მოსაზრება: ირაკლი კობახიძის ვრცელი ანგარიში შეიძლება ნიშნავდეს, რომ მისი გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია
გაზიარება
გაზიარება
ირაკლი კობახიძის გადაყენება
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერობის დასასრული შესაძლოა მოახლოებული იყოს და მისი ჩანაცვლებისთვის უკვე მზადდება ნიადაგი. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს პრემიერის დღევანდელ გამოსვლაზე მთავრობის სხდომაზე, სადაც კობახიძემ მისი პრემიერობის პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
ხუხაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი შესაძლოა თავად პრემიერის მიღმა იყოს და კობახიძის შესაძლო შემცვლელად ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი განიხილებოდეს. ქვრივიშვილი კობახიძემ დღეს ვიცე-პრემიერად დანიშნა, რაც, პოლიტოლოგის შეფასებით, შესაძლოა მომავალ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიგნალი იყოს.
1-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე საკუთარი გამოსვლა, მისი პრემიერობის დროს, სხვადასხვა სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საუბარს დაუთმო. ირაკლი კობახიძე მთავრობის ანგარიშის საქმიანობას ნახევარ საათზე მეტხანს აჯამებდა.
გია ხუხაშვილი: “მისი გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია. ის, ფაქტობრივად, დიდი ხანია უკვე სტერილურია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ მასთან არის ანგარიშვალდებული. წმინდა ტექნიკური მთავრობა გაკეთდა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მდინარაძეც უცნაური ფორმით ჩამოაშორეს. ფაქტობრივად, ბოლო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა აღგვექვა, როგორც მისი გუნდის წევრი. სიტუაცია შემზადებულია.
არ გამოვრიცხავ, რომ [მისი დღევანდელი ვრცელი გამოსვლა მთავრობის სხდომაზე] შეიძლება ამას ნიშნავდეს და მე ეს შემიძლია გავაძლიერო იმითაც, რომ მარიამ ქვრივიშვილი იქნა დაწინაურებული ვიცე – პრემიერად. დღეს მოხდა ესეც. ესეც გარკვეული ნიშანია იმის, რომ პრემიერობის დაისი მოახლოებულია. დასაშვებია, რომ გარდამავალ პერიოდში მარიამ ქვრივიშვილი შეიძლება იყოს დანიშნული პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად, წყვეტა რომ არ იყოს, სანამ ახალი პრემიერი იქნება ხელდასხმული, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს თავად მარიამ ქვრივიშვილი იყოს.
დღევანდელი სტანდარტით, რაც გულისხმობს ტექნიკურ მთავრობას, პოლიტიკა მთლიანად უნდა იყოს გატანილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, პოლიტიკა უნდა იყოს ჩაკლული საბოლოოდ. ამ სტანდარტით, მარიამ ქვრივიშვილი, როგორც შედარებით დავარცხნილი, პოლიტიკასთან მაინცდამაინც ახლოს არ გავლილი პრემიერი, ბიძინას დღევანდელი აღქმით, მსოფლმხედველობით არის კარგი კანდიდატი. თან ქალბატონია, არ გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით და აგრესიაც მის მიმართ ნაკლებია, ეს ვერსია სიცოცხლისუნარიანია.
ყველაფერი შეიძლება, ეს ხომ არის მეფის კარზე თამაშები. მე არც კობახიძეს და არც ღარიბაშვილს პოლიტიკური პროცესის რეალურ აქტორად არ აღვიქვამ. იყო პერიოდები, როდესაც მათ საბელი ჰქონდათ დაგრძელებული, მაგრამ ისინი ხომ არ არიან რეალური მოთამაშეები, ეს არის მეფის კარის გარკვეული თამაშები, ამ პატარა ადამიანებს რა განცდები და შფოთები აქვთ. ყველაფერი შეიძლება იყოს. მთავარი და უმთავრესი, ფუნდამენტური ხდება სხვაგან, სხვა იღებს გადაწყვეტილებს ვინ ჩამოახრჩოს, ვინ შეიწყალოს და ყველამ ვიცით მისი გვარი და სახელი. ეს პატარა კაცების რაღაცა ფათიფუთია.”