გორი, ბათუმი, ქუთაისი - როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოს რეგიონების ცხოვრება
კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, თუმცა უკვე ბევრი შეზღუდვა დაწესდა.
რამდენად აღწევს ეს შეზღუდვები რეგიონებში და როგორ შეცვალა ქართული ქალაქების ყოველდღიურობა კორონავირუსმა?
JAMnews-მა გორელ, ქუთაისელ და ბათუმელ ჟურნალისტებს სთხოვა მოეყოლათ, რა ხდება მათ ქალაქებში.
გორი
ავტორი: გვანცა დოლუაშვილი
გორში ავტომობილების მიმოსვლა საგრძნობლად შემცირებულია, ნაცნობთან შეხვედრის ალბათობაც შემცირდა და თუ მაინც შეხვდნენ ერთმანეთს ნაცნობები, შორიდან დაუკრავენ ერთმანეთს თავს და გაოცებულები იკითხავენ, ეს რა დღეში ჩავცვივდითო.
გორელების უმრავლესობა სახლიდან მხოლოდ საჭირო პროდუქტების შესაძენად გამოდის.
სუპერმარკეტებშიც სიხალვათეა. მყიდველთა გრძელი რიგები არ დგას, როგორც იტალიის ქალაქებში. აქ ხალხს წლის მარაგების გასაკეთებელი ფული ნამდვილად არ აქვს და ეს კრიზისი თუ გაგრძელდა, კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
კორონავირუსზე მეტად, ახლა ყველა ფასებზე წუწუნებს. კრიზისის შემდეგ მაღაზიებში პროდუქტების მარაგი კი არის, მაგრამ ფასებმა მოიმატა. საშუალოდ 15-30 თეთრით გაძვირდა შაქარი, ზეთი და ფქვილი.
გორში ერთი-ერთი მსხვილი სასურსათო მაღაზიის მოლარე გოგონას პირბადე და სამედიცინო ხელთათმანები უკეთია.
“აქ ჯერ ბევრი ვერ მოვიდა აზრზე. ზოგი ფიქრობს, რომ ტყუილად მეშინია და ასე შეფუთულს რომ მხედავენ, ხუმრობების ხასიათზე დგებიან,” – ამბობს იგი.
თავდაცვის საშუალებები საკუთარ პერსონალს გორში მხოლოდ სუპერმარკეტების ნაწილმა დაურიგა. საბითუმო თუ უბნის პატარა მაღაზიები ძველებურად აგრძელებენ მუშაობას.
განსაკუთრებული დატვირთვით აფთიაქები მუშაობენ. ფასები აქაც გაზრდილია, განსაკუთრებით ანტისეპტიკურ საშუალებებზე.
პირბადეებს უკვე აღარც კითხულობს არავინ. – ბოლოს ერთი პირბადე გორში 1.50 ლარი ღირდა და სრულად გაიყიდა.
„მხოლოდ სპირტი და გლიცერინი იყიდე და ანტისეპტიკის გაკეთებას მე გასწავლი“, – გეტყვის სრულიად უცხო ადამიანი აფთიაქში, რომელიც ყურს მოკრავს, რომ ანტისეპტიკური ხსნარის შესაძენად 14 ლარის გადახდას აპირებ.
არაფერი შეცვლილა იმ მოხუცებისთვის, რომლებიც გორის ქუჩებში მწვანილს, საეკლესიო სანთლებს ან ქოთნის ყვავილებს ჰყიდიან. იქვე დგას ხანში შესული ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს.
გორში ახალგაზრდებმა ფეისბუკზე ჯგუფი შექმნეს მოხუცების დასახმარებლად – ფულის შეგროვებას აპირებენ და მოხუცებისთვის სურსათის და წამლების შეძენას.
„ხანდაზმულები რისკ-ჯგუფში არიან და ყველა მათ შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. მაგრამ ბევრ მათგანს ხომ დამოუკიდებლად საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია და არც სურსათის და წამლების მიმწოდებელი ჰყავს ვინმე. გვინდა, რომ ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ“, – ამბობს ნიკა გაბლიშვილი, რომელმაც მეგობრებთან ერთად მოხუცებისთვის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო.
ბათუმი
ბათუმში ტურისტული სეზონი ზაფხულში იწყება, თუმცა სტუმრების ნაკლებობა ამ ქალაქში არც სხვა დროსაა.
თუ ზაფხულში აქ ტურისტების ბუმია, ცივ სეზონების დროს ბათუმი საქმიანი ქალაქია – აქ ხშირად ეწყობა კონფერენციები და სემინარები, საერთაშორისო ღონისძიებები და ფორუმები.
რამდენიმე დღეა ყველაფერი შეიცვალა. ბათუმი თითქმის მთლიანად დატოვეს უცხოელებმა და ასევე არაბათუმელებმა.
სასტუმროების დიდი ნაწილი საერთოდ დაიხურა, ნაწილი კი ორი-სამი სტუმრის ამარაა, რადგან კორონავირუსის კრიზის გამო ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.
“აუცილებელი მივლინება გვქონდა ბათუმში. სასტუმროს დაჯავშნა გამიჭირდა, რადგან, როდესაც გაიგეს, რომ ჩემი თანამშრომელი უცხოელი იყო, უარს ამბობდნენ მისთვის ნომრის დათმობაზე. თან ბოდიშს იხდიდნენ. მერე დავარწმუნე, რომ ეს ადამიანი საქართველოში ცხოვრობს და არსაიდან არ ჩამოსულა,” – ჰყვება სოფო ჭაავა, კომუნიკაციის სპეციალისტი.
ქალაქში სიხალვათეა. ხალხი ქუჩაში პირბადეებით დადის და შესამჩნევია, რომ ეს გადაადგილება საქმიანია და სასეირნოდ არავინ გამოსულა.
არც მაღაზიებში და არც აფთიაქებში რიგები არ არის, მხოლოდ პერსონალის აღჭურვილობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ხდება – ყველას პირბადე და ხელთათმანები უკეთია.
ბათუმში კაფეები ჯერ ისევ ღიაა, მაგრამ ამბობენ, რომ მათი დაკეტვა საათების ამბავია.
კაფეებში ახალი წესები მოქმედებს, ყველა კაფეში სტუმრებს ანტისეპტიკურ ხსნარს ასხამენ ხელზე. ზოგან წესები ქაღალდზეა ჩამოწერილი ქართულად და ინგლისურად:
მაგალითად, ბათუმის ცნობილი ლიტერატურული კაფე მარტო ნამცხვრების გაყიდვაზე გადავა და ისიც მხოლოდ ფანჯრიდან მოემსახურება კლიენტებს.
ეს თორნიკეა, კაფე “ლევილის” მიმტანი, რომელსაც სტუმრებისთვის აჭარული ხაჭაპური მიაქვს. იმაზე, რომ უზარმაზარი ნიღაბი უკეთია, თავადვე ეღიმება:
“უკვე შუადღეა და მარტო ორი ადამიანი შემოვიდა. ასე თუ გაგრძელდა, ხვალ-ზეგ დავიკეტებით და ვიქნები უმუშევარი,” – ამბობს ის.
ბათუმში რამდენიმე დღეა წვიმს და ცივა. ამინდი კიდევ უფრო აფუჭებს ბათუმელების განწყობას – კორონავირუსის საფრთხის გარდა, მათ მოახლოებული ზაფხულის და ტურისტული სეზონის ბედი ადარდებთ. აქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი მთელი წელი სწორედ ზაფხულში დაგროვილი შემოსავლებით ცხოვრობს.
“გასულ წელს სესხი ავიღეთ მე და ჩემმა ქმარმა და კაპროვანში, სადაც მიწის ნაკვეთი გვქონდა, კოტეჯები ავაშენეთ. გასულ წელს კარგი სეზონი გვქონდა და წელს კიდევ გავაუმჯობესეთ კომფორტი და უკეთესს წელს ველოდით. გაფიქრებაც არ მინდა, რა მოხდება, თუკი სეზონი ჩავარდება. რითი უნდა დავფაროთ ამხელა კრედიტი,” – ამბობს ქობულეთელი ეკა მახარაძე.
ქუთაისი
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქუთაისის მარკეტში პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას განიხილავენ:
“გაიგეთ ტრამპმა რა თქვა? – ამბობს ქალი პირბადით და ხელთათმანებით და კარტოფილის დიდ გორას ასწორებს, – აგვისტომდე ყველანი ასე ვიქნებითო, ასე უთქვია”.
ახალი კორონავირუსი ქუთაისშიც მთავარი სასაუბრო თემაა. ხალხი ერთმანეთს ჭორსა და მართალს უზიარებს.
“სამი ახალი შემთხვევა ყოფილა დღეს”;
“თურმე ბევრად მეტი ხალხია ავად, მაგრამ მალავენ”;
“გამყრელიძე რომ არ იყოს, გავგიჟდებოდი, რა კარგი კაცია”;
“თურმე არბიდოლი შველის, ინსტრუქციაში წერიაო”.
კორონავირუსმა ქუთაისში თითქოსდა ერთი შეხედვით არაფერი შეცვალა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა აქ არც მანამდე ყოფილა და ახლა ადამიანები კიდევ უფრო იშვიათად ცდილობენ გარეთ გამოსვლას. თბილისისგან განსხვავებით 17 მარტისთვის ქუთაისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა არ გაუუქმებიათ, მაგრამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხი საგრძნობლად ნაკლებია.
ბევრნი პირბადით დადიან. თანაც, ეს პირბადეები ან ძველი ნაყიდი აქვთ ან მრავალჯერადად იყენებენ ერთსა და იგივეს, რადგან პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარები და ხელთათმანები აფთიაქებიდან უკვე დაიტაცეს. მხოლოდ რამდენიმე ადგილას შემორჩა და ერთ პირბადეს ერთ ლარად ყიდიან.
ქალაქში თითქმის ყველა კაფე-ბარი და რესტორანი დაიკეტა. მხოლოდ საცხობები და პატარა საქაბაბეები და საშაურმეები დარჩა.
აპრილსა და მაისში დანიშნული ქორწილებიც გადადო ხალხმა, თუმცა პანაშვიდებზე და ქელეხებში ხალხი მაინც დადის.
ერთი ის არის, რომ მისალმების ფორმები აშკარად შეცვლილია – “რა დროს გადაკოცნაა, ხომ იცი, რომ მიყვარხარო,” -ეტყვიან ერთმანეთს. და კიდევ პოპულარულია პრეზიდენტის მისალმება და იდაყვებით მისალმება.
აქა-იქ ქუჩებში სკოლების გარეშე დარჩენილი ბავშვების ჟრიამული ისმის – მშობლებს მათი სახლში გამოკეტვა უჭირთ.
პანიკა არ არის, თუმცა ვირუსის შიშმა აქაური ყოველდღიურობა მაინც შეცვალა:
“შიში გვაქვს ყველას და ეს არის რეალური, მაგრამ ცხოვრების დინება მაინც უნდა გავყვეთ, ამ დრომდე სამსახურში დავდივარ. მაგრამ ტრანსპორტში ასვლის, ვინმესთან დალაპარაკების მეშინია. ალბათ, სხვაც ასე ფიქრობს”, – ამბობს ქუთაისელი მარიამ კაპანაძე, რომელიც ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს.
“დარჩი სახლშიო, ყველა რომ გვეუბნება, ეს ნიშნავს, რომ სახლში უნდა დავრჩეთ. ასე ჯობია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. მე პირადად სახლიდან თითქმის ერთი კვირაა არ გამოვსულვარ თუ არ ჩავთვლი მაღაზიაში ჩასვლას,” – ქუთაისელი ამბობს ნინო ვერულაშვილი.