ბინის ნაცვლად 10 ათასი ლარი: რას სთავაზობს მთავრობა დევნილებს
დევნილთა კომპენსაცია
დევნილ ოჯახებს სახელმწიფო საცხოვრებლის ნაცვლად ფულის მიღებას სთავაზობს: კომპენსაცია თითო უფლებამოსილ წევრზე 10 000 ლარია. ასეთია ახალი პროგრამის პირობები, რომელიც “ოცნების” ხელისუფლებამ დაანონსა.
მთავრობა ამ გზით განსახლების დაჩქარებას გეგმავს, ამ სფეროს ექსპერტები კი დევნილებს აფრთხილებენ – თანხა, დიდი ალბათობით, საცხოვრებლის შესაძენად საკმარისი არ იქნება, მისი აღების შემდეგ კი ოჯახები კი სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან.
რა იცვლება
ახალი პროგრამა დევნილებს არჩევანის დამატებით შესაძლებლობას აძლევს: ბინის ან სახელმწიფოს მიერ სახლის შესყიდვის მოლოდინის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მოითხოვონ.
მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მთავრობის განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება კორპუსების მშენებლობა და სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა მათთვის, ვინც კომპენსაციას არ მოითხოვს.
დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო და როგორც პრემიერი კობახიძე ამბობს, მინიმუმ კიდევ ათი წელი გაგრძელდება.
ამიტომ, კობახიძემ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს მათთვის, ვისაც არ უნდა დაელოდოს კორპუსების მშენებლობას – 10 ათასი ლარი თითო ოჯახის წევრზე.
ამ პროგრამისთვის, კობახიძის თქმით, წელს 58 მილიონი ლარია გამოიყოფილი. მისი შეფასებით, განსახლების არსებული გზებით ყველა დარჩენილი ოჯახის დაკმაყოფილებას სულ მცირე კიდევ ათი წელი დასჭირდება.
ვის შეუძლია თანხის მიღება
მინისტრის ბრძანების მიხედვით, კომპენსაცია გათვალისწინებულია დევნილის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებსაც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება აქვთ და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით მანამდე არ უსარგებლიათ.
სააგენტო გადაამოწმებს ოჯახის შემადგენლობასა და განაცხადში მითითებულ მისამართზე მცხოვრებ პირებს. თანხა გაიცემა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა.
შესაბამისად, თუ ოჯახში კომპენსაციის მიღების უფლება ოთხ წევრს აქვს, თანხა 40 000 ლარი იქნება. თუმცა მხოლოდ ოჯახის წევრობა საკმარისი არ არის: თითოეული პირის უფლებამოსილება ცალკე უნდა დადასტურდეს.
შვილებსა და შთამომავლებსაც ეკუთვნით?
დევნილის სტატუსი მხოლოდ მათ არ აქვთ, ვინც უშუალოდ დატოვა ოკუპირებული ტერიტორია. სტატუსის მიღება დევნილი მშობლის შვილსაც შეუძლია.
დევნილის სტატუსის მიღება და სახელმწიფოსგან საცხოვრებლის მოთხოვნა ერთი და იგივე არ არის. ბავშვს დევნილის სტატუსი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მას საცხოვრებელი უნდა გადასცეს.
საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სახელმწიფო ითვალისწინებს 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ პირებს. ვინც ამ თარიღისთვის არასრულწლოვანი იყო, მშობლების ან სხვა უფროსი თაობის ოჯახის წევრებთან ერთად უნდა დაკმაყოფილდეს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს ოჯახისათვის გადასაცემი საცხოვრებლის განსაზღვრისას გაითვალისწინებენ, მაგრამ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ცალკე ბინას ვეღარ მოითხოვს.
2023 წლის 1 იანვრიდან დაბადებულ ბავშვებზე სახელმწიფოს საცხოვრებლის გადაცემის ვალდებულება, როგორც წესი, აღარ ვრცელდება. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ბავშვის დევნილი მშობელი ან მშობლები საცხოვრებლის მიღებამდე გარდაიცვალნენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ეკუთვნის ის საცხოვრებელი, რომელიც მის მშობელს ან მშობლებს უნდა მიეღოთ.
რატომ აკრიტიკებენ პროგრამას
პროგრამის მიმართ კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უძრავი ქონების ფასებია: რამდენად შეძლებს დევნილი ოჯახი შეთავაზებული თანხით საცხოვრებლის შეძენას, განსაკუთრებით მაშინ, თუ დანაზოგი არ აქვს.
დევნილებისთვის ფულადი კომპენსაციის პროგრამას განცხადებით გამოეხმაურა სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ორგანიზაციის შეფასებით, ინიციატივამ შესაძლოა საცხოვრებლისა და დანაზოგის არმქონე ოჯახებს უსახლკარობისა და სოციალური გარიყულობის საფრთხე შეუქმნას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, გაურკვეველია, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა 10 000 ლარი და ეფუძნება თუ არა თანხა საცხოვრებლის ბაზრის კვლევას. მისივე აზრით, მრავალწევრიანი ოჯახის მიერ მისაღები რამდენიმე ათეული ათასი ლარიც შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს.
ცენტრი ასევე ითხოვს განმარტებას: ევალება თუ არა ოჯახს თანხით საცხოვრებლის შეძენა და რა მხარდაჭერა დარჩება მას, თუ ამას ვერ შეძლებს.
ეს საკითხი არსებითია, რადგან ბრძანება კომპენსაციას გრძელვადიანი განსახლების ერთ-ერთ ფორმად განსაზღვრავს. ანუ თანხა საცხოვრებლის სანაცვლოდ გაიცემა.
ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, პროგრამის სამართლებრივი შედეგები წინასწარ განმარტოს და ოჯახების შემდგომი მხარდაჭერის გარანტიები შექმნას.
რამდენი ოჯახი ელოდება საცხოვრებელს
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ბოლოს საქართველოში 300 492 დევნილი პირი და 97 280 დევნილი ოჯახი იყო რეგისტრირებული. მათგან 45 160 ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ჯერ არ იყო დაკმაყოფილებული.
2025 წელს სხვადასხვა პროგრამით 4 636 ოჯახი განსახლდა. ანგარიშში კვლავ პრობლემებად სახელდება მშენებლობების გაჭიანურება, დროებითი ქირის არასაკმარისი დაფინანსება და ზოგი საცხოვრებელი შენობის უსაფრთხოება. ეს წლის ბოლოს მონაცემებია და არა 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობა. www.legali.ge
„ათი ათას ლარად დივანი იყიდება, ბინა კი არა“
„ათი ათას ლარად დივანი იყიდება, ბინა კი არა“, – ეუბნება JAMnews-ს 26 წლის კოკა მარკელია, რომლის მშობლებიც აფხაზეთიდან დევნილები არიან.
კოკა პროფესიით პროგრამისტია. სკოლა ზუგდიდში დაამთავრა, თუმცა იქ სამსახურს ვერ იშოვიდა, ამიტომ თბილისში დარჩა. ათ წელზე მეტია, მშობლებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
დაქორწინება და ცალკე გადასვლა სურს. ამბობს, რომ სტაბილური სამსახური აქვს, თუმცა მოქმედი რეგულაციების პირობებში ბანკი იპოთეკურ სესხს მაინც არ უმტკიცებს.
ოჯახის ყველა წევრი მუშაობს, თუმცა მშობლები თვითდასაქმებულები არიან – დედა ძიძაა, მამა – მანქანების ხელოსანი. ოფიციალური შემოსავალი მხოლოდ კოკას აქვს, ამიტომ ბანკი ოჯახს კრედიტს არ აძლევს. მისივე თქმით, 10 000 ლარი სესხისთვის საჭირო საწყის შენატანსაც ვერ დაფარავს. ამიტომ კომპენსაციის მიღებას არ აპირებს.
„ბინის ქირაში რასაც ვიხდით, კრედიტით რომ მოეცათ ბინა, უკვე ჩვენი ბინა გვექნებოდა. ეს ათი ათასი ლარი რაში უნდა მეყოს? რა ვიყიდო ამ ფულიუთ? ავიღებ და დამეხარჯება წვრილმანებზე, იმიტომ რომ მნშვნელოვანს ვერაფერს ვიზამ ამ ფულით. ამიტომ, ჯობია არ ავიღო. ოდესმე ბინის მიღების პერსპექტივას მაინც არ დავკარგავ“, – ამბობს კოკა.
უძრავი ქონების ორი პოპულარული საიტის დათვალიწრების შემდეგ 10 ათას ლარად საცხოვრებელი სახლი ვერ ვნახეთ არა თუ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.
მაგალითად, კოკა მარკელიას მშობლიურ ზუგდიდში 10 ათას ლარად მხოლოდ ერთი სახლი იყიდება და ისიც დასაშლელად. ზუგდიდში სახლს ვერ 30 ათას ლარად შეიძენ – მარკელიების ოჯახის ყველა წევრის თანხა რომ შეკრიბო.
“ზუგდიდშიც ვერ ვიყიდით ამ თანხით სახლს და რომც ვიყიდოთ, ზუგდიდში საცხოვრებლად როგორ გადავალთ? სამსახური ხომ გვინდა? იქ რომ ძიძად ვიმუშაო, ამის მესამედსაც არ გადამიხდიან,” – ამბობს კოკას დედა, ირმა.
მთავრობის ამ ინიციატივამ ზოგიერთები ხუმრობის ხასიათზეც დააყენა.
“ვზივარ და ვფიქრობ, ამ 10 000 ლარად 2 ბინა ვიყიდო თუ კოკაკოლასთან შევიდე კონკურენციაში,” – წერს ფეისბუკზე აფხაზეთიდან დევნილი აქტივისტი გელა ხასაია, რომელიც ასევე თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
რატომ გრძელდება განსახლება ათწლეულების განმავლობაში
გრძელვადიანი განსახლების პოლიტიკის საფუძველი 2007 წელს დამტკიცებულმა სახელმწიფო სტრატეგიამ შექმნა. 2009 წელს მთავრობამ მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაც მიიღო.
პროცესი საკმაოდ ხმაურიანად და მტკივნეულად დაიწყო და უფლებების დარღვევებიც ახლდა. Amnesty International-ის 2011 წლის კვლევა თბილისის დროებითი საცხოვრებლებიდან იძულებით გამოსახლებებს, არასათანადო კონსულტაციებსა და ახალი საცხოვრებლიდან საარსებო შესაძლებლობებზე წვდომის პრობლემებს აღწერდა.
მაშინ თბილისში მცხოვრებ დევნილებს რეგიონებში აძლევდნენ საცხოვრებლებს, რასაც დევნილები აპროტესტებდნენ. რეგიონებში გადასახლების მთავარი პრობლემა შემოსავლისა და სოციალური კავშირების დაკარგვა იყო. გარემონტებული ბინის მიღების მიუხედავად, ოჯახები ხვდებოდნენ ადგილებში, სადაც სამუშაო და აუცილებელი მომსახურებები ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დევნილთა განსახლება რამდენიმე გზით გაგრძელდა: ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ კორპუსებში ბინების გადაცემით, კერძო სახლების შესყიდვითა და საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში დაკანონებით. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გრძელვადიანი საცხოვრებლით 4 636 ოჯახი დაკმაყოფილდა, 2024 წელს კი – 2 022. მიუხედავად ამისა, 2025 წლის ბოლოს საცხოვრებლით უზრუნველყოფას კვლავ 45 160 ოჯახი ელოდებოდა.
პროცესს მშენებლობების გაჭიანურება და მძიმე საცხოვრებელი პირობები ახლავს. სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დევნილთა დროებითი საცხოვრებლის ქირისთვის გამოყოფილი 300 ლარი არასაკმარისია. უსაფრთხოების პრობლემებია ზოგიერთი იმ შენობის შემთხვევაშიც, რომელიც ოჯახებს უკვე საკუთრებაში გადაეცათ.