საპატრიარქო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ექს-პრეზიდენტი უარზეა
საქართველოს საპატრიარქო ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.
ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
სააკაშვილის წინააღდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე იგი უკვე გასამართლებულია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის 1212 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.
იგი თავს პოლიტპატიმრად თვლის და მის ამ შეფასებას იზიარებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, სანამ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს მას და რამდენიმე მის თანამოაზრეს. მეტიც, პოლიტიკოსმა უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზეც.
საპყრობილეში სააკაშვილს ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივანი მიხეილ ბოტკოველი.
“დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება”, – ნათქვქამია საპატრიარქოს განცხადებაში.
პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ბოტკოველმა ჟურნალისტებს ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა.
“სააკაშვილ გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა და გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა, შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე რომ მას პატივს სცემს. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს”, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა სთხოვა პატრიარქისთვის გადაეცა, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და მის დაბრუნებას ითხოვს. “ჩვენ როგორც წესი, პატიმრებს, რომლებსაც აქვთ ხოლმე ასეთი მოთხოვნები შიმშილობასთან დაკავშირებით, მე რაც მეხსიერება მაქვს, მივდივართ ხოლმე და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა”, – თქვა დეკანოზმა.
პატრიარქის მდივანს ჰკითხეს, როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა, რაზეც მან უპასუხა, რომ ამ დარგის სპეციალისტი არაა.
“მე არ შემიმჩნევია მისთვის სისუსტე. ვისაუბრეთ სულ რამდენიმე წუთი, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და როგორც ხედავთ, გამოვედი”, – აღნიშნა დეკანოზმა.