საქართველო მესამე ტალღისთვის ემზადება. პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღისთვის ემზადება. კოვიდ-19 დაუდასტურდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც, ხოლო ვაქცინაცია საჭიროზე ბევრად ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში “ასტრაზენეკას” დამატებითი დოზები აპრილის ბოლოს შემოვა, ფაიზერის კი ივნისში.
მისივე თქმით, მოწოდება “კოვაქსის” მეშვეობით მოხდება, ხოლო “ფაიზერის” პირდაპირი მოლაპარაკებით მოწოდების გრაფიკი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოსალოდნელ ლოკდაუნზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს მთავრობა შეზღუდვებზე:
“თუკი სურათი გაუარესდა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოგვიხდეს, დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რასაც აქამდე ვიყენებდით.
2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას.
ბოლო 2 კვირის მაჩვენებელი გვაქვს 1.94%, ანუ უახლოვდება 2%-ს, როცა ამას გადასცდება, 5%-ს ვერ დაველოდებით – ეს საგანგაშო მაჩვენებელია – მოგვიწევს, ვიფიქროთ უფრო აქტიურ ღონისძიებებზე”.
გაბუნიასვე ინფორმაციით, თუ მატება გაგრძელდა, მთავრობას მოუწევს დაუბრუნდეს იმ შეზღუდვებს, რაც ქვეყანამ უკვე გამოიარა.
“თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს და ეს იქნება გარანტია იმის, რომ ჩვენ აღარ მოგვიხდეს მეტი მკაცრი შეზღუდვებისკენ დაბრუნება”, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ბაღებსა და სკოლებში სწავლა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
● ამირან გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღას პროგნოზირებს
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID 19-ის 897 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პრემიერთან კონტაქტის გამო, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.
პარალელურად, საქართველოში, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 1 214 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან 3 კვირის თავზე კი ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი.
საქართველოში ამჟამად ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა”. ორი დღის წინ ქვეყანაში შემოვიდა ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც, თუმცა მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ გამოიყენებენ.