„ირაკლი ბჟინავას დაკავება რუსეთში აფხაზური საზოგადოების თავისუფლებაზე დარტყმაა“ - მოსაზრება
ირაკლი ბჟინავას საქმე
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან აფხაზი იურისტის, ირაკლი ბჟინავას, ბედი განიხილა. ბჟინავა 2026 წლის თებერვლიდან რუსეთის ციხეში იმყოფება.

ირაკლი ბჟინავას ორმაგი, აფხაზურ-რუსული მოქალაქეობა აქვს და რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მისი დაკავების თავდაპირველი საფუძველი გახდა 2022 წლის 23 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ბჟინავა გააკრიტიკა შეთანხმებები, რომლებიც აფხაზეთში მდებარე ცნობილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებდა. ამ პოსტის გამო ბჟინავას ბრალად ედება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის განხორციელებისკენ საჯარო მოწოდების განზრახვა“.
2026 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში კი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბჟინავას წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმეც აღძრა. მას ინტერნეტში ტერორისტ შამილ ბასაევის „საჯარო გამართლებას“ ედავებიან.
ოლეგ ბარციცის თქმით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მხარესთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს და ასევე თანამშრომლობს ბჟინავას ნათესავებსა და ადვოკატებთან. ცოტა ხნის წინ ირაკლი ბჟინავას რუსეთში აფხაზეთის კონსული ეწვია. მას ასევე დედასთან შეხვედრა მოუწყეს.
ბარციცი დასძენს, რომ ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი საკითხები, თუმცა ისინი რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება და აფხაზური მხარე ამას პატივს სცემს. ვინაიდან ბჟინავა რუსეთის მოქალაქეა, აფხაზური მხარის მოქმედების შესაძლებლობები შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა ღონე იხმაროს თანამემამულის დასახმარებლად.
ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანია საკუთარ ბლოგში განმარტავს, რატომ არის ირაკლი ბჟინავას საქმე მნიშვნელოვანი აფხაზური საზოგადოებისთვის. მისი აზრით, ბჟინავას განსხვავებული აზრის გამო დასჯით რუსეთი ცდილობს, შეაშინოს ყველა აფხაზი, რომელიც მის შეხედულებებს იზიარებს. ასეთები კი ცოტანი არ არიან.
აფხაზური საზოგადოების უმრავლესობა ეწინააღმდეგება შეთანხმებებს, რომელთა მეშვეობითაც რუსული მხარე ცდილობს, აფხაზეთს რაღაც ჩამოართვას ან მისგან რაიმე სარგებელი მიიღოს. შამილ ბასაევის საკითხიც არაერთგვაროვანია: 1992-93 წლების ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილეობისთვის მას „აფხაზეთის გმირის“ წოდება აქვს მინიჭებული.
საბოლოო ჯამში, განცხადებები, რომელთა გამოც ირაკლი ბჟინავა დააკავეს, შეეძლო გაეკეთებინა – და არაერთხელ გაუკეთებია კიდეც – ბევრ სხვა აფხაზსაც.

ახრა ბჟანია:„ეფექტიანი სახელმწიფო მხოლოდ თავისუფალი და პასუხისმგებლიანი საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი. ასეთი საზოგადოება, როგორც რეზერვუარი, სახელმწიფოს ყველაფრით ამარაგებს, რაც მას სჭირდება: კადრებით, ფულით, მსოფლმხედველობით. ამასთან, ის პრესისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მეშვეობით სახელმწიფოს საქმიანობასაც აკონტროლებს.
ეს მოდელი ყველგან მუშაობს, სადაც საზოგადოება თავისუფალია და საკუთარ ბუნებრივ უფლებებში დარწმუნებული. გარკვეულწილად, ის ჩვენთანაც მუშაობს: აფხაზეთში საზოგადოება ხელისუფლებას საკრალურ ფუნქციას კი არა, რეალური ინტერესების დაცვას ანდობს. ხოლო თუ ხელისუფლება ამ ინტერესების უგულებელყოფას იწყებს, ხდება კორექტირება, მთავრობა გადადგომას იძულებულია, საერთო პოლიტიკური კურსი კი სუვერენულ პრინციპებს უბრუნდება.
თავისუფალი და პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება სწორედ ის არის, რაც გვაძლიერებს და ყველაზე წარმოუდგენელ ვითარებაშიც კი საკუთარი დღის წესრიგის გატარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენი თავისუფლება ერთგვარი იმუნიტეტია ყველაფრისგან, რაც ჩვენთვის სახიფათოა; ეს არის ღობე, რომლის მიღმაც სხვისი ინტერესები მთავრდება და ჩვენი იწყება!
ირაკლი ბჟინავას დაკავება სწორედ ამ იმუნიტეტზე დარტყმაა.
არ მგონია, აფხაზეთში იყვნენ გულუბრყვილო ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, თითქოს ჩვენი თანამემამულის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს მხოლოდ პირადი ხასიათი აქვს. ის, რასაც მას სრულიად საფუძვლიანად ედავებიან, თითქმის მთელი ჩვენი საზოგადოებისთვისაც შეიძლება წაყენებულიყო, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტად ასე ვფიქრობთ“.
შესაბამისად, ბჟინავას დაკავება და მისთვის პატიმრობის უკიდურესად მკაცრი პირობების შექმნა მიზნად ისახავს არა მის პირად შეხედულებებთან დაპირისპირებას, არამედ აფხაზეთში იდეოლოგიური ფონის კონტროლს.
ამიერიდან ყველამ, ვინც რუსეთისა და აფხაზეთის შეთანხმებების გაკრიტიკებას გაბედავს, უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა დააკავონ ბრალდებით, რომელიც გულისხმობს „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის განხორციელებისკენ საჯარო მოწოდებებს“.
ასეთ ვითარებაზე ადეკვატური რეაგირება აუცილებელია, თუნდაც მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტის გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს ყველას ეხება: პარტიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს, შემოქმედებით კავშირებსა და პარლამენტს. ამ შემთხვევაში ჩვენი რეაქციის მასშტაბი ჩვენი თავისუფლების მასშტაბის ტოლფასი იქნება! ირაკლი ბჟინავა არა მის გამო, არამედ საკუთარი თავისთვის უნდა დავიცვათ“.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას