აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელახალი რეგისტრაცია მოუწევთ
არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია
აზერბაიჯანში მოქმედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს სახელმწიფო რეგისტრაციის ხელახლა გავლა მოუწევთ.
ამას „არასამთავრობო ორგანიზაციების (საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და ფონდების) შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონპროექტი შეტანილია პარლამენტის 17 და 18 ნოემბრის სხდომების დღის წესრიგში.
კანონის ამოქმედების შემდეგ, ორგანიზაციებს ახალი მოთხოვნების შესაბამისად წესდებების შესაცვლელად და ხელახალი რეგისტრაციის განაცხადის წარსადგენად მხოლოდ 30 დღე ექნებათ.
იმ ორგანიზაციებს, რომლებიც განაცხადს არ შეიტანენ, ან რეგისტრაციაზე უარს მიიღებენ, საქმიანობა შეუჩერდებათ. ამის შემდეგ სასამართლოში მათი ლიკვიდაციის მოთხოვნით სარჩელი შევა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არაერთხელ გამკაცრდა.
რა შეიცვლება ორგანიზაციებისთვის ხელახალი რეგისტრაციის შედეგად და ვინ გადაწყვეტს მათ მომავალს?
რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
ხელახალი რეგისტრაცია. კანონში ცვლილებების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს 30 დღის განმავლობაში მოუწევთ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთვის მიმართვა.
უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ფილიალებს, რომლებსაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოეწურათ ან ასეთი ხელშეკრულება საერთოდ არ აქვთ, იმავე ვადაში ახალი ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედის გახანგრძლივება მოუწევთ.
ახალი მოთხოვნები წესდებების მიმართ. ორგანიზაციების წესდებებში უნდა განისაზღვროს შიდა ფინანსური კონტროლის წესები, საკონტროლო ორგანოები და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შემცირების ზომები.
გარდა ამისა, განისაზღვრება არასამთავრობო ორგანიზაციების სახეები და თითოეული ორგანიზაცია მხოლოდ ერთ კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნებოდეს.
ფონდების საწესდებო კაპიტალის ათჯერ გაზრდა. ამჟამად ფონდის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 10 ათასი მანათია (დაახლოებით 5 882 დოლარი). კანონპროექტი მის 100 ათას მანათამდე (დაახლოებით 58 820 დოლარამდე) გაზრდას ითვალისწინებს.
საქმიანობის შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ეს კანონპროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მოქმედი კანონმდებლობით, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ახალი წესების თანახმად კი, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს შეეძლება ორგანიზაციის საქმიანობა სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, ერთი წლით შეაჩეროს.
ამის საფუძველი შეიძლება გახდეს:
- ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა;
- კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნების დაუცველობა;
- ორგანიზაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან სამი თვის განმავლობაში სახელმწიფო რეესტრში ცვლილებების შეუტანლობა;
- უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლა.
ლიკვიდაციის ახალი საფუძვლები. ამჟამად სასამართლოს შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ძირითადად იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ ორგანიზაციას ერთი წლის განმავლობაში ორზე მეტი წერილობითი გაფრთხილება აქვს მიღებული.
კანონპროექტი ლიკვიდაციის საფუძვლების ჩამონათვალს აფართოებს. მათ შორის იქნება „კანონით დაცული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა“, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში საერთო კრების არჩატარება, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქმიანობის არქონა და წესდებით განსაზღვრულ მიზნებთან შეუსაბამო საქმიანობა.
ვინ განსაზღვრავს, რა ჩაითვლება „გამჭვირვალობად“ და „საფრთხედ“?
კანონპროექტში გამოყენებულია ფართო და ზოგადი ფორმულირებები, როგორიცაა „საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა“ და „სახელმწიფოს ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა“.
ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ეს გარემოებები.
თუ კანონპროექტი დამტკიცდება, გადაწყვეტილებებს, რომლებსაც აქამდე სასამართლო იღებდა, დამოუკიდებლად მიიღებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის კონტროლზეა პასუხისმგებელი.
იურისტმა ნარმინ აჰმედლიმ გაზეთ „მუსავათთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 30 დღე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საკმარისი არ იქნება. მისი თქმით, წესდებაში ცვლილებების შესატანად შიდა ფინანსური კონტროლის წესების შემუშავებაა საჭირო, რასაც დრო სჭირდება.
იურისტმა ბახტიარ ჰაჯიევმა, თავის მხრივ, შეახსენა, რომ ეს მოთხოვნა შეეხება ყველა საზოგადოებრივ გაერთიანებასა და ფონდს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე არიან რეგისტრირებული.
საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 100 ათას მანათამდე გაზრდა მნიშვნელოვნად გაართულებს მცირე ინიციატივებისთვის ფონდად რეგისტრაციას. შედარებისთვის, ეს თანხა ქვეყანაში საშუალო თვიურ ხელფასს დაახლოებით 85-ჯერ აღემატება.
კანონმდებლობის გამკაცრების წინა შემთხვევები
ეს აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების პირველი შემთხვევა არ არის.
2014 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაახლოებით 50 საკანონმდებლო ცვლილებას მოაწერა ხელი. ცვლილებები კრძალავდა დაურეგისტრირებელი საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე საბანკო ოპერაციების განხორციელებას, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალების ხელმძღვანელებად აზერბაიჯანის მოქალაქეების დანიშვნას მოითხოვდა და ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებდა.
მაშინდელმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის თავმჯდომარემ, გუბად იბადოღლუმ, განაცხადა, რომ ეს ცვლილებები სერიოზულად შეზღუდავდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატებმაც.
2025 წლის ივლისში დაწესდა ახალი მოთხოვნები უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული მომსახურების ხელშეკრულებების რეგისტრაციისთვის და განისაზღვრა დამატებითი ჯარიმები.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 2024 წლის ანგარიშში აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაეხედა.
„გრანტების საქმის“ ფონზე
კანონპროექტის განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ფონზე მიმდინარეობს.
2025 წლის თებერვალში გენერალურმა პროკურატურამ განაახლა ე.წ. „გრანტების საქმეზე“ გამოძიება, რომელიც 2014 წელს დაიწყო და 2022 წელს შეჩერდა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ინფორმაციით, მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 50 წარმომადგენელი მოწმის ან ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხეს.
განჯის რეგიონული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს, ასეფ აჰმედოვს, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ინიციატივა „სოციალური მუშაობის ასოციაცია Ubuntu“-ს ხელმძღვანელს, ზამინ ზაკიევს – შვიდი წლითა და სამი თვით პატიმრობა.
პროკურატურამ სამოქალაქო უფლებების ინსტიტუტის ხელმძღვანელისთვის, ბაშირ სულეიმანლისთვის, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
მის საქმეზე სასამართლო სხდომა 19 ნოემბრისთვის არის დანიშნული. ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიმუშავა კანონპროექტი და აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი ორგანო იქნება პასუხისმგებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელახალ რეგისტრაციაზე. ოფიციალურ უწყებებს არც შემოთავაზებული ცვლილებების მიზნები განუმარტავთ.
არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია