მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის უკვე მეათე დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და ის ამჟამად მხოლოდ წყალს სვამს. მისივე განმარტებით, საჭიროა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა.
“დღეს არც მინდოდა საპატიმროს დატოვება, მაგრამ მერე შევხვდი ექთანს და ნახევარი საათი ვლაპარაკობდით იმაზე, როგორ გადავაგოროთ ეს ღამე, ხვალ ხვალ იქნება, მერე ვნახოთ როგორ იქნება.[ხვალ] ვაპირებ მისვლას და ალბათ, უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ხვალ თუ არა უკვე ზეგ უნდა გადავიყვანოთ… ის შიმშილობდა 10 დღე, ოფიციალურად ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის 10 დღე, მე მგონი 14-15 დღეა უკვე. მე არ ვიცი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, არ ვიცი როგორ ჩამოვიდა, მაგრამ ეს კი მითხრა, რომ არაფერი უჭამია გზაში და ბათუმში რომ იყო და დადიოდა იქ საკვები არ ჰქონია”, – თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა.
ნიკოლოს ყიფშიძე ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, ტალასემია:
“მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს… უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს, რომ ცუდადაა.”
ექიმის განმარტებით, ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი, რადგან ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს – უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი.
“ასე თუ გაგრძელდა, პრეზიდენტი ცოცხალი აღარ გვეყოლება” – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● საპატრიარქო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ექს-პრეზიდენტი უარზეა
● “არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე”. დაკავებამდე სააკაშვილმა ვიდეოს ჩაწერა მოასწრო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე იგი უკვე გასამართლებულია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის 1212 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.
იგი თავს პოლიტპატიმრად თვლის და მის ამ შეფასებას იზიარებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, სანამ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს მას და რამდენიმე მის თანამოაზრეს. მეტიც, პოლიტიკოსმა უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზეც.