ზურაბაშვილი და გალუზინი მინსკში შეხვდნენ. როგორ აღიქვეს ეს შეხვედრა თბილისში - შეფასებები
ზურაბაშვილისა და გალუზინის შეხვედრა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს, მინსკში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში, რუსეთის მხარე შეხვედრას რუსეთ-საქართველოს შორის „განახლებული პირდაპირი დიალოგის“ ნაწილად მოიხსენიებს.
საქართველოს მთავრობამ კი მოკლე განცხადებაში თქვა, რომ მხარეებმა “რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს“.
- მოსკოვი თბილისთან დიალოგის აღდგენაზე საუბრობს: ზურაბაშვილთან დიალოგს გალუზინი გაუძღვება
- თბილისს რუსეთთან ურთიერთობის ახალი სპეცწარმომადგენელი ჰყავს. რას ნიშნავს ეს
- “ვისურვებდი, მეთქვა საელჩო” – რუსეთი საქართველოსთან დაახლოების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს
გიორგი ზურაბაშვილის ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, ეს პირველი ასეთი შეხვედრა იყო. თბილისში ამ შეხვედრას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ყოფილი დიპლომატები და ექსპერტებიამ შეხვედრას აღიქვამენ, როგორც რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენას.
რა ვიცით შეხვედრის შინაარსის შესახებ და რა გამოხმაურებებია თბილისში
რა წერია ოფიციალურ განცხადებებში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ძალიან მოკლე, სულ რამდენიმე აბზაციან განცხადებაში, პირველივე აბზაცში ნათქვამია, რომ “შეხვედრა რუსეთსა და საქართველოს შორის განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა”.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მოსკოვის განცხადებით, მათ „რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას“ მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. თუმცა, რას ეხება ეს შეთანხმებები, რუსეთის უწყებას არ დაუკონკრეტებია.
საქართველოს მთავრობის განცხადება, ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა. ის შინაარსით თითქმის იდენტურია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გავრცელებული განცხადებისა.
ოფიციალური თბილისის ცნობით, ზურაბაშვილმა და გალუზინმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები და ამ სფეროებში არსებული გამოწვევები განიხილეს.
„ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობის ცნობით, საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოებასაც.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს“, – წერია განცხადებაში.
ორივე ქვეყნის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ბელარუსული მხარის მიმართ რუსეთ-საქართველოს შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული ხელშეწყობისთვის.
ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ კონტაქტები რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.
რა იყო ახალი ამ შეხვედრაში – ფორმატი, ადგილი, გაფართოებული მანდატი
გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად 2026 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა. ამასთან, ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაც შეინარჩუნა.
მისი დანიშვნისას კობახიძემ განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენლის ამოცანა არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები, არამედ რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც იქნებოდა.
მანამდე რუსეთთან პირდაპირი არაფორმალური დიალოგის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები იყო.
2012 წლიდან რუსეთთან ამ საკითხებზე მოლაპარაკებები ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატით მიმდინარეობდა. ქართულ მხარეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რუსეთის მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი წარმოადგენდნენ. შეხვედრები, ძირითადად, პრაღაში იმართებოდა.
ამ ფორმატის პარალელურად, 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები – ერთადერთი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელშიც საქართველო და რუსეთი ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ. ჟენევის დისკუსიები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ეხება.
რუსეთი წლების განმავლობაში ითხოვდა ჟენევის მოლაპარაკებების მინსკში გადატანას. შეხვედრის ადგილად სწორედ მინსკის არჩევა ახლა დამატებით კითხვებს აჩენს, რადგან აქამდე კარასინი-აბაშიძის შეხვედრები პრაღაში იმართებოდა.
“შეხვედრების პრაღიდან მინსკში გადატანაზე დათანხმება დიპლომატიური შეცდომაა” – გამოხმაურებები თბილისში
რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი, შეხვედრის ადგილი და ზურაბაშვილის მანდატის შესაძლო გაფართოება, თბილისში კრიტიკის საგანი გახდა.
ექსპერტებისა და ყოფილი დიპლომატების განცხადებაში ორი მთავარი აქცენტია. პირველი – მათი შეფასებით, ბელარუსის რუსეთთან კავშირების გამო, მინსკის არჩევა შეხვედრების ადგილად მხოლოდ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებად ვერ ჩაითვლება.
და, მეორე – ზურაბიშვილის მანდატის გაფართოება სამშვიდობო საკითხებზე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად უნდა მივიჩნიოდ.
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებაში“ მიიჩნევენ, რომ მომხდარი საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა:
“საერთაშორისო მედიატორების გარეშე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რუსეთის მოკავშირე-სახელმწიფოს დედაქალაქში გამართვა მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არაა. ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მისაღებ ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას ნიშნავს”.
დიპლომატების შეფასებით, “ქართული ოცნების“ დიალოგი რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის ნაცვლად, რუსეთის პირობებით ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება.
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ შეხვედრების პრაღიდან მინსკში გადატანაზე დათანხმება დიპლომატიური შეცდომაა.
მისივე შეფასებით, გაუგებარია, ვინ და რა ფორმით გადაწყვიტა მოლაპარაკებების მანდატის გაფართოება. ყოფილი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამგვარი ცვლილების შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ ახალი ფორმატი შესაძლოა რუსეთთან ინსტიტუციურ-დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს.
მისი შეფასებით, ახალი მანდატი ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას ამცირებს, რადგან ამ ფორმატში საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის წარმოდგენილი, მინსკში გამართული შეხვედრა კი ორმხრივი დიალოგის ფორმატია.
შაიშმელაშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადებას აჩვენებს.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მინსკში გამართული შეხვედრა შესაძლოა დროებითი ეტაპი იყოს და არ არის გამორიცხული, რომ გიორგი ზურაბაშვილი მომავალში მოსკოვშიც ჩავიდეს:
“მინსკი არის დროებითი ადგილი, სადაც შეხვედრები გაიმართება. საბოლოო ჯამში გადაინაცვლებს მოსკოვში, თუ ასე გაგრძელდა და „ქართულმა ოცნებამ“ არ შეცვალა პოლიტიკური ვექტორი. დღეს ჟენევის ფორმატზე ხელისუფლების ლაპარაკი არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული მანევრი. მათ უნდათ, რომ ნაკლები ილაპარაკოს ქართულმა საზოგადოებამ იმაზე, რომ ვექტორი შეიცვალა. დღეს უკვე გეოგრაფიულადაც კი ჩანს, რომ საგარეო ვექტორი ჩრდილოეთისკენ გადაიხარა”.
ძაბირაძე ასევე მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი პრაქტიკულად, უკვე გაუქმებულია.
ზურაბაშვილისა და გალუზინის შეხვედრა