"ტორტი საქართველოს გარეშე ნაწილდება" - როგორ შეიძლება ქვეყანა ახალ სატრანზიტო რუკაზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მოსაზრება
პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პირდაპირი პოლიტიკური კომუნიკაციის ახალი არხი შექმნას, რაც შესაძლოა არსებული მოლაპარაკებების ფორმატების შესუსტების წინაპირობად იქცეს.
რუსეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი უკვე დაამყარა – მისი რუსი ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი იქნება. მოსკოვის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების ძირითადი თემები სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის ზრდა, სატრანსპორტო კავშირების გაფართოება და კულტურული გაცვლები იქნება.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში მოქცევა სახიფათო გადაწყვეტილებაა. მისი აზრით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დამოუკიდებელი ფიგურა უნდა იყოს და არა საგარეო უწყების მოქმედი მაღალჩინოსანი.
“საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ ინარჩუნებენ. ამასთან, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირება ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმატს მოითხოვს. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე შეიქმნა კარასინ-აბაშიძის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს ხვდებოდა”, – ამბობს ანალიტიკოსი.
ზაქარეიშვილის შეფასებით, ამ ფორმატის არსებითი მნიშვნელობა ის იყო, რომ რუსეთთან პრაქტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებები კონფლიქტების თემატიკისგან გამიჯნული რჩებოდა, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეეძლო.
„რუსეთი მუდმივად ამბობს, რომ საჭიროა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს ხელისუფლება ამაზე ხმას არ იღებს. ამ ფონზე უცბად გადაიდგა ნაბიჯი რუსეთის სასარგებლოდ, რადგან რუსეთს სჭირდება, ფეხი შემოყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მინისტრის პირველ მოადგილეს ელაპარაკებოდეს“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო შესუსტება. ამ მოლაპარაკებებში, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა, საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირი და ეუთო მონაწილეობენ. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ახალი ნაბიჯები შესაძლოა დროთა განმავლობაში პირდაპირი ორმხრივი კონტაქტების სასარგებლოდ საერთაშორისო ფორმატის მნიშვნელობის შემცირებას ემსახურებოდეს.
ანალიტიკოსის აზრით, ამ პროცესში სიმბოლური დატვირთვა აქვს ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლის, ლაშა დარსალიას ცვლილებასაც. ზაქარეიშვილის შეფასებით, დარსალია მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციას მკაფიოდ გამოხატავდა და რუსეთის ქმედებების შეფასებისას ტერმინ „ოკუპაციას“ აქტიურად იყენებდა.
„დადგება დრო და დაიწყება ახალი სიმღერა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან ისედაც მუშაობს და რად გვინდა ეს ჟენევა?! პირველ რიგში, ჟენევის ფორმატის შესუსტება უნდათ, რომელიც თვალსა და ხელს შუა სუსტდება“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
მისი შეფასებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმასაც, თუ სად გაიმართება გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა. მოსკოვში შეხვედრას იგი კატასტროფულ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ეს რუსეთისთვის პროცესზე კონტროლის სიმბოლური დემონსტრირების შესაძლებლობა იქნება.
ზაქარეიშვილის აზრით, შეხვედრის ყველაზე ლოგიკური ადგილი პრაღაა, სადაც წლების განმავლობაში კარასინი და აბაშიძე ხვდებოდნენ ერთმანეთს.
„რუსეთს წარმატებული სიმბოლოები სჭირდება. თუ შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, ამის მესიჯი იქნება ის, რომ პროცესს რუსეთი მართავს. ამის გაკეთება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, – აცხადებს ანალიტიკოსი.
ზაქარეიშვილი საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების ახალ მიდგომას ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებასაც უკავშირებს. მისი შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკა თანდათან შორდება ევროკავშირსა და ნატოს, თუმცა ამავე დროს ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობები ისეთი ფორმით წარმართოს, რომ მოსკოვთან პირდაპირი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ოფიციალური ვალდებულებები არ აიღოს.
ანალიტიკოსი ამ კონტექსტში კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაძლო გაუქმებასაც განიხილავს. აღნიშნული მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმართულ სახელმწიფო ორგანოთა ვალდებულებას განსაზღვრავს.
ზაქარეიშვილის მოსაზრებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივა და ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების სურვილი უფრო ფართო პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომლის შედეგადაც შესაძლოა ქვეყანაში დასავლური ინტეგრაციის იდეის ინსტიტუციური საფუძვლები დასუსტდეს.

„არა ივანიშვილია რუსეთის პროექტი, არამედ რუსეთია ივანიშვილის პროექტი, თუმცა ეს ამ წუთში რუსეთს აწყობს. ახლა რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია და საქართველოზე მუშაობს არა რუსეთი, არამედ ივანიშვილი მუშაობს რუსეთზე“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი შეფასებით, ხელისუფლების გზავნილი მოსკოვისადმი ასეთია: საქართველო აღარ აპირებს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით სვლას, თუმცა არც რუსეთის მიერ შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებებში გაწევრიანებას გეგმავს. ამგვარი მიდგომით ხელისუფლება, ზაქარეიშვილის აზრით, ცდილობს, ერთდროულად შეინარჩუნოს პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობა და თავიდან აიცილოს საზოგადოებაში რუსეთისკენ ღია შემობრუნებით გამოწვეული უკმაყოფილება.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის დასრულების დროისთვის, საქართველოში შესაძლოა მნიშვნელოვნად დასუსტებული აღმოჩნდეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეა, ხოლო პოლიტიკური სივრცე ნეიტრალიტეტის მომხრე ჯგუფებმა დაიკავონ.
ბრიუსელისგან დისტანცირება და საქართველოს სატრანზიტო როლის შემცირების საფრთხე
ზაქარეიშვილის კრიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს არმონაწილეობაა ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში, რომელიც უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს ეძღვნებოდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. საქართველოს არყოფნას ზაქარეიშვილი არა მხოლოდ დიპლომატიურ შეცდომად, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის მნიშვნელოვან დანაკარგად აფასებს.
მისი თქმით, დაკავშირებადობის მინისტერიალი ევროკავშირში გაფართოების საკითხს არ ეხებოდა. მთავარი თემა რეგიონის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ეკონომიკური კავშირების განვითარება იყო, რომელშიც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდა. ევროკომისიის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები იმ ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად განესაზღვრა.
ზაქარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტები მუდმივად იცვლება, ხოლო ქვეყანა, რომელიც შესაბამის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, საბოლოოდ შესაძლოა საკუთარი გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობასაც კარგავდეს.
„თუ საქართველო არ მონაწილეობს, იქ შენს ნაცვლად სხვა მონაწილეობს და სხვა ინაწილებს! თუ წვეულებაზე არ მიხვალ, ამით წვეულება არ ჩაიშლება და ტორტის ნაჭერს, რაც შენს უნდა გეჭამა, შეჭამს სხვა“, – აცხადებს იგი.
ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებოა სომხეთის გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, მათ შორის ე.წ. „ტრამპის მარშრუტი“, რომელიც სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო გეოგრაფიას შესაძლოა მნიშვნელოვნად ცვლიდეს.
ზაქარეიშვილი შიშობს, რომ თუ საქართველო რეგიონულ დაკავშირებადობის პროექტებში აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებს, საერთაშორისო ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა საქართველოს გვერდის ავლით გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ უპირატესობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში შავი ზღვის პორტები, რკინიგზა, მილსადენები და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი ქმნიდა.
ანალიტიკოსს ისტორიული პარალელი მოჰყავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენთან. მისი თქმით, სომხეთის მაშინდელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად ეს პროექტები საქართველოს გავლით განხორციელდა, თუმცა დღეს ვითარება შესაძლოა შეიცვალოს: რეგიონში ახალი მარშრუტების განვითარებამ სომხეთს საქართველოს გვერდის ავლით სატრანზიტო ფუნქციის მიღების შესაძლებლობა მისცეს.
ზაქარეიშვილის შეფასებით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის როლი. ახალი მარშრუტების განვითარება და სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილება შესაძლოა თურქეთის პორტებისა და ხმელთაშუა ზღვის მიმართულების მნიშვნელობასაც ზრდიდეს, რაც საქართველოს შავი ზღვის პორტების კონკურენტულ მდგომარეობაზე აისახება.
„ვიდრე არსებობს მილები, პორტები და საქართველოს შანსი, სადმე მიიღოს მონაწილეობა და რომელიღაც კარში მაინც ჩადგას ფეხი და ტორტი თუ არა, სკამი მაინც ერგოს, კეთილი უნდა ინებონ და მონაწილეობა მიიღონ. სხვა შემთხვევაში პროცესები საქართველოს გარეშე წავა!“ – აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი აზრით, ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვის არგუმენტით საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობაზე უარის თქმა რეალურად შესაძლოა საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანების მიზეზი გახდეს.
“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ფორმალურ რეალობად იქცევა“
ზაქარეიშვილი საქართველოს ბრიუსელიდან დისტანცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებას ასახელებს.
2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება და ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკის გაძლიერება.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულების ნაცვლად პოლიტიკური დაპირისპირების გზა აირჩია. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი თავისთავად არ ნიშნავს გაწევრიანების პროცესში წინსვლას და ქვეყანას კონკრეტული ვალდებულებების შესრულება სჭირდება.
ანალიტიკოსი მაგალითად ასახელებს უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შესაბამისი რეფორმების განხორციელებას აგრძელებენ.
„ევროკავშირს არ დაუწერია განცხადება, საქართველოში მინდა შესვლაო. საქართველომ დაწერა, რომ სურს ევროკავშირში შესვლა. მშვენიერია, როცა გინდა ევროკავშირში შესვლა, მაგრამ უნდა ნახო, როგორია ევროკავშირის სტანდარტები, ეკონომიკა, ურთიერთობები. ევროკავშირის პირობებს შორის არის სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ბევრი ისეთი რამ, რაც „ქართულ ოცნებას“ არ სიამოვნებს“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის პოლიტიკური ყურადღების შემცირება მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებით არ შემოიფარგლება. ქვეყანა შესაძლოა თანდათან გამოეთიშოს იმ რეგიონულ პროცესებსაც, რომლებშიც მისი გეოგრაფიული მდებარეობა და სატრანზიტო პოტენციალი მანამდე მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნიდა.
ანალიტიკოსი აფრთხილებს: საქართველოს საერთაშორისო როლი მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით არ განისაზღვრება – სატრანზიტო დერეფნის ნაწილი შეიძლება იყო რუკაზე, თუმცა რეალური ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მისაღებად აუცილებელია იმ პროცესებში მონაწილეობა, სადაც რეგიონის მომავალი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და უსაფრთხოების არქიტექტურა ყალიბდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს ვითარებაში, როდესაც მის გვერდით ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები იქმნება, თავად კი ამ პროცესების მიღმა რჩება.