"არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე". დაკავებამდე სააკაშვილმა ვიდეოს ჩაწერა მოასწრო
დაკავებამდე მიხეილ სააკაშვილმა მოასწრო 28 წამიანი ვიდეოს ჩაწერა, სადაც ის ამბობს, რომ მალე დააკავებენ.
“დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და სამში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე ვარ მტკიცედ. იმისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ, მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ” .
სააკაშვილი უკვე გადაყვანილია რუსთავის ციხეში. მისი დაკავებიდან რამდენიმე წუთში რუსთავის ციხეში მასთან შესახვედრად გაემგზავრა სახალხო დამცველი.
კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დააკავეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. როგორც ტელეკომპანია “მთვარის” დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, დაკავების დროს იგი, სავარაუდოდ, იყო მარტო.
გარდა ამ ვიდეოსი, კიდევ გავრცელდა აუდიო ფაილი, სადაც სააკაშვილი ამბობს:
“მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს”.
● ჩამოვა – არ ჩამოვა. რას ფიქრობენ საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე და რა იქნება შემდეგ?
● რეფერენდუმი, კოკაინი და სისხლიანი ბანერები. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტი.
ერთ-ერთ საქმეზე მას 6 წლით აღკვეთილი თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, როგორც კი ექსპრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდოდა, იგი უნდა დაეკავებინათ.