ზელენსკისა და ალიევის შეხვედრა. როგორ ცდილობს ბაქო უკრაინასთან თანამშრომლობისა და რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებას?
აზერბაიჯანი და უკრაინა: თანამშრომლობა დრონების სფეროში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 12 ნოემბერს დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
ალიევი სამიტზე ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მიჰოლ მარტინის, და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას, მიწვევით ჩავიდა.
ზელენსკიმ Telegram-არხზე დაწერა, რომ სამიტზე მუშაობა სწორედ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. “ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვითარდება” – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა იყო:
„უპირველეს ყოვლისა, Drone Deal. კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და ვმუშაობთ შეკვეთების მოცულობის გაზრდაზე“.
თუმცა აზერბაიჯანული მხარის ოფიციალურ განცხადებაში არც დრონები, არც თავდაცვა და არც სამხედრო თანამშრომლობა ნახსენები არ არის. განცხადებაში საუბარია ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებზე, დელეგაციების ორმხრივ ვიზიტებზე, ასევე ზელენსკის მადლიერებაზე აზერბაიჯანის მიერ მიწოდებული ელექტრომოწყობილობების გამო.
აზერბაიჯანულმა მედიამაც გაავრცელა ინფორმაცია დრონების მიწოდების კონტრაქტების შესახებ. თუმცა, წყაროდ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მიუთითა.
აპრილში ჩვენ ვწერდით ზელენსკის გაბალაში ვიზიტის შესახებ.
რა როლს ასრულებს აზერბაიჯანი უკრაინის დრონების წარმოების პროგრამაში და რატომ ამჯობინებს ბაქო ამ საკითხზე საჯაროდ არ ისაუბროს?
რა არის Drone Deal?

Drone Deal სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფორმატია, რომელიც უკრაინამ პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო ტექნოლოგიების, პირველ რიგში, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათთან ბრძოლის სისტემების გადასაცემად შეიმუშავა.
შეიარაღების მიწოდების გარდა, ასეთი შეთანხმებები ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, ტექნოლოგიების გაცვლასა და უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გაზიარებას.
უკრაინისთვის ეს შესაძლებლობაა, თავდაცვის მრეწველობა გრძელვადიანი უცხოური შეკვეთებითა და დაფინანსებით უზრუნველყოს. პარტნიორი ქვეყნები კი, თავის მხრივ, რეალურ საბრძოლო პირობებში გამოცდილი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას იღებენ.
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, კიევი მსგავს შეთანხმებებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც აფორმებს. კერძოდ, იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ირანული დრონების თავდასხმების სამიზნე ხდებიან.
ივლისში უკრაინის მთავრობამ Drone Deal-ის ფარგლებში ტექნოლოგიებისა და შეიარაღების გადაცემის ნებართვების გაცემის პროცედურა 30 დღემდე შეამცირა. დადგენილი წესების თანახმად, მყიდველმა ქვეყანამ სახელმწიფო გარანტიები უნდა წარმოადგინოს.
ტექნოლოგიები მხოლოდ გამოყენების უფლებით გადაეცემა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები კი უკრაინას რჩება. თუ უკრაინული ტექნოლოგიებით წარმოებული პროდუქცია მესამე ქვეყანას მიეყიდება, მისი ღირებულების 20% უკრაინის ბიუჯეტში ირიცხება.
პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლიათ სანქცირებულ ორგანიზაციებს ან იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც „აგრესორი სახელმწიფო“ აკონტროლებს.
უკრაინული მედიის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, Drone Deal-ის ფარგლებში შეთანხმებები გააფორმეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ნიდერლანდებმა, დანიამ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა და აზერბაიჯანმა.
დუბლინში შეხვედრისას ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა ტიპისა და რაოდენობის დრონებზეა საუბარი, რა ღირებულებისაა კონტრაქტები და რომელი კომპანიები იქნებიან პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე.
გაბალიდან დუბლინამდე
ბაქოსა და კიევს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ აპრილში გახდა ცნობილი. 25 აპრილს გაბალაში პრეზიდენტებმა ექვს დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მათი სრული ჩამონათვალი არ გამოქვეყნებულა.
ზელენსკიმ მაშინ უსაფრთხოება თანამშრომლობის მთავარ მიმართულებად დაასახელა. ხოლო თავდაცვის მრეწველობაში ერთობლივი წარმოების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერა „ძალიან სერიოზულ ნაბიჯად“ შეაფასა.
მან ასევე განაცხადა, რომ დრონების უკრაინელი სპეციალისტები აზერბაიჯანში უკვე მუშაობდნენ.
იმავე ვიზიტის დროს ზელენსკიმ აზერბაიჯანში, აშშ-ის მონაწილეობით, რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის წინადადებაც წამოაყენა. ამის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ვლადიმირ ჯაბაროვმა აზერბაიჯანს ასეთი შეხვედრისთვის „ნორმალური ადგილი“ უწოდა.
თავის მხრივ, ალიევმაც დაადასტურა, რომ შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს და აღნიშნა, რომ ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის „შესანიშნავი შესაძლებლობები“ არსებობს.
მან ასევე შეახსენა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
მანამდე ერთი თვით ადრე, მარტში, აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკა ნახიჩევანი დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა. ალიევმა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, თუმცა თეირანმა ბრალდება უარყო. ამ ფონზე დრონებთან ბრძოლის უკრაინული გამოცდილების მიმართ ინტერესი გაიზარდა.
აგვისტოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი კიევს ეწვია. ის აზერბაიჯანის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც 2022 წლის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ზელენსკის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვსა დამეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან იგორ კლიმენკოს.
როგორც სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყებოდა, ზელენსკისთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და Drone Deal-ის პროგრამის განხორციელება.
ბაირამოვი უკრაინისთვის გაზის მიწოდების საკითხსაც შეეხო:
„თუ საჭიროება გაჩნდება, მზად ვიქნებით, მეგობარ უკრაინასაც მივაწოდოთ გაზი“.
რატომ ამჯობინებს ბაქო დუმილს?
ბაქოს სიფრთხილე, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობებით არის განპირობებული.
2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნამ, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და რასაც 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.
მიმდინარე წლის აპრილში მხარეებმა ერთობლივ განცხადებაში აღიარეს, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უნებლიედ ჩამოაგდო.
ივლისში, მოსკოვში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, ბაირამოვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში „რთული პერიოდი“ წარსულს ჩაბარდა.
ამრიგად, ბაქომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ ახლახან დაიწყო.
პოლიტოლოგი ელხან შაჰინოღლუ ჯერ კიდევ ბაირამოვის კიევში ვიზიტის დროს აღნიშნავდა, რომ კრემლი ამ ვიზიტს ყურადღებით დააკვირდებოდა.
ბაქოს ფრთხილი პოზიცია კიდევ ერთ შემთხვევაში გამოჩნდა.
5 ივნისს აზოვის ზღვაში დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა ორი სატვირთო გემი, რომლებიც რუსეთის როსტოვის პორტისკენ მიემართებოდნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაზუსტებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად გემებზე მყოფი აზერბაიჯანის ოთხი მოქალაქე დაიღუპა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა უკრაინამ განახორციელა. თუმცა, ბაქოს საჯაროდ არ დაუსახელებია მხარე, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლად მიაჩნია.
რუსეთს აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტების დუბლინში შეხვედრაზე ოფიციალური რეაქცია ჯერ არ ჰქონია.
რას ელოდება უკრაინა აზერბაიჯანისგან?
დრონების სფეროში თანამშრომლობის გარდა, ზელენსკის კიდევ ერთი მოთხოვნა ენერგეტიკას უკავშირდება.
ალიევთან შეხვედრის შემდეგ მან დაწერა:
„მადლობელი ვიქნებოდით, თუ აზერბაიჯანიც გამონახავდა შესაძლებლობას, ახლა, ზამთრის მოახლოებისას, მხარი დაუჭიროს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკას“.
იმავე დღეს, სამიტზე გამოსვლისას, ზელენსკიმ ენერგეტიკული მხარდაჭერა უკრაინის სამ მთავარ პრიორიტეტს შორის დაასახელა:
„ეს მხარდაჭერა უკვე ახლა, ნოემბერში და მთელი ზამთრის განმავლობაში გვჭირდება“.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმების მიუხედავად უკრაინაში მუშაობას აგრძელებენ.
მანამდე აზერბაიჯანმა ქალაქ ირპენს ხუთი ელექტროავტობუსი გადასცა, ასევე დახმარება გაუწია სკოლისა და საავადმყოფოს აღდგენაში.
ბაირამოვის აგვისტოს ვიზიტის დროს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისთვის აზერბაიჯანის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარების საერთო მოცულობამ 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რამდენ ხანს შეძლებს აზერბაიჯანი ამ ბალანსის შენარჩუნებას?
გაბალაში შეხვედრის შემდეგ ანალიტიკოსები აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკას „დაბალანსებულად“ და „მრავალვექტორულად“ ახასიათებდნენ.
ბაქო ერთდროულად აფორმებს კიევთან თავდაცვის სფეროში შეთანხმებებს და მოსკოვთან ურთიერთობებს აღადგენს.
დუბლინში შეხვედრა აჩვენებს, როგორ მუშაობს ეს მოდელი: კიევი სამხედრო თანამშრომლობაზე ღიად საუბრობს, ბაქო კი ოფიციალურ განცხადებებში ყურადღებას ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ამახვილებს.
თუმცა კონტრაქტების მასშტაბების ზრდასთან ერთად ამგვარი მიდგომის შენარჩუნება შესაძლოა სულ უფრო გართულდეს.
აზერბაიჯანი და უკრაინა: თანამშრომლობა დრონების სფეროში