NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა. ამ შედეგს აჩვენებს გამოკითხვა, რომელიც „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) საქართველოში 17-24 თებერვლის პერიოდში ჩაატარა.
კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის ვაქცინას/აცრას, გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 12 პროცენტმა კი არ იცის, აიცრებოდა თუ არა.
ვაქცინაციაზე უარის მიზეზები ასე ნაწილდება: უმრავლესობა – 48 პროცენტი კორონავირუსის ვაქცინების ხარისხს არ ენდობა.
20 პროცენტი აცრაზე უარს ასაბუთებს იმით, რომ ფიქრობს, ვაქცინის გარეშეც შეძლებს კორონავირუსის და პანდემიის დამარცხებას.
10 პროცენტი ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო ვერ აიცრება. ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი.
გამოკითხვაში ვაქცინის მიმართ დამოკიდებულების სხვა დეტალებიც ჩანს:
მაგალითად, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი ახალგაზრდები (55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები), ვიდრე შედარებით ხანდაზმულები.
ასევე, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ქალები უფრო არ ენდობიან ვაქცინას, ვიდრე კაცები.
მოქალაქეები კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.
“ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში. ახლა მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება, ასევე, სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი, თუ არ იცრება და არ ენდობა ამ ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან,” – განაცხადა NDI კვლევის შედეგების კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
“უიღბლო დასაწყისში” გაბუნია ახალციხეში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევას გულისხმობს – 18 მარტს, საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან სამ დღეში, “ასტრაზენეკათი” აცრის შემდეგ 27 წლის მედდა გარდაიცვალა. მას ვაქცინიდან 30 წუთში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოში, სადაც ვაქცინის მიმართ, ტრადიციულად, სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, ამ ფაქტმა პროცესი კიდევ უფრო შეაფერხა, თუმცა NDI-იმ კვლევის შედეგებში ეს ტრაგიკული ფაქტი ასახვას ვერ ჰპოვებდა, რადგან NDI-მ გამოკითხვა თებერვალში ჩაატარა, ანუ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ვაქცინა არც კი იყო ჯერ შემოსული.
ექსპერტები ამბობენ, რომ NDI-ის კვლევებში დაფიქსირებული შედეგი მოწმობს იმას, რომ ხელისუფლებამ არასათანადოდ ჩაატარა ვაქცინაციის კამპანია და ვერ შეძლო ადამიანების განწყობის შეცვლა ვაქცინის სასარგებლოდ.
კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია, ბრიტანული “ასტრაზენეკას” 43 ათას 200 დოზა, საქართველომ 13 მარტს მიიღო, 15 მარტს კი, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. 70 ათასი ჯანდაცვის მუშაკიდან, რომელთათვისაც იყო განკუთვნილი ვაქცინის ეს პარტია, პირველ კვირას მხოლოდ 4 ათასამდე ადამიანი აიცრა.
