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემაც დასვა: „სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება“. სხდომა 23 ოქტომბერს გაგრძელდება, სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას თქმით კი განხილვა მომდევნო დღეებშიც ინტენსიურად წავა.
● პროკურატურამ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. ბრალდების ვერსიით, ის 2026 წლის თებერვლიდან ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს პრემიერმა დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი ფარულად გადასცა აზერბაიჯანს, რამაც საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობას ხელი შეუშალა. ბრალი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, ჩუბინიძე ბრალს არ ეთანხმება, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კი პროკურატურას მტკიცებულებების გასაჯაროებას სთხოვს.
● ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა“. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უცხოური ხელისუფლებების „მუქარის ტონით“ გაკეთებულ განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებს, ხოლო პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვას დეპუტატების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებად მიიჩნევს.
● Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის, „თავისუფლება ინტერნეტში 2026“, მიხედვით, საქართველომ „თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი დაკარგა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ გახდა. საქართველოს 100-დან 68 ქულა აქვს, შარშან 70 ჰქონდა, „თავისუფალი“ სტატუსი კი 2012 წლიდან ჰქონდა. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლება ზღუდავდა „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულ ონლაინ აქტივიზმსა და გამოხატვას, კრიტიკოსი მომხმარებლები და ონლაინ ჟურნალისტები კი ჯარიმების, ჩხრეკისა და გამოძიების სამიზნე ხდებოდნენ.
● ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, საწვავის ფასები ინფლაციაზე ზეწოლას 2027 წლის მეორე კვარტლამდე შეინარჩუნებს. სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6% იყო, აქედან დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი ენერგიის ფასებზე მოდიოდა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. ანგარიშის თანახმად, ლარში გრძელვადიანი, ძირითადად იპოთეკური სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების პირობები კი, მოსალოდნელია, გამკაცრდება.
● საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ საფრთხის შემცველად შეაფასა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება. ამ პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, მანდატს კი „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“ დაემატა. დიპლომატების აზრით, მოქმედი დიპლომატისთვის ამ სტატუსის მინიჭება შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმებოდეს, ახალი ფორმულირება კი „საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს“.
● „როსსელხოზნადზორის“ ცნობით, რუსეთი ნოემბრიდან თავის ბაზარზე რძის გადამამუშავებელ ორ ქართულ საწარმოს დაუშვებს. უწყების წარმომადგენლები თბილისში სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეხვდნენ. რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ 9 ოქტომბრიდან რამდენიმე ქართული კომპანიის სასმელებზე დაწესებული შეზღუდვები „მიზნობრივია“ და პოლიტიკური საფუძველი არ აქვს.
● სახალხო დამცველის აპარატი ითხოვს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმე პროკურატურამ გამოიძიოს, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო ბრალეულობა. აპარატის ცნობით, ფეიქრიშვილმა „ვივამედის“ კლინიკაში მის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის გლდანის მე-8 დაწესებულებაში სცემეს, პენიტენციური სამსახური ფიზიკურ ინციდენტს უარყოფს, საქმეს კი ამჟამად იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.
● სახალხო დამცველის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად გენდერის, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების დეპარტამენტები გაუქმდა, შვიდი თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. აპარატი ამბობს, რომ ცვლილებები ფუნქციების დუბლირების შემცირებას ემსახურება და არცერთ მიმართულებაზე უარს არ ამბობს. აპრილში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით სიტყვა „გენდერი“ 15 კანონიდან ამოიღეს.
● თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისთვის ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 000 და 4 000 ლარით დააჯარიმა. ინციდენტი 2025 წლის 8 სექტემბერს, კახა კალაძის შტაბთან აქციისას მოხდა. „პუბლიკის“ მტკიცებით, რეპორტიორ ქეთევან მიქაძეს ტელეფონი წაართვეს.

-
პარასკევი, 23 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. მედიისა და მაუწყებლობის საბჭო თურქულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ „დეზინფორმაციას“ აპროტესტებს, თითქოს აზერბაიჯანში ჰიჯაბის ტარების გამო მასობრივად აკავებენ ადამიანებს
● აზერბაიჯანის მედიისა და მაუწყებლობის საბჭომ დეზინფორმაცია უწოდა თურქულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს აზერბაიჯანში ჰიჯაბის ტარების გამო ადამიანებს მასობრივად აკავებენ და მოქალაქეები იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ. საბჭომ გააკრიტიკა თურქი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც მსგავს განცხადებებს ავრცელებენ.
აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. ერთ-ერთი მიზეზია აზერბაიჯანის პარტნიორობა ისრაელთან, რომელთანაც თურქეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. მეორე მიზეზი აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების ფაქტობრივი აკრძალვაა, რასაც თურქეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბაქომ თურქი პოლიტიკოსების კრიტიკა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
● აზერბაიჯანში დაპატიმრებულმა რვა რელიგიურმა აქტივისტმა უცხო ქვეყნების საელჩოებს დახმარება სთხოვა. ისინი ითხოვენ თავშესაფარს თავიანთი ოჯახებისთვის ან შვილებისთვის საელჩოებთან არსებულ სკოლებში სწავლის შესაძლებლობას. აქტივისტების განცხადებით, მათი შვილები ჰიჯაბის ტარების გამო სკოლებში უხეშ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. ისინი ციხეებში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე 37 ადამიანი დააკავეს. რელიგიური აქტივისტები კი ამტკიცებენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა დაახლოებით 400-ს აღწევს.
● თურქეთს, აზერბაიჯანსა და აშშ-ს თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. ამის შესახებ ბაქოში გამართულ საინვესტიციო სამიტზე თურქულ-ამერიკული ბიზნესასოციაციის TABA-AmCham-ის წარმომადგენელმა მერტ იუნსალმა განაცხადა. მისი მონაცემებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ოპერაციების მოცულობა 160-197 მილიონი დოლარია, თურქეთსა და აშშ-ს შორის კი 1,2-1,4 მილიარდი დოლარი.
იუნსალის თქმით, სამი ქვეყანა შესაძლოა ითანამშრომლოს სარაკეტო სისტემების, ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში. თუმცა აზერბაიჯანული კომპანიებისთვის ამერიკულ ბაზარზე შესვლა რთულ სალიცენზიო პროცედურებსა და მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. ასოციაცია კომპანიებს პარტნიორების მოძიებასა და ერთობლივი საწარმოების შექმნაში დაეხმარება.
● აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სოციალური საკითხების ექსპერტისა და ასოციაცია Ubuntu-ს ხელმძღვანელის, ზამინ ზაქის, 7 წლითა და 3 თვით პატიმრობის განაჩენი. ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. ზაქის 50 ათასი მანათის, დაახლოებით 29 ათასი დოლარის, გრანტთან დაკავშირებით ფულის გათეთრებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან.
ზაქი ბრალს უარყოფს. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდება დაუმტკიცებელია და გრანტის მიღება თავისთავად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არ უნდა იწვევდეს. ამ საქმეში დაახლოებით 50 ადამიანია ბრალდებული, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლები. ნაწილს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა, დანარჩენები განაჩენს ელოდებიან. ბრალდებულები დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
● იტალია და აზერბაიჯანი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 10 მილიარდ ევროზე მეტად გაზრდას გეგმავენ. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 8 მილიარდი ევრო იყო. შეთანხმებას რომში იტალიის მეწარმეობის მინისტრ ადოლფო ურსოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვს შორის შეხვედრაზე მიაღწიეს.
მხარეებმა ინვესტიციების, ტექნოლოგიური თანამშრომლობის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულისა და სტრატეგიული მიწოდების ჯაჭვების განვითარება განიხილეს. აზერბაიჯანული დელეგაცია იტალიური კომპანიების, მათ შორის Eni-ს, Snam-ის, Saipem-ისა და TIM-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა. იტალია აზერბაიჯანული ექსპორტის უმსხვილესი ბაზარია.
● აზერბაიჯანმა დაამტკიცა სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც 2035 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 1990 წელთან შედარებით 40%-ით შემცირებას, ხოლო 2060 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევას ითვალისწინებს.
გეგმა მოიცავს მზისა და ქარის ენერგეტიკის განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობას, მეთანის გაჟონვის შემცირებას, ნარჩენების გადამუშავებასა და ტყეების აღდგენას. ყარაბაღში, აღმოსავლეთ ზანგეზურსა და ნახიჩევანში „მწვანე ენერგეტიკული ზონების“ განვითარება იგეგმება. სტრატეგიის განსახორციელებლად ბაქო საერთაშორისო დაფინანსებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვას გეგმავს.● აზერბაიჯანმა გააპროტესტა გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ. ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, ნახიჩევანში ქრისტიანული საფლავებისა და სასაფლაოების განადგურებაზეც იყო საუბარი.
გაეროში აზერბაიჯანის წარმომადგენელმა შაჰრიარ ჰაჯიევმა მომხსენებელი მიკერძოებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ანგარიშში არ არის ასახული სომხეთის კონტროლის პერიოდში აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე სულ მცირე 65 მეჩეთის განადგურება და სასაფლაოების დაზიანება. ჰაჯიევის თქმით, აზერბაიჯანში რეგისტრირებულია 994 რელიგიური თემი, მოქმედებს 2 387 მეჩეთი, 16 ეკლესია და 7 სინაგოგა.● აზერბაიჯანული მედია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ციტირებს, რომლის თანახმად, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა 2027-2028 წლებში გაფორმდეს. ფაშინიანის თქმით, ერევანმა და ბაქომ ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივად უნდა იმუშაონ.
● სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად გაფორმება სომხეთის მთავრობის პოლიტიკური ვალდებულებაა. განცხადებას აზერბაიჯანული მედიაც აშუქებს.
● ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო კომპანია „ნახიჩევან აგროსერვისის“ გამგეობის თავმჯდომარე ჯავიდ აღამალიევი დააკავეს. მას სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ. დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე.
● ბაქოში 24-30 ოქტომბერს 15 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი და ფესტივალი, FIFA U-15 World Cup & Festival 2026, გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში 189 ქვეყნის მონაწილეობა და დაახლოებით ათასი მატჩის ჩატარება იგეგმება. აზერბაიჯანის ნაკრები პირველ შეხვედრას 24 ოქტომბერს ტიმორ-ლესტეს წინააღმდეგ გამართავს. 25 ოქტომბერს ანდორასა და ავსტრალიას შეხვდება, ხოლო 26 ოქტომბერს ისრაელსა და ჰაიტის ეთამაშება.

-
პარასკევი, 23 ოქტომბერი, სომხეთი. ნიკოლ ფაშინიანი რუსეთზე:„ჩვენს ისტორიაში პირველად მეტროპოლია თავისკენ კი არ გვიზიდავს, არამედ თითქოს გვეუბნება: ჩვენ თქვენ მოგიშორებთ“
● სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გაფრთხილებებს უპასუხა. რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაცია სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გამო წევრობის შესაძლო შეჩერებითა და მძიმე ეკონომიკური შედეგებით ემუქრება. „ჩვენს ისტორიაში პირველად მეტროპოლია თავისკენ კი არ გვიზიდავს, არამედ თითქოს გვეუბნება: ჩვენ თქვენ მოგიშორებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერც ეკონომიკური და ვერც პოლიტიკური მიზნები ვერ შეასრულა.
● სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ვასილის მარაგოსმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გაფრთხილებების შეფასებისგან თავი შეიკავა. „ეს სომხეთის ხელისუფლების საკითხია. თუმცა ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებას აკვირდება. ჩვენ აქ ვართ, რათა სომეხ ხალხს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ელჩმა.
● ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა 2027-2028 წლებში გაფორმდეს. ბაქო ხელმოწერის წინაპირობად სომხეთის კონსტიტუციის იმ დებულების შეცვლას ასახელებს, რომელსაც აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიად მიიჩნევს. ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ერევნისთვის მიუღებელია ამ საკითხის ბაქოში გადაწყვეტა. პასუხად მიიღო განმარტება, რომ აზერბაიჯანი სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს და მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს. პრემიერის განცხადებით, სომხეთი კონსტიტუციის შეცვლას ნებისმიერ შემთხვევაში გეგმავს. მან არც ვადამდელი არჩევნები გამორიცხა, თუ ოპოზიცია ცვლილებებს შეეწინააღმდეგება.
● აზერბაიჯანელი მწყემსი, რომელმაც სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, აზერბაიჯანს გადასცეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გზას ასცდა. ფაშინიანმა საზღვრის დაცვის შესახებ კრიტიკას უპასუხა: „ადამიანი გზაზე ფეხით მიდიოდა. რა უნდა გვექნა, გვესროლა და მოგვეკლა?“ მისი თქმით, მამაკაცი დააკავეს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.
● ოპოზიციური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატმა, იგივე ვაზგენ გალსტანიანმა, ხელისუფლება საზღვრის დაუცველობაში დაადანაშაულა. მან გაიხსენა 1 ოქტომბრის ინციდენტი, როდესაც სომხეთის საზღვარი აზერბაიჯანელმა სამხედრომ გადაკვეთა და ადგილობრივი ქალი დაჭრა. გალსტანიანის განცხადებით, ორი მსგავსი შემთხვევა აჩენს კითხვას, როგორ შეძლებდა ქვეყანა შეიარაღებული ჯგუფის შეჩერებას. თავად გალსტანიანი შინაპატიმრობაშია. ის 2025 წლის ივნისში ტერაქტებისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს.
● სომხეთის ვიცე-პრემიერის, მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი სიუნიქის რეგიონში გაემგზავრა, რათა „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტის პრაქტიკული სამუშაოები დაიწყოს. გრიგორიანის ინფორმაციით, პროექტი სარკინიგზო, საავტომობილო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიცავს.
● ერევანში სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ალენ სიმონიანი ევროკავშირის პარტნიორობის მისიის ხელმძღვანელ კოსმინ დინესკუს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
● სომხეთის გენერალური პროკურორი ანა ვარდაპეტიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. ის საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის მიწვევით ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც შეხვდა. შეხვედრაზე სამართლებრივ სფეროში პარტნიორობისა და დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს.
● სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის თანამოაზრე, დეპუტატი აგნესა ხამოიანი აცხადებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ქოჩარიანის პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება. დეპუტატის თქმით, მან საკანი პირადად ნახა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი პირობებს არ გაასაჩივრებს. აგვისტოში ქოჩარიანისა და კიდევ ცხრა პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად საკუთარი თავისთვის, შვილისა და დაკავშირებული პირებისთვის გადაცემაში ადანაშაულებს. გამოძიების ვერსიით, გარიგებები ხშირად კონკურსის გარეშე, წინასწარ შემუშავებული სქემებით ხორციელდებოდა.
● სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისტორიული ხელნაწერების საცავ მატენადარანისთვის ორი ხელნაწერის შესაძენად 148,5 მილიონი დრამი, დაახლოებით 412 ათასი დოლარი გამოიყო.

-
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, საქართველო. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვა შემაშფოთებლად შეაფასა
● საკონსტიტუციო სასამართლომ ბათუმში „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო. მმართველი პარტია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
შვიდწევრიანმა პლენუმმა ოპოზიციის ყველა შუამდგომლობა უარყო, მათ შორის მოსამართლეების აცილების, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მოწმედ დაკითხვისა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღების მოთხოვნები. სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. განხილვა 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება, პარტიის აკრძალვისთვის კი შვიდიდან ოთხი მოსამართლის ხმაა საჭირო.
● გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვა შემაშფოთებლად შეაფასა და განაცხადა, რომ შეშფოთებას ქართულ მხარეს გაუზიარებს. სამინისტროს სპიკერის, კატრინ დეშაუერის თქმით, ეს საქმე ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ევროპული ლიბერალების ალიანსმა ALDE-მ კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ავტორიტარულ რეპრესიებს აღრმავებს, და ევროკავშირს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდა.
● პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ზურაბაშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც შეინარჩუნებს, ეს პოსტი კი თითქმის ერთი წელი ვაკანტური იყო. კობახიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ბარიერი აქვს, დანიშვნა კი ქართულ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე რუსეთის მიერ ახლახან დაწესებულ შეზღუდვებს არ უკავშირდება.
● იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ადვოკატის ინფორმაციით, ფეიქრიშვილს ნეკნები და სახის ძვლები აქვს მოტეხილი, თავდასხმაში კი ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს ადანაშაულებს. ყიფიანის ადვოკატი ბრალდებას უარყოფს, პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ თანამესაკნეებს მასზე არ უძალადიათ. პრემიერის თქმით, გამოძიება ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც დაადგენს.
● სემეკის სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მაშინ თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგია რამდენიმე საათით შეწყდა. დასკვნის თანახმად, დარღვევები გამოვლინდა გადამცემ და გენერაციის ობიექტებზე, მათ შორის ენგურჰესში. სემეკი ენერგოკომპანიებისთვის მაქსიმალური სანქციის, თითო შემთხვევაზე 75 000 ლარის დაკისრებას განიხილავს და გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს.
● მთავრობის ადმინისტრაციამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა. კულტურის სამინისტრომ 722 645 ლარი დახარჯა და 26 ხელშეკრულება გააფორმა, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან კი 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა. პრემიერ კობახიძის თქმით, თანხების შესახებ კითხვა „აღარავის დარჩა“ და გამოძიება საჭირო არ არის.
● სასამართლომ 22 წლის თამაზ მთივლიშვილის, შაურმის ობიექტის თანამშრომლის მკვლელობისთვის გიორგი პაპაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთივლიშვილი 17 თებერვალს, თავის დაბადების დღეს მოკლეს. ბრალდების მხარის თქმით, პაპაშვილი მსხვერპლზე ექვსი საათის განმავლობაში ძალადობდა. დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
● საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის ახალი მაგისტრალის ბადიაური-ბაკურციხის დაახლოებით 31-კილომეტრიანი ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ორი ლოტის სავარაუდო ღირებულება 183 მილიონი დოლარია. პროექტს საქართველოს მთავრობა, მსოფლიო ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი დააფინანსებენ, წინადადებებს კი 21 დეკემბრამდე მიიღებენ.
● მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 2026 წლის 16 ოქტომბრამდე უცხოური გრანტის მიღების 330 განაცხადიდან მთავრობამ 215-ს მისცა თანხმობა, 13 უარყო, 88 კი ჯერ განხილვის პროცესშია.
● სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფებს გადახედავენ, რადგან მათი მოქმედების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება.

-
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი,აზერბაიჯანი. აზერბაიჯანმა თურქეთის 31 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
● აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედია თურქეთის ხელისუფლებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავებაზე დაგვიანებული და არასაკმარისად მკაფიო რეაქციის გამო აკრიტიკებს. დაძაბულობის მიზეზებად სახელდება აზერბაიჯანის პარტნიორობა ისრაელთან და თურქეთში აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების ფაქტობრივი აკრძალვის გამო დაწყებული პროტესტი. თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ბაქო გააკრიტიკეს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კი ეს შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა. 21 ოქტომბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილჰამ ალიევს დაურეკა და ანკარაში დაგეგმილ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე მიიწვია. აზერბაიჯანული მედია ამ საუბარს ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშნად აფასებს.
● აზერბაიჯანმა თურქეთის 31 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ შორის არიან ჟურნალისტები, რელიგიური მოღვაწეები და პარლამენტის დეპუტატები. ბაქოს მტკიცებით, ისინი სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ განცხადებებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, ასევე ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისა და რელიგიური სიძულვილის გაღვივების მოწოდებებს. სამინისტრო აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებების წინააღმდეგ ზომების მიღებას გააგრძელებს.
● სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მწყემსმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთა, რის შემდეგაც ის სამხედრო პოლიციაში გადაიყვანეს. სომხეთის ოფიციალურ უწყებებს დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა.
● რომში იტალიისა და აზერბაიჯანის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს. შეხვედრას ორივე ქვეყნის მინისტრები და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის SOCAR-ის, AzerGold-ის, Baku Steel Company-ისა და PASHA Holding-ის წარმომადგენლები. მხარეები ბაქოში ფართომასშტაბიანი ბიზნესფორუმის ჩატარებისთვის ემზადებიან.
● იტალიამ და აზერბაიჯანმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის სფეროში თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. იტალიის მინისტრის, ადოლფო ურსოს განცხადებით, ქვეყნები ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და სამრეწველო ინოვაციების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ. აზერბაიჯანი შესაძლოა ჩაერთოს იტალიაში, პორტო-მარგერაში, სტრატეგიული ნედლეულის საცავის შექმნის პროექტში. მისი მიზანია ევროპული მრეწველობის დაცვა მიწოდების შეფერხებებისგან.
● ბაქოში ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე ევროპულმა კომპანიებმა აზერბაიჯანი რუსეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტების მნიშვნელოვან ალტერნატივად დაასახელეს. თუმცა შუა დერეფანი ჯერ სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. პრობლემებს შორისაა დაფინანსების ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის არათანაბარი განვითარება და საქართველოს მონაკვეთზე ციფრული სისტემების ჩამორჩენა.
● აზერბაიჯანის ექსპედიტორთა ასოციაციის წარმომადგენლის, ელმირ პოლადოვის განცხადებით, შუა დერეფანში ტვირთების გადაადგილებას აფერხებს კასპიის ზღვაზე საბორნე ინფრასტრუქტურის სიმცირე, სასაზღვრო პუნქტების გადატვირთვა და ქვეყნებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია. მისი თქმით, უამინდობისა და ბორნების ნაკლებობის გამო ყაზახეთის აქტაუს პორტმა დეკემბერ-იანვარში 60 დღიდან მხოლოდ 10 დღე იმუშავა. დამატებითი პრობლემებია თურქეთის მიმართულებით სარკინიგზო ლიანდაგის სიგანის ცვლილება, ცარიელი კონტეინერების უკან დაბრუნების ხარჯები და ტვირთების თვალთვალის ერთიანი სისტემის არარსებობა. გაუმჯობესების გზებად სახელდება ახალი გემების მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა და ალიათის პორტის გაფართოება.
● ევროკავშირის ელჩის, მარიანა კუიუნჯიჩის განცხადებით, ევროკომისია აზერბაიჯანის სტრატეგიულ სექტორებში კერძო ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს. ევროკავშირი აზერბაიჯანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი. განახლებულია მოლაპარაკებები ევროკავშირ-აზერბაიჯანის ახალ ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე, რომელმაც 1999 წლის შეთანხმება უნდა ჩაანაცვლოს. მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა ბრიუსელსა და ბაქოში.
● აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია AzerGold უზბეკეთში ოქროს საბადოს „აკბას“ შესწავლას იწყებს. კომპანიამ პირველი უცხოური შვილობილი საწარმო, AzerGold Uzbekistan, დაარეგისტრირა. ლიცენზიის მიღების შემდეგ კაშკადარიის რეგიონში 18-თვიანი გეოლოგიური კვლევა დაიწყება. კომპანია უზბეკ პარტნიორებთან ერთად სხვა საბადოების შესწავლასაც გეგმავს.
● აზერბაიჯანის პრესის საბჭომ მოქალაქეები WhatsApp-ში ცნობილი ჟურნალისტების სახელით შექმნილი ყალბი ანგარიშების შესახებ გააფრთხილა. სამართალდამცავების ინფორმაციით, თაღლითობის უკან უცხოური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელები დგანან, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. მოქალაქეებს საეჭვო შეტყობინებებზე რეაგირებისგან თავის შეკავებისა და შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებენ.
● ბრიუსელში საპროტესტო აქციის მონაწილე ორგანიზაცია „ყარაბაღში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების“ წარმომადგენლები ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. ისინი ყარაბაღის პირველი ომის დროს დაკარგული აზერბაიჯანელების ბედის გარკვევას ითხოვენ და სომხეთს მასობრივი სამარხების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დაბრუნებულ ტერიტორიებზე 32 მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ოჯახები აცხადებენ, რომ ბრიუსელში პროტესტს ახლობლების ბედის გარკვევამდე გააგრძელებენ.
● აზერბაიჯანში ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარე ერთ წელიწადში 10,6%-ით გაიზარდა და 98,92 მეგაბიტს წამში მიაღწია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა 100 სახელმწიფოს შორის 47-ე ადგილზეა.

-
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, სომხეთი. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
● სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ 19 ოქტომბერს აზერბაიჯანის მოქალაქემ სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, 1968 წელს დაბადებული იაშარ ალი ოღლუ გასიმოვი გზას ასცდა. „აზერბაიჯანის მოქალაქის დაბრუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. ინფორმაცია თავდაპირველად სომხურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, რომლებმაც დაწერეს, რომ აზერბაიჯანელმა მწყემსმა სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. გავრცელებული ცნობების თანახმად, მას თეთრი დროშაც ჰქონდა.
● სომხეთში განიხილავენ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ანგარიშს, რომელშიც საუბარია ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებზე, თუ სომხეთი კავშირს დატოვებს. ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი მიიჩნევს, რომ ანგარიშში ეს შედეგები მნიშვნელოვნად არის გაზვიადებული. მისი თქმით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის უარყოფითი გავლენა სომხეთის ეკონომიკაზე უმნიშვნელო იქნება და 0,61%-ით ფასდება. ანგარიშის იმ მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ კავშირიდან გასვლის შემთხვევაში სომხეთისთვის გაზი 69%-ით გაძვირდება, პაპოიანმა განაცხადა, რომ გაზის ფასის ცვლილების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე 5-7%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს.
„არ შეიქმნება ისეთი ვითარება, საიდანაც გამოსავალს ვერ ვიპოვით. მოწოდებული გაზის ფასში სხვაობას ამა თუ იმ ფორმით აქამდეც ვიხდიდით ან ახლაც ვიხდით. გაზის გაძვირება არასასურველია, თუმცა, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში გაზის საბაზრო ფასად შეძენა ლოგიკურ გადაწყვეტილებად უნდა იქცეს. ადაპტაციის გზით ამ ეტაპამდე უნდა მივიდეთ“, – აღნიშნა პაპოიანმა.
● საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ალიანსის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ), გენერალური მდივნის განცხადებაზე. გენერალური მდივნის თქმით, „ცვალებადი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით“, სომხეთმა შესაძლოა ორგანიზაციაში აქტიური მუშაობა განაახლოს. „ვერ წარმომიდგენია, როგორ დაბრუნდება სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, – მოკლედ უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტებს.
სომხეთმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციაში მონაწილეობა გაყინა, მის საქმიანობაში აღარ მონაწილეობს და საწევრო შენატანებსაც არ იხდის. ეს ერევნის პასუხია მოკავშირეების უმოქმედობაზე მას შემდეგ, რაც სომხეთმა დახმარება ითხოვა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის დროს. მსგავსი ინციდენტები 2021-2022 წლებში რამდენჯერმე მოხდა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ჩაურევლობა იმით ახსნეს, რომ აზერბაიჯანთან საზღვარი დელიმიტირებული არ არის.
● არარატ მირზოიანის განცხადებით, სომხეთის რკინიგზის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა, დაელოდონ რუსეთთან ერთობლივი კომისიის მუშაობის შედეგებს. ამჟამად სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონცესიის ქვეშაა. მინისტრის თქმით, სომხეთს ჰყავს დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც ამ რკინიგზის გამოყენება სურთ, თუმცა ამის გაკეთებას ვერ ახერხებენ, რადგან ის სანქციების რეჟიმის ქვეშაა – რკინიგზას რუსეთი მართავს. სომხურ-რუსულმა კომისიამ გადაწყვეტილებები სამი თვის განმავლობაში უნდა შეიმუშაოს. მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი გახდეს და ეს შანსი არ უნდა გაუშვას ხელიდან.
● დილიდან სამართალდამცველები მასობრივ ჩხრეკებს ატარებდნენ ქალაქ სტეფანავანში. ამომრჩევლების მოსყიდვის ბრალდებით დაახლოებით 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის – პრორუსული ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ კანდიდატი ადგილობრივი თემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, არსენ გევორგიანი. არჩევნები ამ შაბათ-კვირას უნდა გაიმართოს. ამჟამად სასამართლო ათზე მეტი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.
● პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ. „პარტიის კანდიდატის დაკავება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ეშინია: თუ სტეფანავანში წააგებს, შემდეგ სხვა ადგილებშიც დამარცხდება“, – განაცხადა პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა ტიგრან აბრამიანმა და დაარწმუნა საზოგადოება, რომ „სტეფანავანში ბრძოლა გაგრძელდება“.
● სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს შეთანხმება, რომ სატრანზიტო მარშრუტით TRIPP-ით, რომელიც აზერბაიჯანს მისი ავტონომიური რესპუბლიკა ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს, აიკრძალება იარაღის, საბრძოლო მასალისა და საშიში ქიმიური ტვირთების გადაზიდვა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი კატეგორიის საქონლის გადამზიდავებს ნებართვის წინასწარ მიღება მოუწევთ.
● პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა შეთანხმების რატიფიცირების პროექტზე, რომელიც ეხება „სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას პროექტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ფარგლებში“. პროექტს ეროვნული ასამბლეის მორიგ ოთხდღიან სესიაზე განიხილავენ.
● სომხეთიდან ევროკავშირში ექსპორტი 51%-ით გაიზარდა – 2025 წელს არსებული 475 მილიონი დოლარიდან ამჟამად 717 მილიონ დოლარამდე, – დაწერა ფეისბუქზე ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა.
● ანტიკორუფციულმა კომიტეტმა გიუმრის მერის, ვარდან გუკასიანის წინააღმდეგ ახალი ბრალდება წარადგინა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. გუკასიანი უკვე შინაპატიმრობაში იმყოფება კორუფციის ბრალდებით. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ბრალდება კინოთეატრ „ოქტომბერს“ უკავშირდება, მეორე კი – მიწის კოდექსის 60-ე მუხლის დარღვევას. გუკასიანის ადვოკატის განცხადებით, ორივე შემთხვევაში ბრალდებებისთვის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
● ქარხანა „ჰრაზდან ცემენტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, განემარტათ, რა ბედი ელის დაახლოებით 450 თანამშრომელს. საწარმო უკვე მრავალი წელია არ მუშაობს და მისი მომავალი გაურკვეველია. ადგილობრივი მედია წერდა, რომ ბიზნესმენი ნარეკ ნალბანდიანი „ჰრაზდან ცემენტის“ შეძენას, საკრედიტო რესურსების მოზიდვასა და წარმოების განახლებას აპირებდა. თუმცა გარიგების დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა და არ არის გამორიცხული, ქარხნის შეძენა საერთოდ ვერ მოხერხდეს.
ამ ვითარებაზე გავლენა იქონია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ: „თუ მივიღებთ მტკიცებულებას, რომ რომელიმე ბიზნესმენი, მათ შორის ნარეკ ნალბანდიანი, ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე კავშირი აქვს პრემიერ-მინისტრის ოჯახთან, გარწმუნებთ, რეაქცია ძალიან მკაცრი იქნება“.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქარხნის ამუშავება არა მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მომგებიანი იქნება. „შეგვიძლია ცემენტი ადგილზე ვაწარმოოთ, ამის ნაცვლად კი ცემენტს საქართველოში და ირანში ვყიდულობთ და ამით იქ წარმოების განვითარებას ვუწყობთ ხელს“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
● ჯანდაცვის მინისტრმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ Telegram-ში მისი სახელითა და ფოტოთი ყალბი ანგარიში შეიქმნა და ექიმებს შეტყობინებებს უგზავნის.

-
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, საქართველო. საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს.
● საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 21, 22 და 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, არსებითად განიხილავს მმართველი უმრავლესობის 88 დეპუტატის სარჩელს ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ. სარჩელი ეხება შემდეგ პარტიებს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“. სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნით სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა, გადაწყვეტილების მისაღებად კი 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს ვადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასაკრძალ პარტიებზე განაცხადა: „მათი დღეები დათვლილია“.
● ოპოზიციამ 21 ოქტომბერს, 11:00 საათიდან, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია დაანონსა.
● ციხეში, სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევებს ჰქონდა ადგილი. პატიმრის, კრიმინალური ავტორიტეტის, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მის კლიენტს ოთხი ნეკნი, თავის ქალა და სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული. ფეიქრიშვილის გადმოცემით, დაზიანებები მას ასევე კრიმონალურმა ავტორიტეტებმა ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრო“) და სხვებმა მიაყენეს. პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ თანამესაკნეებისგან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ფეიქრიშვილმა კი დერეფანში ფანჯრის მინა ჩაამტვრია და თვითდაზიანებით იმუქრებოდა. ვატო ყიფიანის ადვოკატი ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს. საღამოს ფეიქრიშვილი კვლავ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, რომლის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პატიმარს ზემო კიდურებზე ახალი დაზიანებები აქვს. ძმები ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, ყიფიანი და ბილანიშვილი კი 15 ოქტომბერს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.
● ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ საქართველოს მმართველ უმრავლესობას მოუწოდა, „დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, პარტიის დაშლა დამაჯერებელ დასაბუთებას და აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს მოითხოვს. ბერსემ განაცხადა, რომ „ევროპის საბჭო ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს“.
● საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებების გამო, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეს ეხება. უწყების შეფასებით, ეს „წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას“. სამინისტრომ ევროპელ წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარ განსჯის.
●ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის საელჩოში ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ფედერალისტების“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. „ლელოს“ წევრის ბადრი ჯაფარიძის თქმით, საუბარი იყო იმაზე, „როგორ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები“. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა შეხვედრას საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე „ბოლო ინსტრუქტაჟი“ უწოდა.
●რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს და მასში მოსალოდნელია, გამეორდეს შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა „მხოლოდ სახელით“. მისივე ცნობით, ახალი სანქციები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმება არ არსებობს.
● მთავრობამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია წარადგინა, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა. კორპორაცია ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს განვითარების ფონდის (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) ფუნქციებსაც შეითავსებს და, პრემიერის თქმით, ენერგეტიკისა და მსხვილი სტრატეგიული ობიექტების თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას. 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით კორპორაციისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
● სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზების ელექტრონული აუქციონები გამოაცხადა, რომლებიც 15 ნოემბერს დასრულდება. ობიექტების საწყისი ფასი ჯამში 49.2 მილიონი ლარია, გამარჯვებულებმა კი 5 წლის განმავლობაში ჯამში არანაკლებ 314 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ. ირაკლი კობახიძის თქმით, წყალტუბოს კურორტის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
● საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group-თან თბილისის შემოვლითი გზის წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა. მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზა და ორი პარალელური, 3.4-კილომეტრიანი გვირაბი აშენდება. პრემიერის თქმით, 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე უწყვეტი ოთხზოლიანი ავტობანი იქნება, ყველა ავტობანის მშენებლობა კი 2031 წლის ჩათვლით დასრულდება.
● მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შვილებს, მათ შორის არასრულწლოვანს, მათი ნების საწინააღმდეგოდ თანასოფლელ მამაკაცებზე დაქორწინებას აიძულებდნენ. ბრალდება ორ სხვადასხვა ფაქტს ეხება და ქორწინების იძულებასა და ოჯახში ძალადობას მოიცავს. მუხლები 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: ოპოზიციის ალიანსი

-
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი,აზერბაიჯანი. აზერბაიჯანმა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძიებაში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა
● აზერბაიჯანმა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძიებაში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. გაეროში აზერბაიჯანის წარმომადგენლის, შაჰრიარ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთთან კონფლიქტის შედეგად 4 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დღემდე დაკარგულად ითვლება. კონფლიქტის დასრულების შემდეგ აღმოჩენილია 32 მასობრივი სამარხი, სადაც 253 ადამიანის ნეშტი იპოვეს. ბაქო სომხეთისგან არქივების გახსნასა და სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემას ითხოვს.
● ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან, აზერბაიჯანული ორგანიზაცია „ყარაბაღში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები“ საპროტესტო აქციას მართავს. მონაწილეები ყარაბაღის პირველი ომის დროს დაკარგული 4 ათასზე მეტი ადამიანის ბედის გარკვევას ითხოვენ. მათ დაკარგულთა ფოტოები და პირადი ნივთები წარადგინეს და სომხეთს შესაბამისი არქივების გახსნისკენ მოუწოდეს.
● აზერბაიჯანში კიდევ ორი სამოქალაქო აქტივისტისთვის ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვენ. პროკურატურამ პლატფორმა Meclis.info-ს ხელმძღვანელ იმრან ალიევისთვის 12 წლით, ხოლო ელგიზ გაჰრამანისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მათ კონტრაბანდას, ფულის გათეთრებას, გადასახადებისგან თავის არიდებასა და სხვა დანაშაულებს ედავებიან. ორივე ბრალს უარყოფს და დევნას ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს. სხდომა მას შემდეგ გადაიდო, რაც მესამე ბრალდებულმა, თამილა მუსაევამ, გონება დაკარგა. პროცესი 2 ნოემბერს გაგრძელდება.
● 2023 წლის ბოლოდან აზერბაიჯანში კონტრაბანდის ბრალდებით 30-ზე მეტი ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს. დაკავებულები საქმეებს თავიანთ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ, ხელისუფლება კი ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას უარყოფს. უფლებადამცველების მონაცემებით, აზერბაიჯანის ციხეებში ამჟამად 328 პოლიტიკური პატიმარია.
● ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოძრაობა NIDA-ს აქტივისტის, ელმირ აბასოვის საჩივარზე განმარტებები მოსთხოვა. აბასოვს, რომელიც „Toplum TV-ის საქმეზე“ 11 წლით, 11 თვითა და 28 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, ნარკოტიკების შენახვაშიც ადანაშაულებენ. ის ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, დაკავება კი პრეზიდენტის კორუფციაში საჯაროდ დადანაშაულებისთვის დასჯა იყო. აქტივისტი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და მისი საჩივრების გამოუძიებლობაზეც საუბრობს.
●Toplum TV-ის საქმეზე“ დაკავებები 2024 წლის მარტში დაიწყო. 2026 წლის ივლისში სასამართლომ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. მათ შორის დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის ხელმძღვანელ აკიფ გურბანოვსა და თანადამფუძნებელ რუსლან იზეთლის 15-15 წელი, ხოლო Toplum TV-ის თანადამფუძნებელ ალესგერ მამედლის 14 წელი მიესაჯა. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. სასამართლომ მათი ავტომობილებისა და ბინების კონფისკაციაც გადაწყვიტა.
● BP Azerbaijan-ის ინფორმაციით, 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი „შაჰდენიზის კომპრესია“ საზღვაო სამშენებლო ეტაპზე გადავიდა. კომპანიამ კასპიის ზღვაში ოთხი განსაკუთრებით დიდი დიამეტრის საყრდენი დაამონტაჟა. პროექტი დამატებით დაახლოებით 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზისა და 25 მილიონი ბარელი კონდენსატის მოპოვებას ითვალისწინებს. მშენებლობის დასრულება 2029 წელს იგეგმება.
● უნგრეთმა აზერბაიჯანის ეკონომიკაში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დააბანდა. უნგრეთის ელჩის, ტამაშ ტორმას განცხადებით, კომპანიებმა MOL-მა და MVM-მა ნავთობისა და გაზის მსხვილ საბადოებში წილები შეიძინეს, MVM კი მზის ელექტროსადგურ „შაფაგის“ აქციონერიცაა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიკისა და წყლის რესურსების მართვის სფეროებში, მათ შორის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტზე.
● აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო ტვირთბრუნვამ ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან მოცულობა 14,5%-ით გაიზარდა და 12 მილიონ ტონას გადააჭარბა. პორტების გავლით საკონტეინერო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა.
● ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ყარაბაღის ეროვნული პარკის შექმნის გადაწყვეტილებას. პარკი 88 418 ჰექტარს მოიცავს აღდერის, ხოჯალის, ქელბაჯარის, შუშისა და ლაჩინის რაიონებში. ოფიციალური განცხადებით, მისი მიზანი ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა.
● აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქეები თაღლითობის გახშირებული შემთხვევების შესახებ გააფრთხილა. დამნაშავეები თავს სახელმწიფო უწყებებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებად ასაღებენ, იყენებენ ყალბ სატელეფონო ნომრებს, WhatsApp-სა და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ხმებს. მათი მიზანი ფულისა და პერსონალური მონაცემების მოპოვებაა. დაზარალებულთა შორის სახელმწიფო მოხელეების ოჯახის წევრებიც არიან.
● აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს საფრანგეთში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია. უწყება რეკომენდაციას ქვეყანაში ბოლო დღეებში გახშირებული არეულობებით, ძალადობითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შემთხვევებით ხსნის.



-
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, სომხეთი. რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა სომხეთი ორგანიზაციაში წევრობის შესაძლო შეჩერების მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილა
● რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა სომხეთი ორგანიზაციაში წევრობის შესაძლო შეჩერების მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილა. რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლების მომზადებული ანგარიშის თანახმად, ასეთ შემთხვევაში სომხეთისთვის რუსული გაზი შესაძლოა 69%-ით გაძვირდეს, ექსპორტი 30-50%-ით შემცირდეს, რეექსპორტი კი 90%-ზე მეტით. ანგარიშში ასევე საუბარია საბაჟო კონტროლის აღდგენასა და შრომითი მიგრაციის პირობების გამკაცრებაზე.
● ერევანი აცხადებს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლას არ გეგმავს, ევროკავშირში გაწევრიანება კი ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური განზრახვაა. მიუხედავად ამისა, ანგარიშში განიხილება სომხეთის წევრობის შეჩერება მანამდე, ვიდრე ქვეყანა ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის შესახებ რეფერენდუმს არ ჩაატარებს.
● რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლის, ნიკოლაი სილაევის განცხადებით, სომხეთის წევრობის შეჩერების საკითხი შესაძლოა დეკემბერში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაზე გადაწყდეს. ორგანიზაციის ხელშეკრულება წევრობის შეჩერების მექანიზმს პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუმცა სილაევის თქმით, გადაწყვეტილებისთვის სამართლებრივ საფუძვლად ვენის კონვენცია შეიძლება გამოიყენონ.
● სომხეთის პრორუსული ოპოზიცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან შესაძლო გასვლის შედეგებზე აფრთხილებს საზოგადოებას. საპარლამენტო ფრაქცია „სომხეთის“ მდივნის, არტურ ხაჩატრიანის განცხადებით, თუ ანგარიშში მოცემული პროგნოზების ნახევარი მაინც გამართლდება, ქვეყნისთვის შედეგები კატასტროფული იქნება.
● Bloomberg-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ამერიკელ ბიზნესმენ კონსტანტინ სოკოლოვთან, რომელიც 201 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფონდ TRIPP+-ს ხელმძღვანელობს. ფონდი სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის „ტრამპის მარშრუტის“ განვითარებას უჭერს მხარს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სოკოლოვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირები აქვს. მან განაცხადა, რომ სომხეთის სპილენძის მრეწველობაში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. სექტემბერში სოკოლოვმა ქვეყანაში სპილენძის მომპოვებელი სიდიდით მეორე კომპანია შეიძინა. ბიზნესმენის შეფასებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ეკონომიკური აქტიურობის ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
● ქალაქ რაზდანის მერიის თანამშრომელს წინასაარჩევნო მოსყიდვასა და სამსახურებრივ გაყალბებაში ადანაშაულებენ. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ის ყალბ ცნობებს გასცემდა, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეები ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათებს იღებდნენ. ერთ შემთხვევაში ყალბი დოკუმენტით მოქალაქემ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებული სესხიც მიიღო. გამოძიების ვერსიით, ამ გზით სახელმწიფო თანხები თაღლითურად იქნა მითვისებული.
● სომხეთის კორუფციის პრევენციის კომისიამ შესაძლოა საზღვრის კვეთის ელექტრონულ მონაცემებზე პირდაპირი წვდომა მიიღოს. ეს საშუალებას მისცემს უწყებას, გადაამოწმოს თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების საზღვარგარეთ მოგზაურობები და შეადაროს ისინი ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას. ამჟამად კომისიას მონაცემების მისაღებად სახელმწიფო უწყებებისთვის წერილობითი მიმართვა უწევს.
● სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა.
● სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ქვეყანამ 30 სახელმწიფოში 908,6 ტონა ყვავილი გაიტანა. საექსპორტო ბაზრებს შორისაა საქართველო, თურქეთი, ირანი, ევროპის 14 ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია და აშშ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საექსპორტო მიმართულებებს 23 ახალი ბაზარი დაემატა. 10 ოქტომბრიდან ევროკავშირში სომხური პროდუქციის 80%-ზე მეტის უბაჟოდ შეტანის გადაწყვეტილება ამოქმედდა.
● ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, საპროტესტო აქციები გამართონ, თუ ვინმე მათ საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელს უშლის ან უკანონო ზეწოლას ახორციელებს. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შესთავაზა, ზეწოლის შემთხვევებზე პირადად მისთვის მიეწერათ. ფაშინიანის განცხადებით, დადასტურებული დარღვევებისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები საჯაროდ დაისჯებიან.
● ერევანში რესტორან „გუსტავის“ მენეჯერზე ძებნა გამოცხადდა. მას ქალთა საპირფარეშოში ფარული ვიდეოგადაღების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ნიჟარის ქვეშ დამალული ტელეფონი რესტორნის სტუმარმა შემთხვევით აღმოაჩინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მენეჯერმა დაადასტურა, რომ ტელეფონი მას ეკუთვნოდა. რესტორნის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. საქმე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
● სომხეთში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ავტობუსში გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც მამაკაცი საკუთარ ცოლს საჯაროდ ამცირებს. კონფლიქტში სხვა მგზავრი ქალი ჩაერია და მამაკაცი მეუღლესთან ერთად ავტობუსიდან ჩააყვანინა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა, თუმცა დააკავა ქალიც, რომელმაც შემთხვევა გადაიღო და სოციალურ ქსელში უცენზურო კომენტარით გამოაქვეყნა. გამოძიება მის ქმედებებშიც საზოგადოებრივი წესრიგის შესაძლო დარღვევის ნიშნებს ხედავს. საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს.
-
სამშაბათი, 20 ოქტომბერი, საქართველო . ტელეკომპანია "ფორმულას " წამყვანს, ვახო სანაიას, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
● თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თორნიკე ქოჩქიანმა „ფორმულას“ წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფაში ედავება. სანაია საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, სხდომას არ დაესწრო და დევნას აბსურდულს უწოდებს. მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად გამოიყენება.
● ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. მისი შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ეს სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ევროკომისია ხელისუფლებისგან უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას მოითხოვს.
● პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაასახელა დეპუტატები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციას დაიცავენ: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. 88 დეპუტატის სარჩელით მმართველი პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, ფედერალისტებისა და „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას ითხოვს. სხდომები 21-23 ოქტომბერს არის დანიშნული, ოპოზიცია კი თბილისსა და ბათუმში აქციებს აანონსებს.
● მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად გადასცა. პროკურატურა მას ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ მტკიცებულებად არ დაურთო ღარიბაშვილის საჯარო წერილი, რომელშიც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს. ღარიბაშვილს სხვა საქმეზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, საპროცესო შეთანხმებით უკვე აქვს მისჯილი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
● 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს: ერთი წელი და ერთი თვე თავისუფლების აღკვეთა და ორწლიანი პირობითი მსჯავრი. თუ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეთანხმებას დაამტკიცებს, ჭავჭანიძე ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს. იმავე საქმეზე მსჯავრდებულმა ანტონ ვარდანიძემაც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა.
● საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტმა 6.15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 19.6%-ით მეტია. იმპორტი 5.3%-ით, 14.38 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, სავაჭრო დეფიციტმა კი 8.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილესი ბაზრები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთია, მთავარი საექსპორტო საქონელი კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები.
● ქართული ღვინის ექსპორტი იანვარ-სექტემბერში ღირებულებით 0.6%-ით, მოცულობით კი 6%-ით შემცირდა და 188.7 მილიონი დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ბიზნეს მედიის ცნობით, ექსპორტის ღირებულების 63.4% კვლავ რუსეთზე მოდის. მეორე და მესამე ადგილზე პოლონეთი და უკრაინაა.
● „ენგურჰესი“ შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ დოკუმენტში აცხადებს, რომ 24-25 ივლისის მასშტაბური ჩაბნელებისას ჰესის ოთხი გენერატორის აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ ვერ რეაგირებდნენ. კომპანიამ ამ სისტემების განახლებისთვის Voith Hydro-სთან ტენდერის გარეშე 560 000 ევროს კონტრაქტი გააფორმა. ავარიების მიზეზებს სემეკი სწავლობს, სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების შედეგები კი ჯერ არ გასაჯაროებულა.
● დევნილებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან ფულადი კომპენსაცია არ მიუღიათ, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000-ლარიანი კომპენსაციისთვის განაცხადის შეტანა შეუძლიათ. განაცხადები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში 2 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, თანხა კი არაუგვიანეს 45 დღისა გაიცემა. პროგრამისთვის წელს 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.
● 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველომ ფრანგული ვაქცინის Vaxigrip 200 000 დოზა შეიძინა. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან.
-
სამშაბათი, 20 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. ბაქომ თურქეთში მცხოვრებ შვიდ პირზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - მათ აზერბაიჯანში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებაში ადანაშაულებე
● გენერალურმა პროკურატურამ თურქეთში მცხოვრებ და მომუშავე შვიდ პირზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ ბრალად ედებათ აზერბაიჯანში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების, კონსტიტუციური წყობილების შეცვლისა და რელიგიური სიძულვილის გაღვივებისკენ საჯარო მოწოდებები. ფიგურანტებს შორის არიან გამოცემა Haksöz-ის ავტორი რიდვან კაია, Değişim TV-ის წამყვანი ზექერია ჯერანი და Analiz Merkezi-ის დამფუძნებელი ფათიჰ თეზჯანი. გამოძიების ვერსიით, 25 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე ისინი შესაბამის მასალებს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტპლატფორმებზე აქვეყნებდნენ. კაია და ჯერანი ასევე მონაწილეობდნენ სტამბოლსა და ანკარაში აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გამართულ აქციებში. ბაქოს სასამართლომ შვიდივეს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები აამოქმედა, მათ შორის, თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის.
● პრესის საბჭომ რამდენიმე თურქული მედიასაშუალება და სოციალური ქსელების მომხმარებლები აზერბაიჯანის შესახებ მიკერძოებული და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მათ შორის საუბარია მტკიცებაზე, თითქოს ქვეყანაში სკოლებში ჰიჯაბის ტარება აიკრძალა. საბჭოს შეფასებით, სასკოლო ფორმის წესებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოაჩენენ და ხელოვნურად აქცევენ რელიგიური დაპირისპირების საგნად, თანაც ძველ და ყალბ ფოტო- და ვიდეომასალას იყენებენ. „გამოქვეყნებულ მასალებში ღიად ირღვევა კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების საზღვრები, პლატფორმა ეთმობა სახიფათო მოწოდებებს, რომლებიც აზერბაიჯანში კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისა და ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში. პრესის საბჭომ თურქულ მედიას მოუწოდა, არ დაუშვას დეზინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რომლებიც პრინციპს – „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ – ეფუძნება.
● პატიმრობაში მყოფი Meydan TV-ის ჟურნალისტი აინურ ელგიუნეში, როგორც იქნა, კლინიკაში გადაიყვანეს, – განაცხადა მისმა ადვოკატმა. ოჯახის წევრები და მეგობრები ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდნენ, ჟურნალისტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ. ისინი მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობდნენ. ადვოკატის თქმით, ელგიუნეშს ფეხზე უკვე 17 ოპერაცია აქვს გადატანილი, დაკავების მომენტისთვის კი მორიგი ქირურგიული ჩარევისთვის ემზადებოდა. ამჟამად ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა თირკმელთან დაკავშირებით აქვს და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, – განაცხადა ადვოკატმა. ოფიციალურ უწყებებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აინურ ელგიუნეშე და კიდევ 11 ჟურნალისტი და აქტივისტი „Meydan TV-ის საქმის“ ფარგლებში არიან დაკავებული. მათ ბრალად ედებათ ვალუტის კონტრაბანდა და სხვა დანაშაულები. ყველა მათგანი ბრალს უარყოფს და სისხლის სამართლის საქმეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პუბლიკაციებს უკავშირებს.
● ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა ბაქოში აზერბაიჯანის სამხედრო შესაძლებლობების ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის ერთობლივი შეფასება ჩაატარეს, – იტყობინება შვედეთის საელჩო. პროცესი მიზნად ისახავს თავსებადობის გაზრდასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ბაქოს ეწვივნენ, მათ შორის, ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაურის მოადგილე ჯონ მიდი და ავიაციის კომოდორი ჯეფ ბროკი. ისინი აზერბაიჯანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
● აზერბაიჯანში არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსი ისა სეიფ ბინ აბლან ალ-მაზრუი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები შეხვდნენ თავდაცვის მინისტრ ზაქირ გასანოვსა და აზერბაიჯანის არმიის გენერალური შტაბის უფროს ქერიმ ველიევს. შეხვედრებზე განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოება და ერთობლივი საფრენოსნო-ტაქტიკური სწავლება „შევარდენების შეხვედრა – 2026“, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში მიმდინარეობს. დელეგაციამ ასევე მოინახულა აზერბაიჯანის საჰაერო ძალების საჰაერო ოპერაციების გაერთიანებული ცენტრი.
● 2025 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის ტექნოლოგიურ საინვესტიციო პორტფელში წამყვანი პოზიციები NVIDIA-მ, Apple-მა და Microsoft-მა დაიკავეს. წლის განმავლობაში ფონდის ინვესტიციები სატელეკომუნიკაციო და IT კომპანიების აქციებში 18,8%-ით გაიზარდა და თითქმის 9 მილიარდ მანათს (დაახლოებით 5,3 მილიარდ დოლარს) მიაღწია. ფონდის უმსხვილეს საფონდო ინვესტიციებს შორის ათეულში შვიდი ტექნოლოგიური კომპანია მოხვდა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე მათი რაოდენობა ხუთი იყო.
● ჩეხურმა კომპანია Škoda Group-მა განაცხადა, რომ მზად არის, ბაქოში, აზერბაიჯანის სხვა ქალაქებსა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციის მთავარი პარტნიორი გახდეს, – განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში გაყიდვების მიმართულებით, რომან სორკინმა. კომპანია ბაქოს მეტროპოლიტენს სტრატეგიულ პროექტად განიხილავს. ასევე დაინტერესებულია ტრამვაის სისტემების განვითარებით, მსუბუქი სარკინიგზო ტრანსპორტითა და ტრანსკასპიური მარშრუტისთვის ელექტრული წევის მოძრავი შემადგენლობის მიწოდებით. ვრცლად – აქ.
● აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის განათლების, სამართალდამცავი საქმიანობისა და რეგიონთაშორისი კავშირების სფეროებში თანამშრომლობის განვითარება კიევში გამართული შეხვედრების სერიის ფარგლებში განიხილეს. შეხვედრებში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ელჩი სეიმურ მარდალიევი და უკრაინის განათლების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები. მარდალიევი ასევე შეხვდა ქალაქ ივანო-ფრანკივსკის მერსა და უკრაინის ამ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
● ილჰამ ალიევის X-ანგარიშზე 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომისადმი მიძღვნილი მორიგი ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოში ნაჩვენებია კადრები ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მიმდებარე რაიონების სომხეთის მიერ 30 წელზე მეტი ხნის ოკუპაციის პერიოდიდან. მათ შორისაა 1990-იანი წლების დასაწყისში, პირველი ყარაბაღის ომის დროს, ადგილობრივი აზერბაიჯანელების მასობრივი გაძევების, მეჩეთების ნგრევისა და შეურაცხყოფის კადრები. ნაჩვენები არიან სომხეთის ლიდერებიც, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ოკუპაციას მხარს უჭერდნენ.
გაეროსა და ევროკავშირის სტრუქტურების ოფისებში გამართული შეხვედრების კადრების ფონზე ვიდეოში საუბარია საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობასა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე. შემდეგ ნაჩვენებია მეორე ყარაბაღის ომის კადრები და ნათქვამია, რომ ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა დამოუკიდებლად აღადგინა.
ამის შემდეგ ილჰამ ალიევი სამშვიდობო პროცესზე საუბრობს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანს საკუთარი ხალხის ტანჯვისთვის შურისძიება არ უცდია და სომხეთს მშვიდობა შესთავაზა. მისი თქმით, მშვიდობა კვლავ მყიფეა და დაცვასა და განმტკიცებას საჭიროებს.
● აზერბაიჯანმა წლის დასაწყისიდან სომხეთში 23,45 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, მაშინ როცა სომხეთიდან არაპირდაპირი იმპორტის მოცულობამ მხოლოდ 96 500 დოლარი შეადგინა, – იტყობინება საბაჟო კომიტეტი.
● მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველომ აზერბაიჯანიდან საწვავისა და საპოხი მასალების იმპორტი 23%-ზე მეტით გაზარდა. ამჟამად აზერბაიჯანი ამ პროდუქციის საქართველოში მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა.
● ყარაბაღში წლის დასაწყისიდან 25 მაგისტრალური სატელეკომუნიკაციო ხაზი გაიყვანეს, რომელთა საერთო სიგრძე 1 000 კილომეტრს აღემატება, – განაცხადა სახელმწიფო კომპანია „აზტელეკომმა“. ინფრასტრუქტურა 11 ქალაქსა და 54 სოფელსა და დაბაში შეიქმნა. ქსელს 12 267 აბონენტი დაუკავშირდა.
● დღეს ფეხბურთის გულშემატკივრები ბაქოში აზერბაიჯანულ „საბაჰსა“ და გერმანულ დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის მატჩისთვის ემზადებიან. შეხვედრა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის საერთო ეტაპის მესამე ტურის ფარგლებში გაიმართება და 20:45 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის ქალაქის სხვადასხვა უბნიდან სტადიონამდე უფასო ავტობუსები იმოძრავებს. ინიციატივა კლუბ „საბაჰს“ ეკუთვნის და მას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უჭერს მხარს.
-
სამშაბათი, 20 ოქტომბერი, სომხეთი. ეკონომიკის მინისტრი: COP17-ის სომხეთში ჩატარება ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას ზრდი
● გაეროს საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონფერენციის, COP17-ის, სომხეთში ჩატარება ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას ზრდის. ამასთან, სომხეთი ტურისტული თვალსაზრისითაც ვითარდება, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა. მისი ინფორმაციით, ამ დღეებში სომხეთში ავიარეისების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში ქვეყანას დამატებით 10-15 ათასი ტურისტი ეწვევა. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებები საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და საინვესტიციო შესაძლებლობების ზრდასაც უწყობს ხელს, – აღნიშნა პაპოიანმა.
● პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ თათბირზე „აკადემიური ქალაქის“ პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს. ეს მასშტაბური სახელმწიფო პროექტი ითვალისწინებს ერთიანი ტექნოლოგიური ცენტრის შექმნას, რომელიც თანამედროვე სივრცეში გააერთიანებს უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა ისაუბრა უნივერსიტეტების გაერთიანების კონცეფციასა და პროგრამის ცალკეული მიმართულებების ფარგლებში ავტორიტეტულ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე. მინისტრმა ასევე წარმოადგინა ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯების შეფასება.
● თავდაცვის სამინისტროში ახალი საკადრო დანიშვნები განხორციელდა. ტარონ ეღიაზარიანი შეიარაღებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად დაინიშნა, ნორაირ მკრტჩიანი კი – შეიარაღებული ძალების მორალურ-ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად.
● სევანის ტბაში მძიმე ტექნიკის გამოყენებით სამშენებლო ნარჩენების ჩაყრა გამოვლინდა. დაზიანდა 580 კვადრატული მეტრის ფართობის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორია, ხოლო 33 კვადრატული მეტრის ფართობის წყლის მონაკვეთი დაბინძურდა. მიყენებული ზიანი 946 404 დრამს (დაახლოებით 3 000 დოლარს) შეადგენს. დანაშაულის შესახებ შეტყობინება გენერალურ პროკურატურას გადაეცა.
● დაკმაყოფილდა სახელმწიფოსთვის გადაუხდელი გადასახადებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ კიდევ ერთი სარჩელი. სასამართლო გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის შემდეგ ფიზიკურ პირს 39 128 615 დრამის (დაახლოებით 110 000 დოლარის) ღირებულების ქონება ჩამოერთმევა.
● დღეს მიმოქცევაში გამოვა ვერცხლის სამახსოვრო მონეტა, რომელიც ბუნების ძეგლს – „ქვების სიმფონიას“ ეძღვნება. ეს ბუნებრივი წარმონაქმნი მდინარე აზატის ხეობაში, უძველეს გარნის ტაძართან ახლოს, ერევნიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ბაზალტის სიმეტრიული სვეტები ორღანის მილებს ჰგავს. ტერიტორია განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ბუნებრივი რესურსების ნუსხაშია შეტანილი.
● პოლიციამ 37 წლის ადგილობრივი მცხოვრების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კანაფის მოყვანისა და ნარკოტიკების დამზადების ფაქტი გამოავლინა.
● აზერბაიჯანმა წლის დასაწყისიდან სომხეთში 23,45 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ამასთან, სომხეთიდან აზერბაიჯანში არაპირდაპირი იმპორტის მოცულობამ მხოლოდ 96 500 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი იუწყება.
ფოტო: სომხეთის წითელ ნუსხაში შეტანილი ბეზოარული თხის ორი ნაშიერი სოფელ წახქუნქში, ერთ-ერთი სახლის ეზოში აღმოაჩინეს და ამოიყვანეს. ცხოველები დაახლოებით 4-5 თვის არიან – ერთი მამრი და ერთი მდედრი. ველური ბუნებისთვის მიყენებული ზიანი 3 000 000 დრამს (დაახლოებით 8 300 დოლარს) შეადგენს. ბუნებისა და წიაღის დაცვის ინსპექციამ შეტყობინება საგამოძიებო კომიტეტს გაუგზავნა.

-
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, საქართველო
● 17 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. პარტიის განცხადებით, ივანიშვილმა შეაჯამა გუნდში წარსულში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ ისინი გადალახულია. პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, სხვა საკადრო საკითხი არ განხილულა და ციხეში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. კირცხალიამ პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.
● კობახიძემ განაცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებში არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება და გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. მისი თქმით, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მალე გაუზიარებენ.
● 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა რამდენიმე პირმა, მათ შორის კახა კვაჭანტირაძემ და გიორგი თალახაძემ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გლდანის ციხე დატოვა.
● 16 ოქტომბერს საქართველოში ჩამოასვენეს ლაშა ბროლაძის ცხედარი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. მას ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში დაკრძალავენ.
● საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო ქვეყნის ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდაჭერას გააგრძელებს და 2026 წელს ახალი პროექტებისთვის 38 მილიონ ევროს გამოყოფს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ განცხადებით ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა ფაქტობრივად გააუქმა და ეს სირცხვილი მალე უნდა ჩამოირეცხოს. 17 ოქტომბერს კობახიძემ ევროკავშირს შესთავაზა, პოლიტიკურ დონეზე ღია და საჯარო დიალოგი დაიწყონ.
● თბილისის საქალაქო სასამართლომ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწროს“, და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ვერსიით, 14 ოქტომბერს ვაკის ერთ-ერთ რესტორანში მათ 65 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ; ბრალი ჯგუფურ ძალადობას ეხება და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარე თითოეულისთვის 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. ბილანიშვილს მედია ხშირად ბერა ივანიშვილის მეგობრად მოიხსენიებს.
● ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა დატოვა ნანა ყეინიშვილმა, რომლის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, საქმე თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მენეჯერების განცხადებების საფუძველზე, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა გადასცა. ყეინიშვილი ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ თანამდებობა სახელმწიფოს ინტერესებისა და ეროვნული ბანკის რეპუტაციის დასაცავად დატოვა.
●16 ოქტომბერს საქართველოს ეწვია შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადი აქვს გაკეთებული. კასისის თქმით, მომავალი წლის თავმჯდომარეზე ფართო კონსენსუსია საჭირო და მიზანია, გამოსავალი ნოემბრის ბოლომდე მოიძებნოს, თუმცა შედეგის გარანტიას ვერ იძლევა. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა მთავრობის ინიციატივას პიარული მანევრი უწოდა.
● კობახიძე გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციის, COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. პრემიერის თქმით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. 17 ოქტომბერს შეხვედრას აშშ-ის კონგრესმენი, რესპუბლიკელი ჯო უილსონი გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამერიკის მოძულე რეჟიმი უწოდა, ხოლო ირანი ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენია.
● 19 ოქტომბრიდან იწყება განაცხადების მიღება დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამაზე. ჯანდაცვის სამინისტროს 16 ოქტომბრის ინფორმაციით, დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ან კომპენსაცია არ მიუღია, ოჯახის თითო წევრზე 10 000 ლარის აღება შეუძლია; განაცხადები იუსტიციის სახლებში 2 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, წლევანდელ ბიუჯეტში კი 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, პროგრამა უსახლკარობის რისკებს შექმნის.
● 16 ოქტომბერს პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რომში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს აუხსნა – სანამ ასამბლეა ქართველი ხალხის სუვერენიტეტს შელახავს, საქართველოს დელეგაციას ასამბლეაში ვერ იხილავენ. მისი თქმით, PACE საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილებას არ ცნობს.
● 17 ოქტომბერს თბილისში 44-ე „შაბათის მარში“ გაიმართა სახელწოდებით „არა წამებას!“. მსვლელობა ავლაბრის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართა; მონაწილეები ციხეებსა და პოლიციაში წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის დასრულებას ითხოვდნენ. მარშს სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა გააკრიტიკა. საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს 21-23 ოქტომბერს განიხილავს.
● 17 ოქტომბერს მწერალთა სახლში მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზი“ წარადგინა. მოძრაობის წარმომადგენლები 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.

-
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. თურქმა მიმომხილველმა, რომელიც ბაქომ აზერბაიჯანში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ მოწოდების ბრალდებით საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა, თავისი პუბლიკაციებისთვის ბოდიში მოიხადა.
● აზერბაიჯანში 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს. ქვეყანას დღესასწაული მიულოცეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, უკრაინის, ლატვიისა და ნიდერლანდების საელჩოებმა, ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციამ.
● თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა. „ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ, როგორც მწუხარებაში, ისე სიხარულში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
● აზერბაიჯანში 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს, ირანის საზღვართან, მდინარე არაქსზე მდებარე XIII საუკუნის ხუდაფერინის ხიდზე კონტროლის დამყარებიდან ექვსი წელი აღნიშნეს. აზერბაიჯანული მედია ასევე იხსენებს ჯებრაილის რაიონის ორი ისტორიული სოფლის დაბრუნებას, რომლებიც მანამდე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სომხური ძალების კონტროლქვეშ იყო.
● ჰაკერულმა ჯგუფმა „313 Team“ საკუთარ თავზე აიღო 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებებისა და საზღვარგარეთული დიპლომატიური წარმომადგენლობების საინფორმაციო რესურსებზე განხორციელებული DDoS-შეტევები. ამის შესახებ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა.
● აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ენი აზერბაიჯანმა“ საკუთარი რიგებიდან გარიცხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი რამიზ მეჰტიევი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მას სახელმწიფო ღალატს, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობასა და დანაშაულებრივი შემოსავლების გათეთრებას ედავებიან.
● აზერბაიჯანის პროკურატურამ ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერების, ალი ქერიმლისა და მამედ იბრაჰიმის წინააღმდეგ გამოძიება დაასრულა. მათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებენ, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თავდაპირველად საქმე რამიზ მეჰტიევის წინააღმდეგ გამოძიებას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით წარმოებები გაიყო. ორივე ოპოზიციონერი ბრალს უარყოფს და დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
● თურქმა მიმომხილველმა ჯელალ ჩიფთჩიმ, რომელიც აზერბაიჯანმა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა, ქვეყანასა და მის მოსახლეობას საკუთარი პუბლიკაციებისთვის ბოდიში მოუხადა. მას ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებასა და რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ. ჩიფთჩი აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას აპროტესტებდა. მან სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირი ილჰამ ალიევის გამოსახულებიან ქუჩის ნიშანს აგდებს. მოგვიანებით ჩიფთჩიმ განაცხადა, რომ საკუთარი სათქმელის ფარგლებს გასცდა და აზერბაიჯანის მომავლის განსაზღვრა თავად მის ხალხს ეკუთვნის.
● თბილისში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სწავლების პრობლემებს ეხება. ავტორმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მაარიფის“ ხელმძღვანელმა აიგიულ ისაევამ, მთავარ პრობლემებად დაასახელა მშობლიური ენის გაკვეთილების საათების შემცირება, გამოსაშვები გამოცდის გაუქმება, სახელმძღვანელოების თარგმანებში შეცდომები და კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2006 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სტუდენტების მიღების შეწყვეტამ მასწავლებლების მომზადებაზე უარყოფითად იმოქმედა.
● ბაქოში საფეხბურთო კლუბების „ყარაბაღისა“ და „ნეფთჩის“ მატჩამდე და მატჩის შემდეგ მასობრივი ჩხუბი მოხდა. პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორივე კლუბი დააჯარიმა და მათი უახლოესი საშინაო მატჩების მაყურებლის გარეშე ჩატარება გადაწყვიტა.
-
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, სომხეთი. ერევანში გაეროს ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენცია (COP17) გაიხსნა.
● ერევანში გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენცია (COP17) გაიხსნა. ღონისძიება 19-30 ოქტომბერს გაგრძელდება. 16 ოქტომბერს გამართულ მაღალი დონის სამიტზე „ლიდერები ბუნებისთვის“ მსოფლიო ლიდერებმა უკვე მიიღეს „ერევნის დეკლარაცია“, რომელიც ეკოსისტემების აღდგენისა და ბუნების დაცვის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
● სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის გახსნაზე საერთაშორისო საზოგადოებას ბიომრავალფეროვნების დასაცავად კონკრეტული მოქმედებებისკენ მოუწოდა. *„დაე, ერევანი ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილების ეტაპად იქცეს. ეს უნდა იყოს მომენტი, როდესაც სიტყვებიდან საქმეზე, დაყოფიდან კი თანამშრომლობაზე გადავალთ“*, – განაცხადა მან.
● ყარაბაღის ყოფილმა „საზოგადოებრივმა საბჭომ“ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გააკრიტიკა იმის გამო, რომ COP17-ის ფარგლებში გამოსვლისას ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების საკითხი არ ახსენა. ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციისა და მანამდე არსებული ხანგრძლივი ბლოკადის შედეგად 100 ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა ყარაბაღი დატოვა. საბჭო გუტერეშს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან მკვიდრი მოსახლეობის უფლებებზე ისაუბრა, თუმცა ყარაბაღელი სომხების დაბრუნების უფლება არ ახსენა.
● იუნესკოს გენერალური დირექტორი ხალედ ელ-ენანი, რომელიც სომხეთში COP17-ში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ზვართნოცის ტაძარს ეწვია. მან კულტურული ძეგლების სათანადო მართვისა და მათი საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
● სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა, ეჩმიაძინის მუზეუმებისა და არქივის დირექტორმა ასოღიკ კარაპეტიანმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუნესკოს ხელმძღვანელი ზვართნოცს ეწვია, მაგრამ ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი არ მოინახულა. მისი განცხადებით, ეჩმიაძინის ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და ვიზიტის პროგრამიდან მისი გამოტოვება სახელმწიფო თვითშეგნების ნაკლებობაზე მიუთითებს.
● სომხეთის დელეგაციამ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ფოლკერ ტიურკთან გამართულ დიალოგში მონაწილეობა მიიღო. დელეგაციამ რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაკავებული პირებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების საკითხების მოგვარება.
● სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა განაცხადა, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ახალი ბალანსის ძიების ეტაპზეა. მისი თქმით, პოლიტიკური ვითარების ცვლილების მიუხედავად, საერთო ისტორია და მეორე მსოფლიო ომში ერთობლივი გამარჯვება ორი ხალხის გამაერთიანებელ ფაქტორებად რჩება. განცხადება მან მარშალ ბაღრამიანის სახელობის სომხეთის ვეტერანთა გაერთიანების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
● სომხეთში სამთო-მეტალურგიული სექტორისთვის ანალიტიკური ცენტრი შეიქმნება. ცენტრი კვლევებს ჩაატარებს და სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
● ნიკოლ ფაშინიანი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა, რომელიც სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მხარეებმა ვაჭრობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში შეთანხმებების ფართო პაკეტის ხელმოწერა იგეგმება.
● სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMA) ფოტოგამოფენა მოაწყო, რომელიც მშვიდობის, უსაფრთხოების, ბიომრავალფეროვნებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ურთიერთკავშირს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი ფოტო, რომლებიც მისიის ყოველდღიური პატრულირებისა და ადგილობრივ თემებში ვიზიტების დროს სიუნიქის, ვაიოცძორის, ტავუშისა და გეღარქუნიქის რეგიონებში გადაიღეს.

-
სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები.მიმოხილვა 12-16 ოქტომბერი, 2026