პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილებს პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.
● მიტინგი პარლამენტთან და აქციის დაშლა ცესკოსთან. ვიდეოისტორია
● აქციის დაშლის ღამე. რას აპირებს ოპოზიცია? ქრონოლოგია და ფოტოები
აქციის დაწყებამდე “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანია.
“ბუნებრივია, ყველა ვღელავთ, გვინდა, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ, ბუნებრივია, ჯანსაღი კამათი არის. აქ გასაკვირი არაფერია. უაზრობა და უპასუხისმგებლობა იქნებოდა ყველა ჩუმად რომ ვიყოთ და ციდან ჩამოგდებულს რომ ველოდოთ. ოპოზიცია არის ერთიანი. კვლავ დაფიქსირდა, რომ არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას და მის ლეგიტიმურად ცნობას. ყველა ვეძებთ იმ გზებს, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოგვაპოვებინებს განმეორებით არჩევნებს“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ კი ხელისუფლებას მოუწოდა: “შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, რადგან ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია”.

საპროტესტო აქცია განახლდა ბათუმშიც, აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
ათობით ადამიანი დაშავდა გუშინ, 8 ნოემბერის ღამეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ, როდესაც პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცესკოსთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, არჩევნები გაყალბებულია.
ღამე ოპოზიცია დაიშალა, თუმცა დღეს კვლავ დაანონსებულია მიტინგი პარლამენტის შენობის წინ.