ანტიანექსიური პლატფორმა: მინსკში გამართული შეხვედრა ჟენევის ფორმატის შესუსტების საფრთხეს ქმნის
მინსკის შეხვედრა
ანტიანექსიური პლატფორმა საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ.
პლატფორმის შეფასებით, 19 ნოემბრის შეხვედრა რუსეთთან დიალოგის მანამდე არსებული არაფორმალური ფორმატის გაგრძელება კი არა, ახალი, მაღალი დონის პირდაპირი პოლიტიკური არხის შექმნაა, რომელიც შესაძლოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შესუსტებას ემსახურებოდეს.
რა წერია პლატფორმის განცხადებაში
პლატფორმის განცხადებით, შეხვედრა ოფიციალურ გარემოში, სახელმწიფო დროშების ფონზე გაიმართა.
რუსეთის მხარემ მას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის ოფიციალური კონტაქტის სახე მისცა, რასაც, პლატფორმის შეფასებით, ქართულ მხარეს პროტესტი არ გამოუხატავს.
„ჩნდება კითხვა: ხომ არ ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ნიადაგის მომზადება ისე, რომ დეოკუპაცია წინაპირობად აღარ უნდა განიხილებოდეს?“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ანტიანექსიური პლატფორმა“ არის 2026 წლის 27 აგვისტოს საქართველოში დაფუძნებული მოქალაქეთა ზეპარტიული გაერთიანება. მისი მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა.
პლატფორმის დამფუძნებლები არიან პოლიტიკოსები, ყოფილი სამხედროები, დიპლომატები, უსაფრთხოების ექსპერტები და ჟურნალისტები
ანტიანექსიური პლატფორმა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შეხვედრის ადგილსა და განხილულ საკითხებზე.
მისი შეფასებით, მინსკის არჩევა შემთხვევითი არ არის: რუსეთი ჯერ კიდევ 2024 წელს ღიად საუბრობდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის სურვილზე.
პლატფორმის აზრით, ახლა ჩნდება საფრთხე, რომ მინსკში ჟენევის ფორმატის პარალელური პოლიტიკური არხი ჩამოყალიბდეს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატია, სადაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მონაწილეობენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის პასუხისმგებლობა, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილება.
პლატფორმის შეფასებით, ამ საკითხების რუსეთთან ორმხრივ ფორმატში გადატანა საერთაშორისო ჩართულობასა და საქართველოს მოლაპარაკების პოზიციებს ასუსტებს.
გუშინ, პროსამთავრობო არხის, “იმედის” საღამოს ეთერში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ “რუსეთთან დიალოგში არაფერი არ არის საშიში“.
„ზოგადად, ბოლო წლებში ჩვენს რუსეთთან ურთიერთობებს თუ დამოკიდებულებას როცა ეხება საქმე, უნდათ, დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები. საუბრის და დიალოგის გარეშე, – თუკი ვსაუბრობთ რაღაც პრობლემების გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, – ამის მოგვარება არის შეუძლებელი“, – განაცხადა მან.
ანტიანექსიურ პლატფორმაში აცხადებენ, რომ ბოჭორიშვილის გუშინდელი განცხადება საუბრის შიშსზე, პრობლემის არსს გვერდს უვლის:
“საქართველოს საზოგადოებას დიალოგის არ ეშინია. მთავარი კითხვაა, რა პირობებით მიმდინარეობს ეს დიალოგი, რა დღის წესრიგით და ვისი ინტერესების გათვალისწინებით“
ანტიანექსიური პლატფორმა ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვს შემდეგ კითხვებზე:
- რატომ დათანხმდა ქართული მხარე რუსეთს შეხვედრის მინსკში გამართვას?
- რატომ არ იმუშავა რუსეთთან ახალ ფორმატში შეხვედრის არა მინსკში, არამედ ჟენევაში ჩატარების შესაძლებლობაზე?
- რას მოიცავს რუსეთის მიერ ნახსენები “პრაქტიკული შეთანხმებები”?
- როგორ გაიმიჯნება ეს ახალი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისგან?
- რა გარანტია არსებობს, რომ ეს პროცესი არ ემსახურება ჟენევის ფორმატის შესუსტებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზებას?
შეხვედრა და მისი პოლიტიკური კონტექსტი
გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზინს 19 ნოემბერს, მინსკში შეხვდა.
საქართველოს მთავრობისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა განიხილეს.
ორივე მხარემ განაცხადა, რომ გარკვეულ პრაქტიკულ შეთანხმებებს მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებების კონკრეტული შინაარსი არ გაუმჟღავნებიათ.
ეს ზურაბაშვილის დანიშვნის შემდეგ პირველი ასეთი შეხვედრა იყო.
მისი მანდატი მოიცავს არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს, არამედ რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხსაც.
მანამდე, 2012 წლიდან, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატით მიმდინარეობდა. შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა და სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა.
ახალი ფორმატის, შეხვედრის ადგილისა და ზურაბაშვილის გაფართოებული მანდატის გამო თბილისში კრიტიკა გამოითქვა.
ყოფილმა დიპლომატებმა და ექსპერტებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს შესაძლოა რუსეთთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს.
მინსკის შეხვედრა