დუბლინში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა: რა სურს ლონდონს ბაქოსგან და რას იღებს ბაქო ლონდონისგან?
აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის პარტნიორობა
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ბრიტანეთის მთავრობამ დოკუმენტის ტექსტი იმავე დღეს გამოაქვეყნა.
დეკლარაცია თანამშრომლობის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: თავდაცვა და უსაფრთხოება; ვაჭრობა, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა; განათლება და ინოვაციები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე ყოველწლიურ შეხვედრებს გამართავენ და თანამშრომლობის შედეგებს შეაფასებენ.
დოკუმენტი ეფუძნება ორ ქვეყანას შორის 1994 წელს ხელმოწერილ მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ასევე, 1998 წლის დეკლარაციას მეგობრული ურთიერთობებისა და პარტნიორობის შესახებ.
ექვსი თვით ადრე დიდმა ბრიტანეთმა მსგავსი დეკლარაცია სომხეთთანაც გააფორმა. ორი დოკუმენტის შედარება საშუალებას გვაძლევს დავსვათ კითხვა: თანამშრომლობის რომელ მიმართულებებს ანიჭებს დიდი ბრიტანეთი პრიორიტეტს აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობაში და რომელ საკითხებს ტოვებს ყურადღების მიღმა?
რას ითვალისწინებს დოკუმენტი?

თავდაცვა და უსაფრთხოება. მხარეები გეგმავენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას „კადრების მომზადების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ოპერატიული თავსებადობის“ მიმართულებით.
ასევე, განიხილავენ თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
დოკუმენტი ითვალისწინებს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას, სასაზღვრო კონტროლის სფეროში ურთიერთქმედებას და სასამართლო-სამართლებრივ თანამშრომლობას „კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციური მდგრადობის გაძლიერების მიზნით“.
ვაჭრობა და ენერგეტიკა. დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს შუა დერეფნის განვითარებას – სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც ჩინეთს ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით ევროპასთან აკავშირებს.
მხარეები ასევე გეგმავენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგეტიკის, „მწვანე“ დაფინანსებისა და დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების მიმართულებით.
ამ სფეროებში თანამშრომლობის მთავარი პლატფორმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია იქნება.
განათლება და ინოვაციები. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას უმაღლესი და პროფესიული განათლების, ციფრული უნარების განვითარების, საჯარო მოხელეების მომზადების, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის სფეროებში.
დეკლარაციაში დიდი ბრიტანეთი მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და მხარს უჭერს „მდგრადი მშვიდობის“ მიღწევის ძალისხმევას.
ამასთან, ყველა ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის რესურსებსა და კანონმდებლობაზე.
რით განსხვავდება სომხეთთან ხელმოწერილი დეკლარაცია?
5 მაისს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ამ დოკუმენტშიც თანამშრომლობის სამი მიმართულებაა განსაზღვრული. პირველი ორი აზერბაიჯანთან გაფორმებული დეკლარაციის ანალოგიურია: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა და განვითარება.
თუმცა მესამე მიმართულება განსხვავებულია. სომხეთთან გაფორმებულ დეკლარაციაში მას „სახელმწიფო მმართველობა და დემოკრატიული მდგრადობა“ ეწოდება, აზერბაიჯანთან დოკუმენტში კი – „განათლება და ინოვაციები“.
სომხეთთან დეკლარაციაში მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
აზერბაიჯანთან გაფორმებულ დეკლარაციაში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მედია საერთოდ არ არის ნახსენები. ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება“ მხოლოდ ერთხელ გვხვდება – ორი ქვეყნის ხალხებს შორის კავშირების განვითარების კონტექსტში.
გარდა ამისა, სომხეთთან დეკლარაცია ითვალისწინებს ერთობლივი დოკუმენტის – „შედეგების ჩარჩო პროგრამის“ – შემუშავებას, რომელიც შეთანხმებების შესრულების მონიტორინგისთვის იქნება გამოყენებული.
აზერბაიჯანთან გაფორმებულ დოკუმენტში მსგავსი მექანიზმი გათვალისწინებული არ არის. მხარეები მხოლოდ ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ.
სომხეთთან გაფორმებულ დეკლარაციაში ასევე პირდაპირ წერია, რომ ის საერთაშორისო ხელშეკრულებას არ წარმოადგენს და თითოეულ მხარეს შეუძლია თანამშრომლობის შეწყვეტა ექვსი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
რა ფონზე იკვეთება ეს განსხვავებები?
დეკლარაციას ხელი მოეწერა იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაკავების გამო საერთაშორისო კრიტიკა გრძელდება.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის მონაცემებით, Meydan TV-ის საქმეზე დაკავებული 12 პირი ჟურნალისტური საქმიანობის გამო იდევნება. ორგანიზაცია ასევე იუწყება, რომ ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
მიმდინარე წლის თებერვალში დაკავებულმა ჟურნალისტებმა ბაქოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩოს, მიმართეს და სასამართლო პროცესებზე დაკვირვება სთხოვეს.
ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებების საპასუხოდ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო განხილვა გრძელდება და მის დასრულების შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
დეკლარაციის ხელმოწერასთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ეს საკითხი ნახსენები არ არის.
რას ელიან მხარეები ერთმანეთისგან?
დიდი ბრიტანეთი უკვე მრავალი წელია აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია. ამაში მთავარი როლი კომპანია BP-ს ეკისრება, რომელიც „აზერი-ჩირაღ-გიუნეშლისა“ და „შაჰდენიზის“ საბადოების ოპერატორია.
აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების მონაცემებით, ბრიტანეთის ინვესტიციების მოცულობამ ქვეყნის ეკონომიკაში 39 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის შესახებ მხარეების მონაცემები განსხვავდება. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 3,72 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის ივნისამდე საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მოცულობა 1,2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იყო.
ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის 89-ე ადგილზეა.
ბრიტანეთის ექსპორტმა აზერბაიჯანში 724 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2,9%-ით ნაკლებია. აზერბაიჯანიდან იმპორტი კი, პირიქით, 2,6-ჯერ მეტად გაიზარდა და 453 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღწია.
დეკლარაციის მომზადება მის ხელმოწერამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 2025 წლის აგვისტოში დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა სტივენ დაუტიმ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ მხარეები ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანაზე შეთანხმდნენ.
დეკემბერში ბაქოს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ლორდი კოკერი ეწვია. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა, ლორდმა ანას სარვარმა, ბაქოში მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ დოკუმენტის ტექსტი შეთანხმებული იყო.
იმავე შეხვედრაზე მხარეებმა სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების საგზაო რუკას მოაწერეს ხელი. სარვარმა განმარტა, რა მიმართულებებს მოიცავდა პარტნიორობა:
„რა თქმა უნდა, ის მოიცავს ენერგეტიკასა და საპორტო ინფრასტრუქტურას, ინვესტიციებს, განათლებას და სხვა სფეროებს“.
2025 წელს დაუტის ვიზიტთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ასევე იყო ნახსენები სამშვიდობო პროცესი, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, შუა დერეფანი, ენერგეტიკა, თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება და განათლება. ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების საკითხები მაშინაც არ უხსენებიათ.
რა შეხვედრები გაიმართა დუბლინში?
დეკლარაციის ხელმოწერა ალიევის დუბლინში გამართული შეხვედრების დატვირთული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
იმავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ასევე ბულგარეთის, საბერძნეთისა და ჩეხეთის მთავრობის მეთაურებს შეხვდა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული დერეფნის პროექტი განიხილეს.
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრაზე, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, საუბარი შეეხო 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში სამშვიდობო დღის წესრიგს, საზღვრების დელიმიტაციას, სატრანსპორტო კავშირებსა და „ტრამპის მარშრუტს“ (TRIPP).
მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში და პირიქით ტვირთების ტრანზიტი.
დიდმა ბრიტანეთმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციებს ექვსი თვის ინტერვალით მოაწერა ხელი.
ორივე დოკუმენტი სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას ითვალისწინებს. თუმცა თანამშრომლობის მესამე მიმართულება განსხვავებულია: სომხეთთან გაფორმებულ დეკლარაციაში აქცენტი დემოკრატიაზეა, აზერბაიჯანთან დოკუმენტში კი – განათლებაზე.
აზერბაიჯანელ უფლებადამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დეკლარაციის ხელმოწერასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის პარტნიორობა