"ბირთვული ომი არ იქნება". კიდევ რა წერია ჩინეთის, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაში
პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მშვიდობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.
დოკუმენტის ტექსტი, სამიტის დასრულების შემდეგ, რუსეთმა და ჩინეთმა გამოაქვეყნეს. ვაშინგტონს დოკუმენტის ტექსტი ჯერ ოფიციალურად არ გაუვრცელებია.
ეს სამი ქვეყნის მოქმედი ლიდერების პირველი ოფიციალური სამმხრივი შეხვედრა იყო. სამიტი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორი ჩინეთი იყო, რომელსაც რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს.
რას ეხება დოკუმენტი
დეკლარაციის შესავალში ნათქვამია, რომ სამმა ლიდერმა საერთაშორისო ვითარება განიხილა და დაადასტურა ერთგულება სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართ.
დოკუმენტი ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება. “სამშვიდობო დეკლარაცია” ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას, ენერგეტიკისა და ბირთვული რისკების შემცირების საკითხებს ეხება.
დოკუმენტში საუბარია გაეროს რეფორმირებაზე, ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდაზე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს უფლებამოსილებებსა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციაზე.
დეკლარაცია არ შეიცავს კონკრეტულ შეთანხმებას უკრაინის ომის ან სხვა რეგიონული კონფლიქტების დასრულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ეს თემა განიხილებოდა.
- გაეროს რეფორმა და საერთაშორისო უსაფრთხოება
დეკლარაციის პირველი პუნქტი გაეროს რეფორმირებას ეხება. რუსეთი, ჩინეთი და აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. მათი განცხადებით, ორგანიზაციას უნდა შეეძლოს გლობალურ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი მისიის შესრულება.
სამივე ქვეყანა გაეროს რეფორმირებისადმი მზადყოფნას გამოხატავს, თუმცა დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რა ცვლილებებს უჭერენ მხარს ლიდერები ან როგორ უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა.
- ენერგეტიკული თანამშრომლობა
მეორე პუნქტი ენერგეტიკულ საკითხებს ეხება. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ გეგმავს ნავთობგადამუშავების პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ. ლიდერები ასევე ადასტურებენ ენერგომომარაგების სტაბილურობის მნიშვნელობას.
დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომელ ქვეყნებს ან ბაზრებს შეეხება თანამშრომლობა, რა მოცულობის ზრდაზეა საუბარი ან რა ვადებში უნდა განხორციელდეს ეს გეგმა.
შესაბამისად, დოკუმენტი ამ ეტაპზე ენერგეტიკული თანამშრომლობის ზოგად განზრახვას აფიქსირებს და არა კონკრეტულ კომერციულ შეთანხმებას.
- საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და სახელმწიფო მოხელეების იმუნიტეტი
დეკლარაციის მესამე პუნქტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) საქმიანობასა და სახელმწიფო მოხელეების იმუნიტეტს ეხება.
სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთა თანხმობის პრინციპისა და სახელმწიფოების ოფიციალური პირების იმუნიტეტის დაცვას.
მათი პოზიციით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ და სხვა მსგავსმა სტრუქტურებმა საკუთარი უფლებამოსილებები ბოროტად არ უნდა გამოიყენონ.
- ბირთვული ომის საფრთხე
მეოთხე პუნქტი ბირთვული უსაფრთხოების საკითხს ეთმობა.
სამივე ქვეყნის ლიდერები ადასტურებენ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება, ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთი, ჩინეთი და აშშ გააგრძელებენ დიალოგს ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის მიზნით.
ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი ქვეყნისთვის, რადგან სამივე ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფოა და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში განსაკუთრებული როლი აქვს.
თუმცა დეკლარაციაში არ არის განსაზღვრული ახალი შეიარაღების კონტროლის მექანიზმები, ბირთვული არსენალის შემცირების ვალდებულებები ან მოლაპარაკებების კონკრეტული გრაფიკი.
რატომ იყო შენჟენის შეხვედრა მნიშვნელოვანი
შეხვედრა 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართა.
APEC აერთიანებს 21 ეკონომიკას, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიასა და კანადას. ორგანიზაციის მიზანია რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.
2026 წელს APEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა ჩინეთია. ეს ქვეყანა ფორუმს 12 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობს.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა „აზია-წყნარი ოკეანის თანამეგობრობა საერთო კეთილდღეობისთვის“. ოფიციალურ დღის წესრიგში შედის – ეკონომიკური თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ეკონომიკა.
თუმცა, წლევანდელი შეხვედრის ყურადღების ცენტრში ეკონომიკური საკითხების გარდა, დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებებიც მოექცა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა – სამი ქვეყნის ლიდერების პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები ამ ფორმატში.
შეხვედრას წინ უძღოდა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირება. მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ტარიფების, ტექნოლოგიებისა და ექსპორტის შეზღუდვების საკითხებზე უთანხმოება კვლავ გრძელდება.
ნოემბრის დასაწყისში მხარეებმა სავაჭრო ზავი 2027 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივეს, თუმცა უფრო ფართო ეკონომიკური შეთანხმების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია.
ჩინეთისთვის სამიტი შესაძლებლობა იყო, წარმოეჩინა თავი არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში გავლენიან დიპლომატიურ ცენტრადაც.
რუსეთისთვის პუტინის მონაწილეობას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან ერთსა და იმავე ფორმატში მონაწილეობა კრემლისთვის საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სტატუსის დემონსტრირების შესაძლებლობა იყო.
სამივე ლიდერი შეხვედრაზე განსხვავებული პრიორიტეტებით მივიდა.
ტრამპმა მთავარ საკითხად ბირთვული იარაღის შემცირება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დაასახელა.
კრემლმა ყურადღება უკრაინის ომზე გაამახვილა, პუტინმა კი განაცხადა, რომ სამ ქვეყანას რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში საერთო ინტერესები აქვს.
ჩინეთის ოფიციალური პოზიცია უფრო ზოგადი იყო – პეკინი საუბრობდა მსოფლიო მშვიდობის დაცვასა და დიდ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნებაზე.
შეხვედრამდე ტრამპმა ცალკე გამართა მოლაპარაკებები ჯერ სი ძინპინთან, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინთან. ამ ორმხრივ შეხვედრებზე ლიდერებმა სავაჭრო ურთიერთობები და უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.
სამმხრივი მოლაპარაკებები კი შენჟენში, კილინ ვილაში გაიმართა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ სამივე ქვეყანა, როგორც მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფოები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ატარებს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. პ
უტინმა აღნიშნა, რომ მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, მათ შორის უკრაინის ომისა და სხვა კონფლიქტების მოგვარების საკითხში. სი ძინპინმა კი ბირთვული ომის თავიდან აცილების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
პუტინის ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა