პარტიების აკრძალვის საქმე სასამართლოში: რა უნდა იცოდეთ 21 ოქტომბრამდე
პარტიების აკრძალვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბათუმში იწყებს „ქართული ოცნების“ სარჩელის არსებით განხილვას. მმართველი პარტია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. სხდომები 22 და 23 ოქტომბერსაც გაგრძელდება.
ხუთი პარტიიდან ოთხი სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაცვას აპირებს, ერთი პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ოპოზიციის ნაწილი სხდომების პარალელურად ბათუმსა და თბილისში აქციებს გეგმავს.
რა იწყება 21 ოქტომბერს?
საქმეს სასამართლოს პლენუმი, ანუ ყველა მოქმედი მოსამართლე, განიხილავს. სხდომები სამივე დღეს 12:00 საათზე იწყება. ეს საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა.
ცხრაწევრიან სასამართლოში ახლა შვიდი მოსამართლეა, ორი ადგილი ვაკანტურია. 13 ოქტომბერს სასამართლო დატოვა მოსამართლე მანანა კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. მანამდე მან ამ საქმიდან თვითაცილება მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მისი თქმით, წასვლა პირადი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო.
„ქართული ოცნების“ პოზიციას სასამართლოში არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ. კანონით, სასამართლომ გადაწყვეტილება 2027 წლის 24 ივნისამდე უნდა მიიღოს.
რის საფუძველზე ითხოვს „ქართული ოცნება“ აკრძალვას?
მოსარჩელეები, 88 დეპუტატი, ამტკიცებენ, რომ ხუთივე პარტიამ დაარღვია კონსტიტუციის 23-ე მუხლი. ეს მუხლი კრძალავს პარტიას, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა.
სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სარჩელის ავტორები ამის მტკიცებულებად ასახელებენ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევას, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარებას და, მათი თქმით, ხელისუფლების დამხობის მცდელობებს. „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში ისინი დამატებით ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე საუბრობენ და 2008 წლის ომს იმოწმებენ.
● “ქართულმა ოცნებამ” ახალი სარჩელით ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს პარტია “ფედერალისტები” დაამატა
● „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელში გახარიას პარტიასაც შეიყვანს
● ევროკავშირი საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას განიხილავს. რა შეიცვლება იანვარში?
მოსარჩელეების თქმით, პარტიები 2016 წლიდან უარყოფენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას და ერთიანი მიზნით მოქმედებენ. ოპოზიციური პარტიები ამ ბრალდებებს უარყოფენ.
რას აპირებენ ასაკრძალი პარტიები?
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
პარტია სხდომებს დაესწრება. ეს მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მან მოქალაქეებს სხდომების დღეებში ბათუმში, სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა.
პროცესზე დასწრებას ითხოვს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. 17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში მან დაწერა, რომ ბათუმში ჩაყვანა სურს, რათა „ბოლომდე ვამხილო, ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში“. სარჩელის ავტორების ბრალდებების დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, 2004-2012 წლებს ეხება.
პროცესზე დასწრებას ითხოვს პატიმრობაში მყოფი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც.
ენმ ოპოზიციის ალიანსის წევრია და მის აქციებში მონაწილეობს.
-
რა არის ოპოზიციური ალიანსი
ოპოზიციის ალიანსი, ოფიციალურად „ერთობა ერთად გამარჯვებისთვის“, ცხრა პროდასავლურმა პარტიამ 2026 წლის 2 მარტს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ შექმნა.
მასში შედიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ფედერალისტები“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფლების მოედანი“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
ალიანსის განცხადებით, მისი მიზანია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულება, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თავისუფალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნა.
პარტიები იდეოლოგიურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, თუმცა საერთო საპროტესტო და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ.
ალიანსის ყველაზე მასშტაბური აქცია აქამდე 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში გაიმართა. „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსს არ შეუერთდნენ: „ლელომ“ დამოუკიდებლად მუშაობა არჩია, გახარიას პარტიამ კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისგან გამოყოფილ პარტიებთან გაერთიანება გამორიცხა.
ოპოზიციის ალიანსი, ოფიციალურად „ერთობა ერთად გამარჯვებისთვის“, ცხრა პროდასავლურმა პარტიამ 2026 წლის 2 მარტს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ შექმნა. მასში შედიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ფედერალისტები“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფლების მოედანი“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ალიანსის განცხადებით, მისი მიზანია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულება, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თავისუფალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნა. პარტიები იდეოლოგიურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, მაგრამ საერთო საპროტესტო და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ. ალიანსის ყველაზე მასშტაბური აქცია აქამდე 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში გაიმართა. „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსს არ შეუერთდნენ: „ლელომ“ დამოუკიდებლად მუშაობა არჩია, გახარიას პარტიამ კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისგან გამოყოფილ პარტიებთან გაერთიანება გამორიცხა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“
კოალიცია სხდომებში მონაწილეობას მიიღებს. კოალიციის პარტიები, „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“, ალიანსის წევრები არიან. „ახალის“ თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ 15 ოქტომბერს ოპოზიციური ალიანსის ერთობლივი კამპანიის დაწყება დააანონსა.
გვარამიამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მათი ბრძოლა მხოლოდ დარბაზით არ შემოიფარგლება – „ჩვენ ვიქნებით ყველგან, მათ შორის თბილისის ქუჩებში“.
„ძლიერი საქართველო – ლელო“
„ლელო“ სხდომებს დაესწრება. პარტიამ სახალხო დამცველს მიმართა, რომ საქმეზე სამართლებრივი პოზიცია წარადგინოს. ომბუდსმენის აპარატს 19 ოქტომბრის მდგომარეობით პასუხი არ გაუცია. ლელო ალიანსის წევრი არ არის. პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, აკრძალვის შემთხვევისთვის მათ რამდენიმე სცენარი და სამოქმედო გეგმა აქვთ მომზადებული.
„გახარია საქართველოსთვის“
პარტია პროცესში მონაწილეობას მიიღებს. 20 ოქტომბრის განცხადებაში წერია: „საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ“. პარტია ითხოვს, რომ სასამართლომ მათი აკრძალვის საკითხი სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად, ცალკე განიხილოს. გახარიას პარტია ოპოზიციური ალიანსი წევრი არ არის. ის ერთადერთია ამ პარტიებს შორის, რომელიც პარლამენტში შევიდა.
„ფედერალისტები“
პარტია სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. მათი არგუმენტია ის, რომ „ფედერალისტები“ არ აპირებენ, პროცესს სამართლებრივი ფორმა მისცენ.
პარტიის ლიდერის, თამარა ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ფედერალისტები“ ბათუმში იქნებიან, ისინი სასამართლო პროცესს არა დარბაზიდან, არამედ შენობის გარეთ გააპროტესტებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი, დაესწრებიან თუ არა პარტიები სხდომებს?
დასწრება შეიძლება სტრასბურგში გასაჩივრების შანსზე აისახოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის სანდრო ბარამიძის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ მხარემ თავისი არგუმენტები ჯერ ქვეყნის შიგნით დააფიქსიროს, ხოლო თუ პარტია სხდომას არ დაესწრება, მისი საჩივარი სტრასბურგში შეიძლება დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
ვინ აწყობს აქციებს?
„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის ფონზე, ოპოზიციური ალიანსი საპროტესტო კამპანიას აანონსებს.
პირველი აქცია 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება. მას „თავისუფლების მოედანი“ აწყობს, ალიანსის წევრი პარტია.
ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში, თსუ-ის პირველ კორპუსთან ერთობლივ კამპანიას იწყებს.
კამპანიის მიზანი 28 ნოემბერს თბილისში დიდი აქციის მოწყობაა. „ლელოსა“ და გახარიას პარტიას ამ აქციებში მონაწილეობის შესახებ 20 ოქტომბრის მდგომარეობით არაფერი უთქვათ.
სად დგას დანარჩენი ოპოზიცია?
ოპოზიციის ალიანსი 2026 წლის მარტში ცხრა პარტიამ შექმნა. ასაკრძალი პარტიების გარდა, მასში შედიან „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფლების მოედანი“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ეს პარტიები სარჩელში არ არიან, მაგრამ ალიანსის ყველა აქციაში მონაწილეობენ.
„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე აკრძალვას თავად „ქართული ოცნებისთვის“ უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევს.
მისი თქმით, აკრძალვა ქვეყნის პრობლემებს ვერ გააქრობს:
„ის მხოლოდ ამ პრობლემების გადაჭრის პოლიტიკურ გზას დაახშობს და კიდევ უფრო მძიმე დასასრულის გარანტია გახდება „ოცნებისთვის““. „ჯერ საქართველოს“ ლიდერი ვიქტორ ყიფიანი იმავე რისკზე მიუთითებს: „ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“.
მისი შეფასებით, ამის შედეგად ქვეყანაში რადიკალიზაციამდე მანძილი მკვეთრად მცირდება.
„ჯერ საქართველოს“ ლიდერი ვიქტორ ყიფიანი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ პარტიების აკრძალვა ქვეყანაში ვითარების რადიკალიზაციას დააჩქარებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, ანუ საქმეზე დამოუკიდებელი სამართლებრივი შეფასება, უკვე მესამედ წარადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, სარჩელის მიზანი პოლიტიკური კონკურენციის მოსპობაა.
რას ამბობენ ევროკავშირში?
ევროკავშირის სტრუქტურებიდან საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას მკაცრი შეფასებები მოჰყვა:
ევროპარლამენტმა მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ევროპარლამენტარები მკაფიოდ ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას და ამ პროცესის ინიციატორების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავენ.
ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან ვიგანდმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, წამყვანი პოლიტიკური ძალების გაუქმების მცდელობა, მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზებაზე მიუთითებს. ეს კი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 ოქტომბერს უპასუხა, რომ საქმის განხილვამდე პროცესის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოზე ზეწოლისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა. სამინისტრომ ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებიც პროცესს წინასწარ აფასებს.
რა მოხდება, თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს?
ხუთი პარტია სამართლებრივად აღარ იარსებებს. მათგან ოთხს 2024 წლის არჩევნებში, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ჯამში 784 820 ამომრჩეველმა მისცა ხმა.
მოქმედი კანონით, მოსარჩელის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობაც აუკრძალოს. „მემკვიდრე პარტიის“ აკრძალვისთვის კი 14-დღიანი პროცედურა არსებობს. 21-23 ოქტომბრის სხდომები ამ პროცესის პირველი ეტაპია. გადაწყვეტილების თარიღი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.