ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი ხელისუფლება „საჩუქრად გადაცემული“ იარაღით უკანონო ვაჭრობის აღკვეთას ცდილობს
სამხრეთ ოსეთში იარაღით ვაჭრობა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა, მარატ კამბოლოვმა სამოქალაქო სამსახურებრივი და საბრძოლო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ბრუნვის კანონიერების შემოწმების ინიციატივა წამოაყენა.
მის დავალებას გენერალური პროკურატურა ასრულებს. მანამდე პროკურორის პირველ მოადგილედ კამბოლოვის თანასოფლელი სოსლანბეკ კოჟიევი დაინიშნა.
კონტრაბანდული „ჯილდო“

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წინა ე.წ.პრეზიდენტების დროს დამკვიდრებულ პრაქტიკას, როდესაც მარჯვნივ და მარცხნივ არიგებდნენ ვითომდა ჯილდოს სახით გადასაცემ პისტოლეტებს – „გლოკსა“ და „ბერეტას“, რომლებიც სამხრეთ ოსეთში საქართველოდან კონტრაბანდული გზით ხვდებოდა.
ხშირად ამ იარაღს „დაჯილდოების“ საბაბით კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ან უბრალოდ ყველა მსურველს მიჰყიდდნენ. სამხრეთ ოსეთში კი საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც იარაღის ქონა „ყოველი შემთხვევისთვის“ სურს. თუმცა კამბოლოვი მიიჩნევს, რომ 1990-იან წლებში დამკვიდრებულმა ამ „ტრადიციამ“ თავი ამოწურა და ამჟამად მოსახლეობაში იარაღის ქონა უკვე აქტუალური აღარ არის და რეალური რისკებით არ არის გამართლებული.
„დღეს სამხრეთ ოსეთი მშვიდობიანად ცხოვრობს და სამართლებრივ სახელმწიფოს აშენებს. მშვიდობიან სახელმწიფოში კი იარაღის ფლობის უფლება კანონით განისაზღვრება და არა ტრადიციით, დამსახურებით, თანამდებობით ან პირადი შეთანხმებებით:
შემოწმების დასრულებამდე რესპუბლიკაში იარაღით დაჯილდოება შეჩერებულია. სახელმწიფომ ზუსტად უნდა იცოდეს, სად არის იარაღი, ვის და რა საფუძვლით გადაეცა, როგორ არის რეგისტრირებული და ვინ აგებს მასზე პასუხს“,
ამასთან, ის სთავაზობს, სამოქალაქო იარაღის უმეტეს სახეობაზე შენახვისა და ტარების ნებართვის მოქმედების ვადა ათ წლამდე გაიზარდოს, ამასთან, შენარჩუნდეს სავალდებულო კონტროლი და ნებართვის პერიოდული დადასტურება.
„ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, ერთდროულად მოვაწესრიგოთ იარაღის აღრიცხვა და კანონმორჩილი მფლობელებისთვის ზედმეტი ბიუროკრატია არ შევქმნათ. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას რესპუბლიკის უშიშროების საბჭო გენერალური პროკურორის წინადადების საფუძველზე მიიღებს“.
საჩუქრად გადაცემული შაშხანა
ეს ზომები ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ერისლავ მამიევისა და მისი პირველი მოადგილის, აცამაზ საგკაევის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის ფონზე მიიღება.
საგკაევი ეჭვმიტანილია იმაში, რომ 2025 და 2026 წლებში თავის უფროსს, მამიევს, „საჩუქრად“ გადასცა სნაიპერული შაშხანა და ავტომატი.
საგკაევის წინააღმდეგ აღძრულია ორი სისხლის სამართლის საქმე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. საუბარია დანაშაულზე, რომელიც „სხვა პირადი დაინტერესებით ჩადენილ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას“ გულისხმობს.
ზოგიერთი ტელეგრამ-არხის მტკიცებით, ამ ორი წლის განმავლობაში საგკაევმა ჯილდოს სახით გადაცემის საბაბით გაურკვეველ პირებს 400 ერთეული იარაღი მიჰყიდა.
საგკაევი და მამიევი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2026 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. ამ დროს მარატ კამბოლოვმა, რომელიც ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურებში საკადრო წმენდის პირველი ეტაპი დაიწყო.
პრობლემის სათავე
ერისლავ მამიევს ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე (ალიკ) გაგლოევის ერთ-ერთ ახლო მეგობრად მიიჩნევენ. ალიკ გაგლოევი ყოფილი “პრეზიდენტის”, ალან გაგლოევის ღვიძლი ძმაა.
სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ვერსია, რომ ალან გაგლოევი და მისი გუნდი, ბანდიტი ძმისა და მისი მეგობრების დახმარებით, რომლებსაც „ჯილდოს“ სახით გადაცემული იარაღი ჰქონდათ, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლების ძალით შენარჩუნებას გეგმავდნენ.
თუმცა საქმე აქამდე არ მისულა, რადგან ჯერ კიდევ 2026 წლის შუა პერიოდში კრემლმა თავად ჩამოაშორა გაგლოევი ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას და მის ნაცვლად, ფაქტობრივად, თავისი წარმომადგენელი, მარატ კამბოლოვი დანიშნა.
ახლა კი ახალი ე.წ. პრეზიდენტი წინამორბედის „მემკვიდრეობას“ იბარებს და ცდილობს, წესრიგის დამყარების პირობა შეასრულოს – პირობა, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას უხვად აძლევდა.
თუმცა უკანონო იარაღით ვაჭრობას მხოლოდ ალან გაგლოევი არ მისდევდა. ამაში ყოფილ ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვსაც მიუძღვის ბრალი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შედარებით ცოტა ხნის წინ, 2025 წლის შემოდგომაზე გამოვლინდა.
მაშინ ატეხილ ხმაურიან სკანდალში თიბილოვთან ერთად ფიგურირებდნენ ე.წ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ახსარ ლავოევი და რუსი კოლექტორი ედუარდ ბუდანცევი. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში ბუდანცევმა ყოფილ თანამსახურებთან ერთად მოსკოვის ცენტრში სროლა მოაწყო სამხრეთ ოსეთიდან მიღებული, ჯილდოს სახით გადაცემული იარაღით, რომელიც თიბილოვისა და მისი გარემოცვის მეშვეობით შეიძინა.
„სამხრეთ ოსეთში „გლოკებითა“ და „ბერეტებით“ ვაჭრობა სწორედ თიბილოვისა და მისი გარემოცვის ხელშეწყობით იქცა სისტემურ საქმიანობად. გაგლოევმა და მისმა ადამიანებმა კი ეს მომგებიანი ბიზნესი გააგრძელეს“, – ამბობს ანონიმურობის დაცვის პირობით ერთ-ერთი ადგილობრივი ექსპერტი.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას