პატრიარქის დაკრძალვის მილიონები: რა ხდება თიკა რუხაძის გარშემო
პატრიარქის დაკრძალვა თიკა რუხაძე

14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილი მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით საჯაროდ დაადანაშაულა და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა. მისი კრიტიკის სამიზნე გახდა მამუკა მდინარაძეც, რომელსაც ოქიტაშვილი რუხაძის პოლიტიკურ მფარველად ასახელებს.
ოქიტაშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერებიც გამოეხმაურნენ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმები შესაძლოა მათი დაკავებისთვის ნიადაგის მომზადებას ემსახურებოდეს.
რამდენი დაჯდა პატრიარქის დაკრძალვა?
ილია მეორე 2026 წლის 22 მარტს დაკრძალეს. ცერემონიის ორგანიზებისთვის მთავრობამ ექვს უწყებას ჯამში 5.59 მილიონი ლარი გამოუყო. ყველაზე დიდი თანხა, 3 მილიონი ლარი, კულტურის სამინისტროს ერგო, რომელსაც მაშინ თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თანხის ნახევარზე მეტი არ დახარჯულა. 8 მაისს მთავრობამ დაფინანსება ფაქტობრივ ხარჯებს შეუსაბამა და საერთო თანხა 2.56 მილიონ ლარამდე შეამცირა.
მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
პატრიარქის დაკრძალვა: უპრეცედენტო მასშტაბის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თბილისში. ფოტო
კულტურის სამინისტრომ თავდაპირველად გამოყოფილი 3 მილიონიდან მხოლოდ 722.6 ათასი ლარი დახარჯა. დანარჩენი დაახლოებით 2.28 მილიონი ლარი არ დახარჯულა.
თუმცა, კვლავ უცნობია, რაში და როგორ დაიხარჯა 722.6 ათასი ლარი. ვის გადაუხადეს რეალურად დახარჯული თანხები, რა მომსახურებისთვის და რამდენად გამჭვირვალედ შეირჩნენ კონტრაქტორები.
სექტემბერი: პირველი კითხვები და პრემიერის პასუხი
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე კითხვები სექტემბერში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გაჩნდა.
კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კიკნაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ გამოვლენილი ხარვეზები აუდიტის დოკუმენტებში იყო ასახული. მოგვიანებით კი თქვა: „არ მითქვამს, რომ არსებობს დარღვევები“.
14 სექტემბერს საკითხს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი სამი მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.
„იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე პირობა დადო:
„ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“.
საპატრიარქო რუხაძის დასაცავად
საპატრიარქო რუხაძის დასაცავად
16 სექტემბერს განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, საპატრიარქომ თავიდანვე იცოდა, რომ დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი არ დაიხარჯებოდა.
„განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე“, – დაწერა ჯაღმაიძემ.
მან გამოთქვა იმედი, რომ დასრულდებოდა პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის.
რა კავშირი აქვს თიკა რუხაძეს კომპანია „თიხარტთან“?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, კულტურის მინისტრად დანიშვნამდე ორი წლის განმავლობაში თინათინ რუხაძემ 410 ათასი ლარი მიიღო ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანია „თიხარტში“ მრჩევლად მუშაობისთვის.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, „თიხარტს“ სახელმწიფოსგან 3.8 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული პირდაპირი შესყიდვის წესით, კონკურენტული ტენდერების გარეშე.
ეს გარემოებები კითხვებს აჩენს, ხომ არ მიიღო კომპანიამ თანხა პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვისაც. თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია საჯაროდ არ არსებობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ითხოვს, კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნოს, ვის გადაუხადა დაკრძალვისთვის დახარჯული 722.6 ათასი ლარი და რა მომსახურებისთვის.
პრობლემა ისიცაა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული შესყიდვების გამოქვეყნება სავალდებულო არ არის. ეს ართულებს სახელმწიფო თანხების ხარჯვის საზოგადოებრივ კონტროლს.
მინისტრის გადადგომა და ახალი პოლიტიკური ფონი
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრი 2024 წლის ოქტომბერში გახდა. 2026 წლის 28 ივლისს მან თანამდებობა დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადადგომის კავშირი დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებულ ბრალდებებთან დადგენილი არ არის.
15 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად „ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე დანიშნა და მისი წარდგენისას კეთილსინდისიერებას გაუსვა ხაზი.
ამავე პერიოდში პოლიტიკური თანამდებობა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემაც. მოგვიანებით რუხაძე და მდინარაძე ერთობლივი საჯარო თავდასხმების სამიზნეები გახდნენ.
ოქტომბერი: ბრალდებები უკვე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისგან
14 ოქტომბერს „საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა და „ქართული ოცნების“ აქტიურმა მხარდამჭერმა დავით ოქიტაშვილმა თინათინ რუხაძე საჯაროდ დაადანაშაულა მისი პროექტების დაბლოკვასა და რეპუტაციის შელახვაში. მამუკა მდინარაძე კი ყოფილი მინისტრის მფარველად მოიხსენია.
სწორედ ოქიტაშვილმა წამოწია პატრიარქის დაკრძალვის ტემა და პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გამოძიებისკენ მოუწოდა. მან რუხაძეს საჯარო პოსტში ჰკითხა:
„ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!“
ოქიტაშვილის პოსტი „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც მოიწონეს, მათ შორის ოცნების აქტივისტმა, დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ. პოსტი მოგვიანებით დროებით გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა.
რატომ ახსენებს ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძეს?
ოქიტაშვილის თავდასხმა მხოლოდ კულტურის ყოფილი მინისტრით არ შემოფარგლულა.
მისი თქმით, რუხაძის პოლიტიკური მფარველი მამუკა მდინარაძე იყო. ოქიტაშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ მდინარაძის მხარდაჭერით დაინიშნა რუხაძე მინისტრად და შემდეგ მისი გავლენით მოქმედებდა.
15 ოქტომბერს „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში ოქიტაშვილმა ბრალდებები გაიმეორა. მან რუხაძე და მდინარაძე „ქართული ოცნების“ ღალატშიც დაადანაშაულა.
ამავე დროს თქვა, რომ პროკურატურა მას ჯერ არ დაკავშირებია.
ოქიტაშვილის ბრალდებებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც გამოეხმარნენ.
დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ ოქიტაშვილს უნდა ჰკითხოს, რა მტკიცებულებებს ფლობს. თუ მისი ინფორმაცია საფუძვლიანი აღმოჩნდება, გამოძიებამ შესაბამისი პირები უნდა გამოკითხოს, მათ შორის რუხაძე და მდინარაძე.
ოპოზიცია შესაძლო დაკავებებზე საუბრობს
ოქტომბრის მოვლენებს ოპოზიციაც გამოეხმაურა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოქიტაშვილის გამოსვლები შესაძლოა თინათინ რუხაძისა და მამუკა მდინარაძის შესაძლო დაკავებებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურებოდეს.
გვარამიას შეფასებით, ამ პროცესის უკან შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი იდგეს. მან კორუფციის შესახებ ბრალდებები „რუსთავი 2“-ის მასშტაბურ პროექტებსაც დაუკავშირა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ რუხაძე და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე პატრიარქის დაკრძალვის თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.
მან ასევე ივარაუდა, რომ მამუკა მდინარაძე შესაძლოა დააკავონ.
ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია ეჭვობს, რომ ოქიტაშვილის განცხადება შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი პროცესის ნაწილი იყოს. მისი თქმით, თუ გამოძიება სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაიწყება, მისი ვარაუდი დადასტურდება.