საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში, პატრიარქ კირილეს იუბილეზე ჩავიდა
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
დელეგაციაში არიან საქართველოს საპატრიარქოს ქორეპისკოპოსი, სინოდის სამი წევრი და პროტოპრესვიტერი. თავად კათოლიკოს-პატრიარქი შიო III მოსკოვში არ გამგზავრებულა.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გუშინ, 19 ნოემბერს ჩავიდა. მასში შედიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
დელეგაციას თან ახლავს საქართველოში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი.
რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ცნობით, ქართველ სასულიერო პირებს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ვინ არის პატრიარქი კირილე
კირილე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების მხარდამჭერია და საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს.
2022 წლის სექტემბერში, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, კირილემ ქადაგებისას განაცხადა, რომ სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა მსხვერპლი მათ ცოდვებს ჩამორეცხავდა. მისი ეს განცხადება ფართო კრიტიკის საგანი გახდა.
უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო კირილეს სანქციები დაუწესეს უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ლიეტუვამ და ჩეხეთმა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილეს, 20 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებების მთავარი ნაწილი მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში გაიმართა. საზეიმო ლიტურგიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები და წარმომადგენლები.
მოსკოვში ჩავიდნენ ანტიოქიის პატრიარქი იოანე X, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III, სერბეთის პატრიარქი პორფირე და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი. ასევე, ბულგარეთის, ალბანეთისა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები.
კონტექსტი
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. თუმცა, ორ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კავშირი შენარჩუნებულია.
ბოლო თვეებში ორ საპატრიარქოს შორის ოფიციალური კონტაქტები გააქტიურდა. 2026 წლის 30 სექტემბერს შიო III-მ თბილისში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა. ეს იყო ორი ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა შიო III-ის აღსაყდრების შემდეგ.
რუსეთის დელეგაციას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ამ ტერიტორიებზე მსახურებას ვერ ახერხებს, ხოლო დევნილებს წინაპრების საფლავების მონახულების შესაძლებლობა არ აქვთ.
ჯაღმაიძის განცხადებით, რუსულ მხარესთან ასევე მიმდინარეობდა მოლაპარაკება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში